უთენია ნიკიფორეს
თავს დაადგა დომენტი:
-შენთან პატარა საქმე მაქ,
გამოვნახე მომენტი.
სოფლის დეპუტატის პოსტი
შემთავაზეს „ზევიდან“,
დახმარება მინდა შენი,
არჩევნები მევიდა.
არ დამღუპო, ხმა მომეცი,
ჩვენში ძმობა თუ არი,
ღმერთმა იცის, არ მინდოდა,
ვერ ვუთხარი უარი.
ჩემთან ერთად სიაშია
ვაჟიკო და აქვსენტი…
კაცო, რავა შეიცხადე,
რა გითხარი ასეთი?!
ილიკოც ჩვენს გვერდითაა,
ტრიფონი და ჟენია.
ყველა უნდა შეგაწუხოთ,
მეტი რა დამრჩენია.
-შენ რო გინდა, ისე ვიზამ,
ნუ გექნება ფიქრები,
შენს იქით რომ ხმა სხვას მივცე,
რაღა კაცი ვიქნები.
დარჩიო და, ვერ დატოვა,
თუმც ევედრა რამდენი,
არ გასულა ხუთი წუთი,
კარს მოადგა ვარდენი:
-პატარა მაქ სათხოვარი, –
ჩვენში ძმობა თუ არი,
არჩევნებში ხმა მომეცი,
არ გაბედო უარი.
თუკი გავხდი გამგებელი,
მოხდა ეგ სასწაული,
ნახავ, რაფრა აყვავდება
მთელი ხარაგაული.
-შენ რო გინდა, ისე ვიზამ,
ნუ გექნება ფიქრები,
შენს იქით რო ხმა სხვას მივცე,
რაღა კაცი ვიქნები.
-აბა კარგად, იმედი მაქ,
რომ იქნები ერთგული,
…არ გასულა ხუთი წუთი,
კარს მოადგა თენგული:
-რაფრა გითხრა, მერიდება,
არ მეძინა წუხელი,
ძალიან რო არ მიჭირდეს,
სულ არ შეგაწუხებდი.
არჩევნებზე მომეხმარე,
ა, პროგრამა, ეს – სია,
თუ მევიგეთ, ასი ლარით
გაგეზრდება პენსია.
ვინ მეითვლის, რაც მე ხალხზე
პატივი მაქ ნაცემი,
ვინცხა მე არ შემომხაზავს,
არ იქნება საცემი?!
ოღონდ შენი დახმარება
დამჭირდება ნამდვილად,
თუ ვერ გავხდი გამგებელი,
ვერ გადვიტან ადვილად.
-შენ რო გინდა, ისე ვიზამ,
ნუ გექნება ფიქრები,
შენს იქით რო ხმა სხვას მივცე,
რაღა კაცი ვიქნები.
ისევ ვიღაც აბრახუნებს…
-რომელი ხარ, შემოდი…
პლაკატით და ბუკლეტებით
ჭიშკარს აღებს გერონტი.
აქ ნიკიფორეს აევსო
მოთმინების ფიალა,
მისკენ მიმავალ გერონტის
გზადვე დაუტიალა:
-არ მოვდივარ არჩევნებზე,
კოშკებიც რო ამიგოთ,
სულ თქვენსას რომ გეიძახით,
მეც ხო უნდა გამიგოთ.
ყველა ჩემიანები ხართ,
რით გიშველოთ, რას გიყოთ,
ეს ერთი ხმა, დასაწვავი,
ოც კაცს რაფერ გაგიყოთ.
არჩევნები, პროგრამები,
ეს ტური და ის ტური,
რაფრა უნდა მეინატრო
წყობა კომუნისტური.
P.S. ფიქრებს გაჰყვა ნიკიფორე,
თან გერონტის გახედა,
ღმერთო, ერთი, ნეტა ახლა
სტალინს გადმოახედა.
მამუკა ჭიპაშვილი
2002 წელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი