» იუმორი| ჩემი იმერეთი
მთავარი ახალი ამბები არჩევნები განათლება

იუმორი

ერთხელ სუფრაზე (რაღაც სხვანაირი იუმორი)

საგულდაგულოდ გაწყობილი სუფრა სტუმრებს ელოდა. დიდი ხნის უნახავი პურ-მარილი ერთმანეთს ესალმებოდა და ამბავს კითხულობდა.

– სად ხარ, სად დაიკარგე, რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, რავა გალამაზებულხარ და დამშვენებულხარ, გოგო. რესტორანში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი! – კუპატთან შეხვედრით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა მეგრული აჯიკა!

– ეჰ, ცუდი დრო დადგა, ცუდი, ადრე ხშირად ვხვდებოდით, ახლა… თუ დღეობა ან ქორწილი არ მოხდა სადმე… ესაა ცხოვრება? – წუწუნებდა კუპატი, რომელსაც წელებისაგან დამზადებული ელასტიკი მჭიდროდ შემოტკვეცოდა ტანზე და მის სექსუალურობას ხაზს უსვამდა.

– ნეტა რამდენის გახდა იუბილარი? – დაინტერესდა კახური ღვინო, რომელსაც სტუმრების მოლოდინში პირზე ბუჟღი მოსდიოდა.

– მე რა ვიცი, მაგ ამბავი ტორტს ეცოდინება! – მხრები აიჩეჩა აჩმამ.

– იუბილარის წლოვანება აგერ მახატია! – უხერხულ, ორაზროვან ნათქვამად გამოუვიდა ტორტს, რომელსაც, შუაგულში, საგანგებოდ შეღებილი კრემით, მართლაც ეწერა 50!

– შენ ხომ არაფერი დაგილევია? – გაწყრა კუჭმაჭი.

– ბევრი არაფერი, ცოტა კონიაკი მაქვს მირტყმული, კრემში! – დაირცხვინა ტორტმა.

– მოდით, სანამ სტუმრები მოვლენ და მუცელში გადაგვიძახებენ, ერთი ჭიქა დავლიოთ! – სიტყვით გამოვიდა კატლეტი, რომელსაც მზარეულის დაუდევრობის გამო ერთი გვერდი დაწვოდა და იქიდან ალმური ასდიოდა!

– გეწვის? – შეეცოდა პიურეს.

– მეწვის, ხოო! – უპასუხა შეწუხებულმა კატლეტმა და მზარეულს შეუკურთხა.

– საწებელით შეიზილე, დაგიამდება! – ანუგეშეს.

– დავლიოთ, დაასხი! – აკივლდა კივი.

დაასხეს… დალიეს და აყაყანდნენ…

– დაწყნარდით, ნუ ხმაურობთ! – ათახთახდა ხაშლამა.

– შენ რაღაც ხასიათზე ვერ უნდა იყო, ცოტა ცხელიც მეჩვენები, რა გჭირს? – დაინტერესდა მარილი და ხაშლამას შუბლზე ხელი დაადო.

– რა ვიცი, ოფლიანობა დამჩემდა, ექიმმა ნიორის ნაკლებობა გაქვს ორგანიზმშიო და სიწყნარე მირჩია.

…კიდევ ერთხელ შეავსეს და დალიეს იუბილარის სადღეგრძელო…

ყველს, აქამდე რომ ჩუმად იყო, სასმელმა გონება აურია. აქაოდა, გასისინებულ ხაჭაპურში ვზივარო, თავისთვის წყნარად მყოფ კეცის მჭადს გაეწელა.

– ნეტა, რას იწელები და იფლაშები, რაც არ უნდა ბოლო მარკის ხაჭაპურში იჯდე, მაინც „სირს“ გეძახიან! – ბოლომდე გაახელა მჭადმა.

ამაზე შემწვარ გოჭს ისე გაეცინა, ბოლოკი კინაღამ პირიდან გადმოუვარდა.

– შენ მართლა ვისზე რას ამბობ, გოუცრელი ფქვილით მოზელილო! – ხელმეორედ გაეწელა ყველი მჭადს და ხელითაც შეეხებოდა, შუაში წიწმატი რომ არ ჩამდგარიყო.

– ასე ჩხუბობენ მუდამ. არადა, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ! – დაასკვნა ბოლოკმა, – მწვადი სად არის ნეტა, რატო არ მობრძანდა ჩვენთან ერთად?

