გვიამბობს ნოდარ სხილაძე

ყალბი ათლარიანი

ცხონებული ვახტანგ ლურსმანაშვილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მუშაობდა. კიდეც პარიკმახერობდა და მეუღლესთან ერთად ე.წ. ბუტკაშიც ვაჭრობდა.

ერთ დილას დავინახე, რომ ხუთი-ექვსი ადამიანი შეკრებილა და რაღაცას ბჭობენ.
დავინტერესდი და მივედი.
– რა მეშველებაო, – ვიშვიშებს, წუხს ვახტანგი. ვიღაცას ყალბი ათლარიანი შეუპარებია, – ერთი კვირა უნდა ვიმუშაო, ათი ლარი რომ დამრჩესო… ეს რომ ხაშურში წავიღო და ვინმემ გამიგოს, ცემაში ამომხდიან სულსო.

უცბად მომიბრუნდა და მეკითხება, – ზეგ ქელეხში ვარ დაპატიჟებული და გადასახურავად რომ მივიტანო, ხომ არავინ გაიგებსო.
-გადასახურავად არ ვიცი, მარა მიცვალებულს თუ გაუკეთებ თითებში, მაგას ვერავინ ვერ მიხვდებაო – თქო, – ვუთხარი და ატყდა კიდეც ხარხარი.

iumori-1

ნერგები

ცხონებული ბონდო კვირიკაშვილი და მე ვზივართ მისი მაღაზიის წინ და ვსაუბრობთ. დილაა, გაზაფხულია და ნერგების დარგვის დროა. გავხედეთ და მოდის ლეო წულუკიძე. გასაყიდი ნერგები მოაქვს.

– რისი ნერგებიაო? – დაუძახა ბონდომ.
– ვარდენიჩო, – მიუგო ლეომ, – ისეთი ალუჩაა, ალუჩის უნახავს გაგხდისო.

ხუთი ნერგი იყიდა ბონდომ. ჩაიდო ფული ლეომ ჯიბეში და წავიდა.
უცებ ეძახის ბონდო, – ეს რომ მწარე ტყემლის ნერგები გამოდგეს, ვაი შენი ბრალიო…

შემოტრიალდა ლეო და ეუბნება:
-ვარდენიჩ, მაგის ნაყოფის მოსხმას ვერც მე მოვესწრები და ვერც შენ და მერე თუ გინდა, ბია მოუბია, რას დევეძებო.

iumori-3

წულუკიძემ გადააგდო

მე და ნიკუშა მაღრაძე ერთად ვმუშაობდით დასუფთავების სამსახურში.
ერთ დღეს ამირან ბარბაქაძე და ლეო წულუკიძე მორიგეობდნენ. ლეო რატომღაც ვერ მოვიდა სამორიგეოდ. ამირანმა იმუშავა, მოვიდა ნიკუშასთან და შესჩივლა, – წულუკიძემ გადამაგდოო.

– ამირანო, – გაამხნევა ნიკუშამ თანამშრომელი, – წულუკიძეებმა და ორჯონიკიძეებმა ნიკოლოზ მეორე გადააგდეს და შენ რომ გადაგაგდოს, რა გასაკვირიაო.

მამუკა ჭიპაშვილის ნახატები