გვიამბობს ლაურა გოგოლაძე
„უიმე, არჩევნები!..“
1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდია. „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ინტერვიუსთვის უნდა შეხვდეს დეპუტატობის კანდიდატს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ქალბატონ ნინო ჩხეიძეს, რომელსაც ფიზიკურად არ იცნობს.
იმავე დღეს ხარაგაულში იმართებოდა მსახიობ უშანგი ჩხეიძის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. რედაქციის კარს აღებს გამგებელი დავით სახვაძე და ნინო კაპანაძეს ეუბნება, – ჩემთან ნინიკო ჩხეიძეა, ხომ არ გაინტერესებთ მასთან შეხვედრა?
ნინო ჩხეიძეს მთელი კვირაა, დავეძებთ და როგორც იქნა, გამოჩნდა (?!).
…და იწყება უშანგი ჩხეიძის დის, მსახიობ ნინო ჩხეიძის საარჩევნო „დაკითხვა…“
-უიმე, არჩევნებიო! – შეიცხადა ისედაც კომიკურმა ქალბატონმა.
მიცვალებულების გამოქვეყნება
2003 წლის აგვისტოა. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ჭიპაშვილი კობა დავითაშვილთან, ზვიად ძიძიგურთან, აკაკი ბობოხიძესთან და გოჩა ჯოჯუასთან ერთად იუსტიციის სამინისტროს მისაღებში შიმშილობს „გაყინული“ პენსიების დარიგების მოთხოვნით. ამ აქციისადმი მიძღვნილ საგაზეთო სტატიას შიმშილობის ამსახველი ფოტოებიც დავურთეთ.
დახედა გაზეთს ჩემმა თბილისელმა დეიდაშვილმა და შეიცხადა, – ლაურა, ახლა ასე დაიწყეთ მიცვალებულების გამოქვეყნებაო?!
გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაშიმშილები ლადო ჭიპაშვილი გულაღმა წევს საწოლზე. თავთით უდევს ბალიში, რომელსაც აქეთ-იქიდან მიხაკების მსგავსი ყვავილები ახატია…
ლადო ჭიპაშვილი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის მასშტაბით ცნობილი პიროვნება.
ჯიბეში ძვლებით
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ახალი შექმნილია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ეროვნული პარკის მიმდებარე ექვსი რაიონის ჟურნალისტები ბაკურიანში მიგვიწვია საგანმანათლებლო ტრენინგზე.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის ერთ-ერთი მონაწილე, მაშინდელი გამგებლის მოადგილე ავთო ლურსმანაშვილი ტრენინგის შესახებ ინფორმაციას მაცნობს.
-წასვლისას ჯიბეებში ძვლების ჩაწყობა არ დაგავიწყდესო, – სერიოზულად დასძინა საუბრის ბოლოს.
გავოცდი… თურმე ბოტანიკურ ბაღში, სადაც ტრენინგი იმართება, ისეთი ავი ძაღლები ჰყავთ, თუ აშვებულები არიან, ვერანაირი ძვლებიც კი ვერ გიშველის…
სანთებელას რომ ჰგავს…
2006 წლის ზამთარია, საღამოს 9-10 საათი.
რედაქციის კომპიუტერებზე აკრეფილი სტატიები A დისკით მიგვაქვს სტამბაში. ერთ-ერთი კომპიუტერი ვეღარც A დისკს ხსნის და ვერც რედაქციის ერთადერთ „ფლეშკას“ აღიქვამს.
თუ ამდენი ხნის ნამუშევრის სტამბაში წაღება ვერ მოვახერხეთ, გაზეთის გამოსვლის გრაფიკი ირღვევა. არადა, მკითხველი ახალი ნომრის დროულად მიღებას ელის.
უცებ გაგვახსენდა, რომ რაიონში რამდენიმე, მათ შორის ხარაგაულის #3 სკოლას, კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს. ტელეფონით ვუკავშირდებით სკოლის დირექტორ დალი ლურსმანაშვილს, ჩვენს გაჭირვებას ვუხსნით და აღვუწერთ „ფლეშკას,“ რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლოა, მოჰყვა ამ ტექნიკას.
-ეგ რომელია, სანთებელას რომ ჰგავსო? – გვკითხა ქალბატონმა დალიმ.|
ღმერთს მადლობას ვწირავდით, რომ ხარაგაულში „ფლეშკა“ აღმოჩნდა.
შესანდობარი
ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა რედაქციაში თამაზ კიკნაძეზე ხსოვნის წერილი მოიტანეს. ფოტოს მოპოვება კი ჩვენ გვთხოვეს. საგაზეთო მასალები მე და ნინო კაპანაძეს ტელეფონით უნდა შეგვედარებინა. თამაზ კიკნაძის ფოტოს მოსატანად მის ოჯახში ნინო წავიდა. ცოტა ხანში შეწუხებული მირეკავს, – ჯერ ვერაფერს წავიკითხავ, ბათუმ დამათროო…
ფოტოს წამოსაღებად მისულ ნინოს თამაზ კიკნაძის ვაჟი ბათუ დახვედრია სახლში, – საბარძიმე ღვინო მაქვს, მამაჩემის შესანდობარი როგორ არ დავლიოთო. ერთ ჭიქას მეორე მოჰყოლია…
არადა, სტამბა წუთი-წუთ ელოდა გამზადებულ გაზეთს დასაბეჭდად.
ხელფასები… ბიუჯეტიდან
2013 წლის აგვისტოა. რედაქციაში გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ახალი თანამშრომელი რეკავს და თამთა გოგოლაძეს „ჩემი ხარაგაულის“ თანამშრომელთა ხელფასების გასაზრდელად საჭირო ინფორმაციის დღის ბოლომდე მიწოდებას თხოვს (?!).
გაკვირვებული თამთა ტელეფონით მიკავშირდება, – გამგეობიდან რაიმე საჯარო ინფორმაცია ხომ არ მოგვითხოვია, რაღაც ხელფასების გაზრდაზე გველაპარაკებიანო…
ადმინისტრაციული შენობის ჩაკეტილი კარისა და საჯარო ინფორმაციის წლების მანძილზე დაბლოკვის ფონზე, აღარ მეგონა, თუკი ვინმეს ეგონებოდა, რომ „ჩემი ხარაგაული“ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა…
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის