სტუმარს რომ ერთი ჭიქა დაალევინო, ლოთობაა??!

სამინისტროდან განათლების განყოფილებაში მოსულ სტუმრებს საღამოს სუფრა გავუშალეთ და ცოტა დავლიე. არადა, იმ დროს კანონით აკრძალული იყო ღვინის სმა.

დილით, სამსახურში მისულს, მომახსენეს, რომ 10 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი რაიკომში ბიუროს სხდომაზე.

-ერიჰაააა, – ვფიქრობ, – ვინ მიჩივლა ასე სახელდახელოდ?!

…წავედი წელმოწყვეტილი. პირველი მდივნის მისაღებში ვცდილობ, გავარკვიო, რატომ მეძახიან.

-არ ვიცი, – მპასუხობს მდივანი ქალი, – მაგრამ კაბინეტში გიორგი კუპრაძეა.

გიორგი კუპრაძე ლოთობის წინააღმდეგ ბრძოლას კურირებდა რაიონში.

ვიფიქრე, – დავიღუპე, – გამათავისუფლებენ სამსახურიდან… პარტიულ სასჯელს არ დავეძებ…

რამდენიმე წუთში მისაღებში შემოვიდა მილიციის უფროსი ჟორა კურტანიძე.

– ეუჰჰჰჰჰ, – გავიფიქრე, – სამსახურიდან გათავისუფლებას ვინ დაეძებს, მგონი მაპატიმრებენ კიდეც… სტუმარს რომ ერთი ჭიქა ღვინო დაალევინო, ეს ლოთობა არის?! – ვფიქრობ ჩემთვის…

გავიდა ორი წუთი და ჟორა მეკითხება, – რატომ ხარ?

-არ ვიცი, ბატონო ჟორა.

ჟორას გამოლაპარაკება უნდა, მე ხასიათზე არ ვარ.

თურმე ჟორასაც წინა დღეს უქეიფია და, – რა ვქნა ახლა მე… – იძახის!

-რაშია, ელიზბარიჩ, საქმე?

– გუშინ დავლიე და ააა, უკვე ბიუროზე მიძახიან!

…ე. ი. ჩემ დღეშია…

ჩვენი საუბრისას მისაღებში შემოვიდა ტოგო ხიჯაკაძე.

-ეს არის კაცობა, ეს არის ვაჟკაცობა?!… – იძახის გოლევიჩი, – ისიც წინა დღის ნამთვრალევია.

უკვე სამნი ვართ და აღარ დავეძებ…

ერთი-ორი კიდევ მოგვემატა ჩვენისთანა, ნაბახუსევი.

კაბინეტში შევედით დარცხვენილები, თავჩაღუნულები და ფერდაკარგულები…

გოგია კუპრაძეს უჭირავს ფურცელი და კითხულობს:

-საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ამა და ამ დადგენილების თანახმად…

…მოვკვდი და აღარ დავრჩი!!!…

მოზრდილი პაუზის შემდეგ აგრძელებს… – რაიონში უნდა შეიქმნას ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კომისია და… ეს ხალხი უნდა იყოს ამ კომისიაში!!!

გვეკითხებიან – იმუშავებთ?

-ვიმუშავებთ, როგორ არ ვიმუშავებთ, – ყველამ ერთხმად ამოვისუნთქეთ…

კაბინეტიდან გამოსულები ერთმანეთს ვულოცავდით გადარჩენას.

 

iumori2

განყოფილების გამგე და ტორტი

განათლების განყოფილება რომ ჩამაბარეს, იმ პერიოდში სკოლის დირექტორები ნიშნავდნენ მასწავლებლებს და ამიტომ განათლების განყოფილების მუშაკები ახალდანიშნულ მასწავლებლებს ვერ ვცნობდით და ვერც ისინი გვცნობდნენ ჩვენ.

რაიკომიდან საკითხის შესასწავლად გამაგზავნეს ერთ-ერთ სკოლაში. სკოლის ეზოში რომ შევედი, ამ დროს ჭიშკარში შემოვიდა ორი ახალგაზრდა ქალი ტორტითა და ნამცხვრებით.

-რა კარგ დროს მოვედი, როგორი კარგი დახვედრაა, – ვხუმრობ.

მოტრიალდა ერთ-ერთი და – ვინ ოხერი ხარ, საიდანაც მოსულხარ, იქით წადი, მომთხოვა ახლა ამან ნამცხვარი და ტორტი?!…

რას ვეტყოდი…

შენობაში შესულს მორიდებულად შემომეხვივნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები. ჩემი საქმე შევასრულე, მაგრამ აღარ გამომიშვეს, – თურმე ასაკოვანი დამლაგებლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

მოვიკითხე ის ორი ახალგაზრდა ქალბატონი, – მასწავლებლები ყოფილან, – გაიგეს თუ არა ვინც იყავით, მაშინვე გაიქცნენ სკოლიდანო, – მითხრეს.

ვითხოვე, – მოიყვანეთ, დაველაპარაკები-მეთქი.

-მეზობელ სოფელში ცხოვრობენ, გადაცვივდნენ და წავიდნენ, ახლა მაგათ ვინღა მოძებნისო.

ასე „შედგა“ განათლების განყოფილების გამგის პირველი შეხვედრა ორ ახალბედა მასწავლებელთან.