სიძე თამადად
შარშან ჩემი სიმამრი გიგა ბერაძე 70 წლის გახდა. ოჯახში სუფრაა გაშლილი და აბა, სიძე გვითამადეო.
-აჰ, ვერა ბატონო გიგა-მეთქი, – გავიდე თავპატიჟი იმერულად.
-ბიჭო, ბარვაში, სხვლაში, შეწამვლაში, – არაფერში მეხმარები და რაღაცაში ხო უნდა გამომადგეო.
უსიტყვოდ მოვკიდე ჭიქას ხელი.
გამაგონე, ჯუზევიჩ…
წლების წინ მქონდა მობილური ტელეფონი „სიმენსი“, რომელსაც ჰქონდა ფუნქცია, – ჩაწერდი ნებისმიერ ხმას, მაგალითად, შენს საუბარს და შემდეგ შემომავალ ზარად დააყენებდი.
გამიჩნდა იდეა, – საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩავწერე – „გამაგონე, ჯუზევიჩ, ჯუზევიჩ, გამაგონე“ და მეგობართან ერთად ვდგავარ ჩემი სახლის წინ. მეორე მეგობარიც იქვეა „ჩასაფრებული.“
მაშინ მობილური ტელეფონები ასე მასიურად არ ჰქონდათ ადამიანებს.
გამოჩნდა მსხვერპლი და ჩემი ტელეფონიც ახმიანდა, – „გამაგონე, ჯუზევიჩ, ჯუზევიჩ, გამაგონეო…“ ახალმოსულმა მკითხა, – ეს რა არისო. ვეუბნები, – ჩემი ახლობელი მუშაობს ჯეოსელის ოფისში, ნომრის აკრეფა ეზარება და იქედან პირდაპირ მეძახის-თქო.
-ჰოო, ოფისში თუ მუშაობს, დაგიძახებს, აბა რას იზამს. მე შენ გეტყვი, სალაპარაკო დაეხარჯება თუ რაო…
რა გეკარვება…
2001-2002 წლის ზაფხულია. ზვარეში ვართ, კარვების ბანაკში. ჩვენმა გუნდმა „პილიგრიმი“ ბევრ კონკურსში გაიმარჯვა…
იმ პერიოდში ქვეყანაში საგადასახადო რეფორმა მიმდინარეობდა და როგორც ბევრი სხვა, მამაჩემიც შემცირებაში მოჰყვა და უმუშევარი დარჩა.
„პილიგრიმის“ ერთ-ერთ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მამუკა ჭიპაშვილმა და ნიკუშა მაჭავარიანმა ასეთი ლექსი „გამომითქვეს“-
„ლამაზად მოგდის ჯუზევიჩ, მუზა,
ამას არ უნდა ბევრი ბაზარი,
უმუშევარი დაგირჩა ჯუზა,
რა გეკარვება, ერთი მითხარი.“
ტახტი
ჩემი მეგობარი და ნათელმირონი მევლუდ ორჯონიკიძე მეუბნება, იქნებ სოფელში წამყვე, რაღაც ტახტი მაქვს წამოსაღები, ოღონდ დიდი ტახტია და სატვირთო მანქანა დაგვჭირდებაო.
ვეძებე ხარაგაულში „გაზიკი,“ თვითმცლელი „ზილი,“ მაგრამ ვერც ერთი ვერ ვნახეთ. ბოლოს „უაზი“ წავიყვანეთ, თან მევლუდი ძალიან დაფიქრებული იყო, – ვაითუ არ დაეტიოსო.
ავედით მევლუდის სახლში. მეორე სართულიდან რის ვაი-ვაგლახით ჩამოვათრიეთ ტახტი და ეზოში დავდგით.
სანამ ჩვენ სული მოვითქვით, მძღოლმა ორ ადგილას ამოარტყა ამ ტახტს და დაშალა. ხელში შეგვრჩა ოთხი საშუალო ზომის ფიცარი, რომელიც თავისუფლად დაეტეოდა „ნივის“ ან „მოსკვიჩის“ საბარგულში.
-ეს მანქანა რად გვინდოდაო, – შეწუხდა მევლუდი.
დავამშვიდე, – კიდევ კარგი „გაზიკი“ ვერ ვნახეთ, თუ არა მერე გენახა შენ სირცხვილი-მეთქი.
რახიტი და მზეთუნახავები
სტუდენტობისას მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ვდგავართ. გაზაფხულის მზეა და აღვნიშნე, – ახლა მზის სხივების დამსახურებით ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინი მიდის „ჩქაფაჩქუფით“ და რახიტი აღარ დაგვემართება-მეთქი.
-აბა, მზეთუნახავები რახიტიანები იყვნენო? – მკითხა მეგობარმა.
„თურმე ბავშვობაში“ და კატები
დაახლოებით ათი წლის წინ გაზეთს „ჩემი ხარაგაული“ ჰქონდა რუბრიკა „თურმე ბავშვობაში“. ამ რუბრიკაში სტუმრობისას ვახსენე, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კატები და იმ მომენტისათვის სახლში ხუთი კატა მყავდა.
გამოვიდა გაზეთი და საღამოს სახლში ერთ-ერთი ხარაგაულელი ქალბატონი მირეკავს: გაზეთში წავიკითხე ხუთი კატა გყოლიათ და იქნებ ერთი მომცეთო.
მეორე დღიდან უკვე ოთხი კატა მყავდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი