გვიამბობს ირინე ჩხეიძე
„გამოყოფილი მაქვს, ქალო, გამოყოფილი…“
თეატრალების ცხოვრება კურიოზებითაა სავსე. ჩვენც უამრავი სასაცილო ამბავი გადაგვხდენია.
ბორითში ვატარებთ თოჯინების თეატრის სპექტაკლს „მამალი და ფისო.“ ლუიზა კიკნაძე თამაშობს მელას, ხოლო ნიკო წიკლაური – მამალს. მელა მამლის გარეთ გამოტყუებას ცდილობს:
-მამალო, გამოიხედე, ნახე, რა საკეკნკი მოგიტანე. გამოყავი თავი, გამოყავი.
ამ დროს შუქი წავიდა. ვეღარც ლუიზა ხედავს ვერაფერს, ვეღარც – ნიკო.
ლუიზა ისევ იძახის – გამოყავი თავი, მამალო, გამოყავი.
ნიკომ გამოყო თავი, მაგრამ ლუიზა ვერ ხედავს და გამუდმებით იგივეს იმეორებს…
ნიკო გაბრაზდა და დაუძახა:
-გამოყოფილი მაქვს, ქალო, გამოყოფილი.
იმდენი ვიცინეთ, ლამის თეჯირი თავზე დაგვეცა.
ნუთუ ყველას დააგვიანდა…
ჩემს შვილს ვატოს საბავშვო ბაღში ყველაზე გვიან, სამსახურის დამთავრების შემდეგ ვაკითხავდი. ჯგუფში მხოლოდ ჩემი შვილი და თამრიკო მასწავლებელი მხვდებოდნენ. მეც ძალიან განვიცდიდი და ბავშვიც.
ერთხელ, მუშაობაში ვარ ჩართული და უცბად საათს შევხედე… შვიდი საათია დაწყებული.
-მიშველეთ, ბავშვი ბაღში დამრჩა-მეთქი, – ვიყვირე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.
შევვარდი ჯგუფში და ვხედავ, ყველა ბავშვი ადგილზეა, – ნეტა რა ხდება, ნუთუ ყველა მშობელს დააგვიანდა… ბოდიში მოვუხადე თამრიკო მასწავლებელს დაგვიანებისთვის. თამრიკო მომაჩერდა გაოგნებული, მაგრამ არაფერი მითხრა. დავბრუნდი სამსახურში. ყველა თანამშრომელი ადგილზეა. მიკვირს, რატომ არ მიდიან სახლში. ამ დროს ბათუ კიკნაძეს სიცილი აუტყდა. თურმე საათი ორი საათით გადაუწევიათ ბათუს და ლაშა კვირიკაშვილს. ასე გაათავისუფლეს ვატო ორი საათით ადრე საბავშვო ბაღიდან.
რავა ომში დაკარგულივით არსად მახსენეო…
გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ რამდენიმე წლის წინ დაიწერა ჩემზე სტატია, სადაც ჩემს ბიოგრაფიაზე ვსაუბრობდი. რატომღაც გვერდი ავუარე ჩემი და ნიკუშას ურთიერთობას, – არ ჩავთვალე საჭიროდ. მხოლოდ წერილის ბოლოს გაკვრით ვახსენე. ნიკუშამ გულდასმით წაიკითხა სტატია და ცოტა არ იყოს ნაწყენმა მითხრა, – ყველაფერი კარგია, მაგრამ მე ომში დაკარგულივით რავა არსად არ მახსენეო…
გაიხსენე შენი თანატოლების გმირობა
ჩემს თანატოლებს ახსოვთ, პიონერები პლენუმებსა და ყრილობებზე ომახიანი შეძახილებით რომ ვამხნევებდით შეკრებილ ადამიანებს.
მორიგი ღონისძიებაა. ავად გავხდი და მაღალი სიცხე მაქვს. მამიდაჩემმა დაურეკა ქალბატონ ნინიკო სახვაძეს. ტელეფონში ისმის ნინიკოს განწირული ხმა, – ვაიმე, ლიანა, დავიღუპე, მონტაჟი ჩამივარდებაო.
ცოტა ხანში რეკავს ტელეფონი. ნინიკო მასწავლებელმა ეტყობა ბევრი იფიქრა, როგორ გამოვეყვანე სახლიდან და სიტყვა მოამზადა:
-ირინე, მესმის რომ ავად ხარ, არ შეგიძლია, მაგრამ უნდა გაიხსენო, რა მსხვერპლს სწირავდნენ შენი ტოლი გოგო-ბიჭები, რომ შენ ბედნიერი ცხოვრება გქონოდა. გაიხსენე ოლეგ კოშევოისა და ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობა. ადექი და წამოდი ღონისძიებაზე.
მეც ავდექი და წავედი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი