სტუდენტობისას, წლების მანძილზე, ვცხოვრობდი ჩემი მაესტროს – თენგიზ მუშკუდიანის ოჯახში. მაშინ მობილური ტელეფონები მასიურად არ იყო და ხშირად მაესტრო თენგიზის ბინის ტელეფონით ვსარგებლობდი. სოფელში დედას ჩვენი მეზობლის მობილურზე ვუკავშირდებოდი.

ამ მობილურის პატრონი ცნობდა ჩემს ნომერს და პირდაპირ მპასუხობდა, რომ რამდენიმე წუთში მასაუბრებდა დედასთან. ვცდილობდი, იმ დროს დამერეკა, როცა თენგიზ მუშკუდიანი სახლში არ იყო. ასე უფრო თამამად ვსაუბრობდი დედასთან.

ერთ დღესაც, ლექციიდან რომ დავბრუნდი სახლში, მივუჯექი ტელეფონს და ვრეკავ სოფელში. სიჩქარეში შემშლია და მეზობლის მობილურის ნომრის ნაცვლად თენგიზ მუშკუდიანის მობილურის ნომერი ამიკრეფია. გავიდა ზარი… თენგომაც, – იცნო საკუთარი ბინის ნომერი და იფიქრა, რომ საქმეზე ვურეკავდი. მიპასუხა, – გისმენ, მამუკა, რა ხდებაო.

ხმა ვერ განვასხვავე, მეგონა, სოფელში ჩემმა მეზობელმა მიპასუხა და ვთხოვე, – დედასთან მინდა ცოტა ხნით საუბარი, თუ შეიძლება-თქო.

-კი, რა თქმა უნდა, მამუკა, ტელეფონი იმისთვისაა, რომ დარეკო და ილაპარაკო. ილაპარაკე, რამდენი ხნითაც გინდაო, – დამემშვიდობა და გათიშა ზარი.

ვიფიქრე, ხაზი აღარაა და ტელეფონი გაითიშა-თქო და ხელახლა დავრეკე. განმეორების ღილაკს დავაჭირე, თავიდან რომ არ ამეკრიფა ნომერი. ისევ დავრეკე თენგოსთან. ისევ მპასუხობს, – გისმენ, მამუკაო.

ვეუბნები, – ტელეფონი ითიშება, ალბათ ხაზია დაზიანებული და დედასთან მინდა გასაუბრება რამდენიმე წუთით-თქო. ისიც ისევ მპასუხობს, – არაა პრობლემა, აგერ, ბატონო, ტელეფონი და ილაპარაკე, რამდენი ხნითაც გინდაო და ისევ გამითიშა…

გავნერვიულდი. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ათასი რამ ვიფიქრე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე, – ჩემი მეზობელი ასე კულტურულად რატომ მიცილებდა თავიდან და ტელეფონი არ მიჰქონდა დედაჩემთან, რომ მესაუბრა.

…ამასობაში დრო გადის. მალე თენგიზი დაბრუნდება და შინაურულად ვეღარ ვესაუბრები დედას… ბევრი ვიფიქრე და ისევ დავაჭირე თითი განმეორების ღილაკს და უკვე ხმამაღალი ტონით მივმართავ, – მპირდები, – დედასთან ილაპარაკე და მერე მითიშავ ტელეფონს. ბოლო-ბოლო ამიხსენი, შემიძლია თუ არა დედასთან ლაპარაკი ან – თუ არა, მითხარი, რა მიზეზის გამო-მეთქი.

კაცი გამოვიდა მდგომარეობიდან და იქედან უკვე აწეული ხმით, თითქმის ყვირილით მიპასუხა, – ხომ გეუბნები, ელაპარაკე და მეტი რა ვქნა, აქ სად მყავს დედაშენი, რომ დაგალაპარაკოო… და გამითიშა ტელეფონი ისევ… თენგიზ მუშკუდიანი იმ დროს თბილისის #1 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო.

ასეთმა უხეშმა და გაურკვეველმა პასუხმა სულ გადამრია, ვერაფერში გავერკვიე, – რატომ არ მალაპარაკეს დედა. ვზივარ სახლში გათიშული და ვფიქრობ, რა გზას დავადგე, დედაჩემს რომ ვესაუბრო…

ამასობაში კიბეებზე თენგიზის ნაბიჯების ხმა ისმის, – სამსახურიდან დაბრუნდა. გააღო თენგომ კარი, მომვარდა გაფითრებული სახით და მეკითხება, – რა ქენი, დედას ელაპარაკეო?

ისე ვიყავი დაბნეული და შეწუხებული, მაინც ვერ მივხვდი, რომ თენგოს ვურეკავდი, მეზობლის ნაცვლად და გაოცებულმა ვკითხე, – თქვენ რა იცით, რომ დედასთან მინდოდა საუბარი-თქო.

უარესად გაოგნდა კაცი, აიღო ტელეფონი და თავის ნათესავს, – მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს დაურეკა, სასწრაფოდ მოდი ჩემთან, ბიჭი ცუდადაა, ტვინზე აურია და ფსიქიატრთან წამაყვანინეო.

სანამ ბატონი მერაბი მოვიდა, ნელ-ნელა გავარკვიეთ ვითარება. თუმცა, ისე შევაშინე თენგიზი, ერთი კვირა მაინც მაკვირდებოდა, – კარგად ვიყავი თუ ტვინში ამერია…

 

iumori2

სანაგვეში

ერთ დღესაც, სახლში ვბრუნდები. მე, რა თქმა უნდა, ჩემი გასაღები მქონდა. ძალიან მშიოდა და ერთი სული მქონდა, სახლში შევვარდნილიყავი და მევახშმა. ბინის გასაღები შებმული მქონდა ვერცხლის ჯაჭვზე, რომელსაც თითზე ვატრიალებდი.

გამძვრა თითიდან გასაღებიანი ჯაჭვი და ჩავარდა ნაგვის დიდ ურნაში. მივვარდი ურნას. ჩავიჭყიტე და ვხედავ, რომ იმ დონეზე ჩავარდილა, რომ ხელით მიწვდომა შეუძლებელია.

პრობლემა ის იყო, რომ ძალიან მშიოდა და ამიტომ მეჩქარებოდა სახლში, თორემ შეიძლებოდა დავლოდებოდი თენგოს და გააღებდა კარს, როცა მოვიდოდა სამსახურიდან.

…ნაგვის ურნას მივუახლოვდი, მაგრამ ძალიან მერიდებოდა ურნის ქექვა. მთელი უბანი იცნობდა თენგიზ მუშკუდიანს. მეც ყველამ გამიცნო, რომ მისი მოსწავლე ვცხოვრობდი მის ოჯახში. ყველა მიღიმოდა, მესალმებოდა და როგორია, ამ მეზობლებმა მნახონ ურნის ქექვის პროცესში. ზუსტად ვიცი, რომ იფიქრებდნენ, – საწყალს გაჭირვებია და საჭმელს ეძებს ურნაშიო. ამით, რა თქმა უნდა, თენგოსაც შევარცხვენდი.

გადავწყვიტე, რომ რაიმე ჯოხი მომეტანა, რომ ეგება ჯოხით ამომეღო გასაღები. მოვძებნე ჯოხი, ნელ-ნელა მივუახლოვდი, შევეხე ჯაჭვს და უფრო დაბლა ჩავაგდე, თითქმის ფსკერზე. თან შიმშილმა მიმატა, გაძლებაზე ვარ…

მეზობლის ბიჭი მოვიხმე, მოვატანინე დიდი ჯოხი. ვთხოვე, – შემომეშველე, ურნაში უნდა გადავიდე და გასაღები ამოვიღო-თქო. თან ვერცხლის ჯაჭვი ჩემი რძლის ნაჩუქარი იყო და დამენანა დასაკარგად. მეზობელი შემომეშველა და, როგორც იქნა, გადავძვერი ურნაში. ჩავწვდი ამ ჯაჭვს. ამოვედი. უნდა გადმოვხტე ურნიდან და სწორედ ამ დროს გამოიარა თენგომ მანქანით.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სახით გადმომხედა, – ჯერ იყო და, სახეზე გადათეთრდა, კანკალით და გაკვირვებულმა ჩაწია მანქანის ფანჯარა… კაი ხანს მიყურა… მე გავშეშდი, დაბლა ჩამოხტომაც ვეღარ მოვახერხე და მეც ვუყურებ… უცებ წყნარად გადმომძახა, – შენა და, არაფერი არაა ხო, სახეირო, მაგ ურნაში?! აწია ფანჯარა და გზა განაგრძო.

გადმოვხტი სანაგვედან. ავარდი უცებ სახლში და დავიწყე ახსნა-განმარტება. ჩემი არცერთი სიტყვა არ გაუგონია, – ზუსტად ვიცი. მხოლოდ თავისას გაიძახოდა, – უთავმოყვარეო და შემარცხვენელი ხარ, ურნაში ჩასვლა როგორ გაბედე, არა გრცხვენია, ტოო… რას იტყვის მეზობლობა, – თენგიზი თავის მოსწავლეს ისე აშიმშილებს, სანაგვეში ეძებს საჭმელსო…

მისთვის სამკაულებს და ოქრო-ვერცხლს საერთოდ ფასი არ აქვს და რომ გაიგო, ვერცხლის ჯაჭვის დაკარგა არ მინდოდა, მითხრა – თავმოყვარეობა და ნამუსი დაკარგე, ნაგვის ურნაში ჩახვედი და „ტოჟე მნე“ – ახლა მომინდომა ვერცხლის ჯაჭვიო.

მთელი საღამო ისე ინერვიულა, საღამოს სამასი ჰქონდა წნევა…