გამოვიდა მამუკა ჭიპაშვილის ლექსებისა და ნოველების ახალი კრებული.
გთავაზობთ ერთ ნოველას ახლადდაბეჭდილი წიგნიდან.
დიდხანს ეფერებოდა საბერძნეთიდან ჩამოსულ, შვიდი წლის უნახავ შვილს ვენერა, გულში იკრავდა და ღმერთს ხმამაღლა მადლობას სწირავდა, შვილის ნახვას რომ აღირსა.
-ეს ბერძნული შოკოლადების ნაკრებია, დედა და დილაობით ყავაზე მიაყოლეო! – უთხრა ნათელამ ვენერას.
-რას ამბობ, გოგო, ამისთანა „ბამბანერკას“ ჩემთვის რავა გევიმეტებ, მე ყავას მურაბაზეც კარქათ ვსვამ… მაგას, აგერ… ნაირას ბოვშმა ბრმაწელის ოპერაცია გეიკეთა, დღეს გამოწერეს სახლში, ხვალ ვაპირებდი ნახვას და მივალ ხელდამშვენებულიო…
…და მიადგა დილით ვენერა ნაირას ნაოპერაციევი შვილის სანახავად იღლიაში ამოჩრილი, ლამაზ „პარკში“ გახვეული „ბამბანერკით“.
-რატო წუხდებოდი, ქალო, რა საჭირო იყოო! – შეიცხადა ზრდილობის მოხდის მიზნით ნაირამ.
-რას ამბობ, რამ შემაწუხა, ყავაზე მიაყოლე, ჩემი ვენერას ჩამოტანილიაო, – შვილის მალე გამოჯანმრთელება კიდევ ერთხელ უსურვა და წამოვიდა..
ბევრი ეხვეწა ნაოპერაციევი შვილი ნაირას, გამიხსენი „ბამბანერკა“ და გამასინჯეო, მარა…
-ხო არ გადეირიე, შვილო შენ, ექიმმა ერთი კვირა დიეტაზე იყოსო, ვერ გეიგონე?.. თან ხვალ შენი დამრიგებელი მყავს სანახავი, უნდა ვთხოვო, ერთი კვირა კიდე ვერ მოვა-თქო და ცარიელი მივიდე?..
…
-დიდი მადლობა, ქალბატონო ნაირა, რა საჭირო იყო ახლა ეს, რატო შეწუხდით? – შეიცხადა საჩუქარი ციალა მასწავლებელმა.
-რა შეწუხებაა, დილით ყავაზე მიაყოლეთო! – გაუღიმა ციალა მასწავლებელს და წამოვიდა.
ციალამ ცელოფანში ჩახედვაც ვერ მოასწრო, რომ სასწავლო ნაწილი გეძახისო, მოახსენეს!.. მანაც… დაავლო ნაირას მორთმეულ „პადარკას“ ხელი და სასწავლო ნაწილის ოთახისაკენ გაემართა.
…
-რატო შეწუხდი, ციალა, რანაირი გოგო ხარო! – თვალები მოპრუწა ნუნუმ.
-რა შეწუხებაა, ქალბატონო ნუნუ, ყავაზე მიირთვით ტკბილადო და… წამოვიდა.
ნუნუმ „ბამბანერკა“ დაათვალიერა, აქაურს არ ჰგავსო, დაასკვნა, ერთხანს ხელში ატრიალა, „მადეინს“ ეძებდა. მერე… უცებ ისევ ცელოფანში გაახვია და დირექტორის კაბინეტისაკენ წაბაკუნდა.
…
-რა უცნაური ხარ, ნუნუ, რა საჭირო იყო ახლა ეს?
-რას ამბობთ, ქალბატონო რუსუდან, ტკბილად მიირთვით ყავაზე!
…ნუნუმ გამოსვლაც ვერ მოასწრო კაბინეტიდან, რომ დირექტორს დაურეკეს, ერთ საათში რესურსცენტრში თათბირიაო…
…რაღა თქმა უნდა, წავიდა და რაღა თქმა უნდა „ბამბანერკაც“ გაიყოლა. რაღა თქმა უნდა, უფროსთან შეიტანა. რაღა თქმა უნდა, ყავაზე მიირთვითო უთხრა და „ვალმოხდილი“ სათათბირო ოთახში თათბირს დაელოდა…
თათბირი დათქმულ დროს დაიწყო… უფროსმა – მაგ პრობლემებთან დაკავშირებით ხვალ მივდივარ სამინისტროში, პირადად უნდა შევხვდე მინისტრს და ყველაფერს ადგილზე გავარკვევო…
…
მინისტრის მისაღებში დიდხანს რომ არ ეყურყუტა, მდივანს უჯრაში ჩვენი ნაცნობი „ბამბანერკა“ ჩაუცურა. იმანაც გაუღიმა და მინისტრთან ურიგოდ შეუშვა…
შესვენებაზე მდივანმა მინისტრს ყავასთან ერთად, რაღა თქმა უნდა, „ბამბანერკაც“ შეუტანა და – მიაყოლეთ ყავას, გრიგორიჩ, მოუხდებაო!..
-ეს გოგო ნამდვილი შტერია. ასჯერ მაინც ვუთხარი, რომ დიაბეტი მაქვს. ეს კიდევ სულ ტკბილეულს მაძალებს, მე მგონი შემოგზავნილია! – გაიფიქრა მინისტრმა და საღამოს “შეფუთვა“ სახლში გაიყოლა…
გვიან მისულს, მეუღლემ – ხვალ მოდიხარ ჩემთან ერთად სოფელში, თუ ისევ მარტო მიშვებო!
-რა ვქნა, საყვარელო, ხო იცი სამსახურში რა საგიჟეთი მაქვს. დილით ჩემს მძღოლს გამოგიგზავნი და სოფელში ის წაგიყვანსო… დედაშენი მომიკითხეო… აა, ეს „ბამბანერკა“ ვუყიდე მარკეტში და წაუღეო… (ეტყობა, მართლა გადაღლილი იყო, თუ არა მინისტრი და ტყუილი?!)
…
-რა ქნას, ხო იცი დედა, რა დატვირთულია, ვეღარ იცლის, სულ სამსახური და მივლინებები, მოგიკითხა და აა, ეს შოკოლადების ნაკრები გამოგიგზავნა, ჩემმა სიდედრმა ყავაზე მიაყოლოსო!..
-უი, რატო შეწუხდა, ვენაცვალე მაგას. შოკოლადი თუ არ ვჭამე ამ ხნის ქალმა, ისე რავა იქნება. აგერ, ნაირა რო ცხოვრობს გადაღმა, მაგის ხელში ხარ შენ გაზრდილი, მაგისმა ბოვშმა ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა წინა კვირას, მთელმა სოფელმა ნახა. ხვალ მეც მინდა ვნახო და ბარემ მივალ ხელდამშვენებული…
…ბევრი იძახა ნაირას ბავშვმა, მოვრჩი უკვე, ერთი კვირა ხო გევიდა, რაც ექიმმა ტკბილი ამიკრძალაო, გამიხსენით ეს „ბამბანერკა“ ახლავეო, მარა, ნაირამ… – შენ რო გაგიხსნა, ორ საათზე მიტუშას ორმოცში ვარ დაპატიჟებული და ხელცარიელი მივტლიკინდეო?..
მამუკა ჭიპაშვილი
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების