„ხარაგაულსა და ვაშინგტონს შორის გაწყდა ყოველგვარი დიპლომატიური კავშირი, – სოციალურ ქსელში ხუმრობს ბაქარ დევდარიანი, – ბაღდათელებმა თავი დაიძვრინეს – ჩვენ „ნიჩურტი“ გვეკეთა, ბატონო, ჩვენი დეპუტატი კონგრესმენების განცხადებას რომ გმობდაო…

მზადდება საპასუხო ოფიციალური საპროტესტო ნოტა და მოსალოდნელია პირდაპირი ავიარეისების შეჩერებაც…

შემდგომი ნაბიჯი, შესაძლოა, იყოს ხარაგაულის ცენტრალური ბანკისთვის სანქციების დაწესება…“

 

სოციალურ ქსელში ბაქარ დევდარიანის ეს პოსტი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის, შემდეგ განცხადებას მოჰყვა:

„ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება ჩემთვისაც შემაშფოთებელია. ხშირ შემთხვევაში მათი კრიტიკა უსაფუძვლოა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებით. ვფიქრობ, სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსივობით ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, კონსტიტუციით უფლება მაქვს მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მივიღო. რაც შეეხება იმას, რომ სამართალწარმოების მიმართულებით თითქოს ოპონენტების შევიწროება ხდება, ამას აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

სოციალურ ქსელში ბაქარ დევდარიანის ზემოთმოყვანილ პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა. ზურაბ მაჭავარიანმა კი ხარაგაულის კოლორიტ, აწ გარდაცვლილ კოწია კიკნაძესთან დაკავშირებული ნამდვილი ამბავი გაიხსენა:

„ბაქარ დევადარიანის განცხადებამ ძალიან გამამხიარულა და ერთი იუმორისტული, ოღონდ ნამდვილი ამბავი გამახსენა.

ხარაგაულელი კოლორიტი კონსტანტინე (კოწია) კიკნაძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ფინეთის ფრონტიდან დედამისმა, საშა ავალიშვილმა, გერმანელებთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიიღო სამადლობელი წერილი, სადაც ეწერა: „თქვენმა შვილმა, კონსტანტინე კიკნაძემ, გმირულად იბრძოლა და ქალაქი ვიბორგი გაანთავისუფლა. ახლა ჰელსინგბორგის გასათავისუფლებლად იბრძვის. მადლობა მამაცი მებრძოლი შვილის აღზრდისათვის!“

ქალბატონმა საშამ ეს წერილი წაიკითხა, გადააბრუნა და კოწიას ფრონტზე მიწერა:
შვილო კოწია!
გაგვაკულაკეს – ბოლშევიკმა ჭიპაშვილებმა ჩვენი საკარმიდამო, სახნავ-სათესი მიწები ჩამოგვართვეს და გაგვინახევრეს. თუ რამე ბრძოლისა და გათავისუფლების თავი გაქვს, აქ ჩამოდი, ამათ შეებრძოლე – აქოურობას მიხედე, ჩამორთმეული მიწები დეიბრუნეო!…

P.S. მეტი ყურადღება ხარაგაულს!“