– მაგას ჯერ რა ეჩქარება, ჩვენსავით ხო არ იყურყუტებს, გვიან მობრძანდება, ყველას ყურადღება რო მიიქციოს და ყველა ფეხზე წამოუდგეს! – თავისი მჟავე ხასიათი გამოავლინა ჯონჯოლმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – ისე რას ერჩი, სტუმრების ფავორიტი მაგ არის და იშნობს. აპა, მე რომც არ ვიყო, არავინ მომიკითხავს, ვერც კი შემამჩნევენ!

ბულგარულს უნდოდა რაღაცა ეთქვა, – სავარაუდოდ, – მეც მაგრე ვარო, მარა, ისე ჰქონდა პირი გამოტენილი ბრინჯითა და რაღაც-რუღაცებით, ხმა ვერ ამოიღო, თეფშზე რის ვაივაგლახით გადატრიალდა და გაილურსა.

– მგონი ვიღაცამ გაზი გაუშვა! – ეჭვი გამოთქვა სალათმა და გაზიანი ლიმონათისკენ გაიხედა… იმანაც, დამნაშავესავით თავი დახარა და თავსახურს დაუწყო მოჭერა, კიდევ არ გამეპაროსო! ყაყანმა იმატა…

– დაწყნარდით, რა მეორედ მოსვლა მოაწყვეთ? – გადაირია ნიახური.

– დაწყნარდით მართლა, მოვლენ სადაცაა, სირცხვილია! – საუბარში ჩაერთო ხორცის წვნიანი.

– შენ ჯობია, წესიერად დაჯდომა ისწავლო და თავსახური გადაიფარო, ხორცები გიჩანს, ვერ ხედავ, გადაირიენ ახალგაზრდები ცქერით! – გაცხარდა წიწაკა.

პომიდვრებმა სასწრაფოდ მოარიდეს მზერა ხორციან წვნიანს და სირცხვილით კიდევ უფრო გაწითლდნენ.

– ამ წიწაკას რა მწარე ენა აქვს, შეურცხვა თავი! – სახეზე აჭარხლდა ჭარხალი.

– რა მოგივიდათ, ხალხო, ამდენი ხნის უნახავებს რა გაჩხუბებთ! ა, აგერ, მიბაძეთ ხახვს, წეღან ისეთი ანეგდოტი მოგვიყვა, თვალებიდან სულ ცრემლები გვადენინა სიცილით!

– რაღაც შენი ფერი არ მომწონს, სულ გაგლურჯებია სახე, აგერ, ფელამუშში ჩაიხედე! – მიუთითა თევზს სულგუნმა.

– უიი, რატო ვარ ცოცხალი! – შეიცხადა ცოცხალმა და მოხარშული თვალები მოხარშული თვალებივით აატრიალა.

– ისე, ამ უსირცხვილო დედალს გახედე, რა პოზაშია, აუშვერია ჰაერში ბარკლები, მიდი, გაეარშიყე, უარს არ გეტყვის! – წააქეზა ვინეგრეტმა დატენილი ბადრიჯანი და თვალი ჩაუკრა.

– ვაი შენ რა გითხარი, ნახე რა ყვითელი ფერი აქვს, მაგისი მიკარება და ბოტკინის აკიდება ერთი იქნება, ფუჰ! – გადააფურთხა ბადრიჯანმა და პირიდან ნიგოზი გადმოყარა.

– ნეტა ამის ქმარი რას შოულობს ამდენს, სულ ახალ-ახალ „პლაშში“ რომაა გახვეული, მე კიდე ეს დაფხრეწირი ბადურა ვერ გამომიცვლია! – შეშურდა ტოლმის აფხაზურს.

…კიდევ დიდხანს იყაყანებდნენ საჭმელები, სტუმრები რომ არ გამოჩენილიყვნენ…

ეს ყველაფერი მე საიდან ვიცი?… საიდან ვიცი და იქ ვიყავი…

სტუმრად?.. არა… მჟავე კიტრად!

მამუკა ჭიპაშვილი
წიგნიდან „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“


სასარგებლო ინფორმაცია სტამბულში მოგზაურთათვის დათო ლიკლიკაძისგან

კარგ რჩევას მოგცემთ, თუ არა თქვენმა ზრდილობამ შეიძლება ძალზედ დაგაზარალოთ, – წერს სოციალურ ქსელში სტამბულში მყოფი დათო ლიკლიკაძე.

-კიბეებზე ჩამოვცუნცულდი გეზის პარკიდან პორტისკენ. დავინახე ეს „პატიოსანი“, მშრომელი კაცი, რომელიც თავის ბარგთან ერთად ამ საწმენდ საშუალებებს მოათრევდა ზურგით.

უცებ ფეხსაცმლის საწმენდი „ჩოთქი“ (ჯაგრისი) დაუვარდა. ეგრევე მოვტრიალდი და მივაწოდე. გაუხარადა და ახლავე უნდა გაგიწმინდო ფეხსაცმელებიო.

„უი რავა გეკადრება, მაგიტომ კი არა ჩამიდენია სიკეთე-თქო“, მაგრამ ვინ გაცალა. მწვდა ცალ ფეხზე და წმენდა დამიწყო.

დავნებდი, მივაწოდე მეორე ფეხიც. გადამყვა თან, ბოლოს მითხრა 35 ლირა უნდა გადამიხადოო…

იქ რა ჩავატარე, ასე მოკლედ ვერ მოვყვები. ჩემი კივილი მთელ ტაქსიმის მოედანს ესმოდა და ექო ისტიკლალის გამზირსაც გადაწვდა.

თუმცა, მთავარი ეს კი არა არის, როცა სასტუმროში გაპრიალებული ფეხსაცმელებით დავბრუნდი, ჩვენმა მასპინძელმა მკითხა: „უი, „ჩოთქი“ ხომ არ დაუვარდა მწმენდავს და ხომ არ მიაწოდეო“.

ანუ ეს ამბავი ძალიან გავრცელებული ყოფილა.

შეგონება! – არასოდეს მიაწოდო „ჩოთქი“ მწმენდავს. ყველას ჩემხელა ხმა არ გაქვთ და კივილიც არ შეგიძლიათ.

P.S. ფოტოები გადაღებულია ჯერ კიდევ სიკეთის ჩადენის მომკის დროს და ავტორმა არ იცის, წინ რა ელოდებოდა…

იხილე სრულად


ყავაზე მისაყოლებელი ამბები

გამოვიდა მამუკა ჭიპაშვილის ლექსებისა და ნოველების ახალი კრებული. იხილე სრულად


ხუმრობენ ხარაგაულელები

გვიამბობს შმაგი ხიჯაკაძე

გოჭი თუ ინდაური

მამაჩემი, ტოგო ხიჯაკაძე, ორ მეგობართან იხილე სრულად


ხუმრობენ ხარაგაულელები – გვიამბობს დავით ჩადუნელი

სიძე თამადად
შარშან ჩემი სიმამრი გიგა ბერაძე 70 წლის გახდა. ოჯახში სუფრაა გაშლილი და აბა, იხილე სრულად


ხუმრობენ ხარაგაულელები

გვიამბობს ნოდარ სხილაძე იხილე სრულად


ხუმრობენ ხარაგაულელები

გვიამბობს ირინე ჩხეიძე

„გამოყოფილი მაქვს, ქალო, გამოყოფილი…“

თეატრალების ცხოვრება კურიოზებითაა სავსე. ჩვენც უამრავი სასაცილო ამბავი გადაგვხდენია.
ბორითში ვატარებთ თოჯინების თეატრის სპექტაკლს „მამალი და ფისო.“ ლუიზა კიკნაძე თამაშობს მელას, ხოლო ნიკო წიკლაური – მამალს. მელა მამლის გარეთ გამოტყუებას ცდილობს:
-მამალო, გამოიხედე, ნახე, რა საკეკნკი მოგიტანე. გამოყავი თავი, გამოყავი.
ამ დროს შუქი წავიდა. ვეღარც ლუიზა ხედავს ვერაფერს, ვეღარც – ნიკო.
ლუიზა ისევ იძახის – გამოყავი თავი, მამალო, გამოყავი.
ნიკომ გამოყო თავი, მაგრამ ლუიზა ვერ ხედავს და გამუდმებით იგივეს იმეორებს…
ნიკო გაბრაზდა და დაუძახა:
-გამოყოფილი მაქვს, ქალო, გამოყოფილი.
იმდენი ვიცინეთ, ლამის თეჯირი თავზე დაგვეცა.

naxati2


ნუთუ ყველას დააგვიანდა…

ჩემს შვილს ვატოს საბავშვო ბაღში ყველაზე გვიან, სამსახურის დამთავრების შემდეგ ვაკითხავდი.  ჯგუფში მხოლოდ ჩემი შვილი და თამრიკო მასწავლებელი მხვდებოდნენ. მეც ძალიან განვიცდიდი და ბავშვიც.

ერთხელ, მუშაობაში ვარ ჩართული და უცბად საათს შევხედე… შვიდი საათია დაწყებული.

-მიშველეთ, ბავშვი ბაღში დამრჩა-მეთქი, – ვიყვირე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.

