საგულდაგულოდ გაწყობილი სუფრა სტუმრებს ელოდა. დიდი ხნის უნახავი პურ-მარილი ერთმანეთს ესალმებოდა და ამბავს კითხულობდა.

– სად ხარ, სად დაიკარგე, რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, რავა გალამაზებულხარ და დამშვენებულხარ, გოგო. რესტორანში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი! – კუპატთან შეხვედრით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა მეგრული აჯიკა!

– ეჰ, ცუდი დრო დადგა, ცუდი, ადრე ხშირად ვხვდებოდით, ახლა… თუ დღეობა ან ქორწილი არ მოხდა სადმე… ესაა ცხოვრება? – წუწუნებდა კუპატი, რომელსაც წელებისაგან დამზადებული ელასტიკი მჭიდროდ შემოტკვეცოდა ტანზე და მის სექსუალურობას ხაზს უსვამდა.

– ნეტა რამდენის გახდა იუბილარი? – დაინტერესდა კახური ღვინო, რომელსაც სტუმრების მოლოდინში პირზე ბუჟღი მოსდიოდა.

– მე რა ვიცი, მაგ ამბავი ტორტს ეცოდინება! – მხრები აიჩეჩა აჩმამ.

– იუბილარის წლოვანება აგერ მახატია! – უხერხულ, ორაზროვან ნათქვამად გამოუვიდა ტორტს, რომელსაც, შუაგულში, საგანგებოდ შეღებილი კრემით, მართლაც ეწერა 50!

– შენ ხომ არაფერი დაგილევია? – გაწყრა კუჭმაჭი.

– ბევრი არაფერი, ცოტა კონიაკი მაქვს მირტყმული, კრემში! – დაირცხვინა ტორტმა.

– მოდით, სანამ სტუმრები მოვლენ და მუცელში გადაგვიძახებენ, ერთი ჭიქა დავლიოთ! – სიტყვით გამოვიდა კატლეტი, რომელსაც მზარეულის დაუდევრობის გამო ერთი გვერდი დაწვოდა და იქიდან ალმური ასდიოდა!

– გეწვის? – შეეცოდა პიურეს.

– მეწვის, ხოო! – უპასუხა შეწუხებულმა კატლეტმა და მზარეულს შეუკურთხა.

– საწებელით შეიზილე, დაგიამდება! – ანუგეშეს.

– დავლიოთ, დაასხი! – აკივლდა კივი.

დაასხეს… დალიეს და აყაყანდნენ…

– დაწყნარდით, ნუ ხმაურობთ! – ათახთახდა ხაშლამა.

– შენ რაღაც ხასიათზე ვერ უნდა იყო, ცოტა ცხელიც მეჩვენები, რა გჭირს? – დაინტერესდა მარილი და ხაშლამას შუბლზე ხელი დაადო.

– რა ვიცი, ოფლიანობა დამჩემდა, ექიმმა ნიორის ნაკლებობა გაქვს ორგანიზმშიო და სიწყნარე მირჩია.

…კიდევ ერთხელ შეავსეს და დალიეს იუბილარის სადღეგრძელო…

ყველს, აქამდე რომ ჩუმად იყო, სასმელმა გონება აურია. აქაოდა, გასისინებულ ხაჭაპურში ვზივარო, თავისთვის წყნარად მყოფ კეცის მჭადს გაეწელა.

– ნეტა, რას იწელები და იფლაშები, რაც არ უნდა ბოლო მარკის ხაჭაპურში იჯდე, მაინც „სირს“ გეძახიან! – ბოლომდე გაახელა მჭადმა.

ამაზე შემწვარ გოჭს ისე გაეცინა, ბოლოკი კინაღამ პირიდან გადმოუვარდა.

– შენ მართლა ვისზე რას ამბობ, გოუცრელი ფქვილით მოზელილო! – ხელმეორედ გაეწელა ყველი მჭადს და ხელითაც შეეხებოდა, შუაში წიწმატი რომ არ ჩამდგარიყო.

– ასე ჩხუბობენ მუდამ. არადა, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ! – დაასკვნა ბოლოკმა, – მწვადი სად არის ნეტა, რატო არ მობრძანდა ჩვენთან ერთად?

– მაგას ჯერ რა ეჩქარება, ჩვენსავით ხო არ იყურყუტებს, გვიან მობრძანდება, ყველას ყურადღება რო მიიქციოს და ყველა ფეხზე წამოუდგეს! – თავისი მჟავე ხასიათი გამოავლინა ჯონჯოლმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – ისე რას ერჩი, სტუმრების ფავორიტი მაგ არის და იშნობს. აპა, მე რომც არ ვიყო, არავინ მომიკითხავს, ვერც კი შემამჩნევენ!

ბულგარულს უნდოდა რაღაცა ეთქვა, – სავარაუდოდ, – მეც მაგრე ვარო, მარა, ისე ჰქონდა პირი გამოტენილი ბრინჯითა და რაღაც-რუღაცებით, ხმა ვერ ამოიღო, თეფშზე რის ვაივაგლახით გადატრიალდა და გაილურსა.

– მგონი ვიღაცამ გაზი გაუშვა! – ეჭვი გამოთქვა სალათმა და გაზიანი ლიმონათისკენ გაიხედა… იმანაც, დამნაშავესავით თავი დახარა და თავსახურს დაუწყო მოჭერა, კიდევ არ გამეპაროსო! ყაყანმა იმატა…

– დაწყნარდით, რა მეორედ მოსვლა მოაწყვეთ? – გადაირია ნიახური.

– დაწყნარდით მართლა, მოვლენ სადაცაა, სირცხვილია! – საუბარში ჩაერთო ხორცის წვნიანი.

– შენ ჯობია, წესიერად დაჯდომა ისწავლო და თავსახური გადაიფარო, ხორცები გიჩანს, ვერ ხედავ, გადაირიენ ახალგაზრდები ცქერით! – გაცხარდა წიწაკა.

პომიდვრებმა სასწრაფოდ მოარიდეს მზერა ხორციან წვნიანს და სირცხვილით კიდევ უფრო გაწითლდნენ.

– ამ წიწაკას რა მწარე ენა აქვს, შეურცხვა თავი! – სახეზე აჭარხლდა ჭარხალი.

– რა მოგივიდათ, ხალხო, ამდენი ხნის უნახავებს რა გაჩხუბებთ! ა, აგერ, მიბაძეთ ხახვს, წეღან ისეთი ანეგდოტი მოგვიყვა, თვალებიდან სულ ცრემლები გვადენინა სიცილით!

– რაღაც შენი ფერი არ მომწონს, სულ გაგლურჯებია სახე, აგერ, ფელამუშში ჩაიხედე! – მიუთითა თევზს სულგუნმა.

– უიი, რატო ვარ ცოცხალი! – შეიცხადა ცოცხალმა და მოხარშული თვალები მოხარშული თვალებივით აატრიალა.

– ისე, ამ უსირცხვილო დედალს გახედე, რა პოზაშია, აუშვერია ჰაერში ბარკლები, მიდი, გაეარშიყე, უარს არ გეტყვის! – წააქეზა ვინეგრეტმა დატენილი ბადრიჯანი და თვალი ჩაუკრა.

– ვაი შენ რა გითხარი, ნახე რა ყვითელი ფერი აქვს, მაგისი მიკარება და ბოტკინის აკიდება ერთი იქნება, ფუჰ! – გადააფურთხა ბადრიჯანმა და პირიდან ნიგოზი გადმოყარა.

– ნეტა ამის ქმარი რას შოულობს ამდენს, სულ ახალ-ახალ „პლაშში“ რომაა გახვეული, მე კიდე ეს დაფხრეწირი ბადურა ვერ გამომიცვლია! – შეშურდა ტოლმის აფხაზურს.

…კიდევ დიდხანს იყაყანებდნენ საჭმელები, სტუმრები რომ არ გამოჩენილიყვნენ…

ეს ყველაფერი მე საიდან ვიცი?… საიდან ვიცი და იქ ვიყავი…

სტუმრად?.. არა… მჟავე კიტრად!

მამუკა ჭიპაშვილი
წიგნიდან „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“