შევვარდი ჯგუფში და ვხედავ, ყველა ბავშვი ადგილზეა, – ნეტა რა ხდება, ნუთუ ყველა მშობელს დააგვიანდა… ბოდიში მოვუხადე თამრიკო მასწავლებელს დაგვიანებისთვის. თამრიკო მომაჩერდა გაოგნებული, მაგრამ არაფერი მითხრა. დავბრუნდი სამსახურში. ყველა თანამშრომელი ადგილზეა. მიკვირს, რატომ არ მიდიან სახლში. ამ დროს ბათუ კიკნაძეს სიცილი აუტყდა. თურმე საათი ორი საათით გადაუწევიათ ბათუს და ლაშა კვირიკაშვილს. ასე გაათავისუფლეს ვატო ორი საათით ადრე საბავშვო ბაღიდან.

naxati

რავა ომში დაკარგულივით არსად მახსენეო…

გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ რამდენიმე წლის წინ დაიწერა ჩემზე სტატია, სადაც ჩემს ბიოგრაფიაზე ვსაუბრობდი. რატომღაც გვერდი ავუარე ჩემი და ნიკუშას ურთიერთობას, – არ ჩავთვალე საჭიროდ. მხოლოდ წერილის ბოლოს გაკვრით ვახსენე. ნიკუშამ გულდასმით წაიკითხა სტატია და ცოტა არ იყოს ნაწყენმა მითხრა, – ყველაფერი კარგია, მაგრამ მე ომში დაკარგულივით რავა არსად არ მახსენეო…

 

გაიხსენე შენი თანატოლების გმირობა

ჩემს თანატოლებს ახსოვთ, პიონერები პლენუმებსა და ყრილობებზე ომახიანი შეძახილებით რომ ვამხნევებდით შეკრებილ ადამიანებს.

მორიგი ღონისძიებაა. ავად გავხდი და მაღალი სიცხე მაქვს. მამიდაჩემმა დაურეკა ქალბატონ ნინიკო სახვაძეს. ტელეფონში ისმის ნინიკოს განწირული ხმა, – ვაიმე, ლიანა, დავიღუპე, მონტაჟი ჩამივარდებაო.

ცოტა ხანში რეკავს ტელეფონი. ნინიკო მასწავლებელმა ეტყობა ბევრი იფიქრა, როგორ გამოვეყვანე სახლიდან და სიტყვა მოამზადა:

-ირინე, მესმის რომ ავად ხარ, არ შეგიძლია, მაგრამ უნდა გაიხსენო, რა მსხვერპლს სწირავდნენ შენი ტოლი გოგო-ბიჭები, რომ შენ ბედნიერი ცხოვრება გქონოდა. გაიხსენე ოლეგ კოშევოისა და ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობა. ადექი და წამოდი ღონისძიებაზე.

მეც ავდექი და წავედი.

 


ხუმრობენ ხარაგაულელები

რას გალახავთ, იმხელა თავი აქვსო

გვიამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი:

ჩემი მომავალი მეუღლე, ქეთევანი, უნდა დამენიშნა. ქეთევანის ყველა ნათესავი მიცნობდა მისი 6 წლის ძმის, ონისეს, გარდა. ონისეს ეუბნებიან თურმე ბიძაშვილები, – შენ ხარ კაცი, შენმა დამ გაგზარდა და ახლა მაჭავარიანის ბიჭს მიჰყავსო. მოიფუზა თურმე ონისე. იხილე სრულად


ხუმრობენ ხარაგაულელები – გვიამბობს ბიჭიკო მაისურაძე

 

„მოხერხებული“ მაყურებელი

კონცერტი ვატარებთ კურორტ საირმეში. დილიდან გადაუღებლად წვიმს. სცენა და გასახდელები კაპიტალურადაა აგებული, ხოლო მაყურებელთა დარბაზი – „ბრიზენტით“ გადახურული დიდი კარავია. იხილე სრულად


რატომ არ მალაპარაკეს დედა – კურიოზებს გვიამბობს მამუკა ლომიძე

სტუდენტობისას, წლების მანძილზე, ვცხოვრობდი ჩემი მაესტროს – თენგიზ მუშკუდიანის ოჯახში. მაშინ მობილური ტელეფონები მასიურად არ იყო და ხშირად მაესტრო თენგიზის ბინის ტელეფონით ვსარგებლობდი. სოფელში დედას ჩვენი მეზობლის მობილურზე ვუკავშირდებოდი. ამ მობილურის პატრონი ცნობდა ჩემს ნომერს და პირდაპირ მპასუხობდა, რომ რამდენიმე წუთში მასაუბრებდა დედასთან. ვცდილობდი, იმ დროს დამერეკა, როცა თენგიზ მუშკუდიანი სახლში არ იყო. ასე უფრო თამამად ვსაუბრობდი დედასთან. იხილე სრულად