ციალა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდვაკეში მრავალსართულიანი ბინის პირველ სართულზე ცხოვრობს. ის პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
გადაადგილება უჭირს და ამიტომ იატაკზე დახოხავს. მისი საყოფაცხოვრებო გარემო იმდენად გაუსაძლისია, რომ წარმოდგენაც კი რთულია. ორი პატარა ოთახი, ელექტროენერგიის გარეშე; სრული წყვდიადი; ფანჯრის ჩამტვრეულ მინებზე პოლიეთილენის პარკებია გაკრული. სიჩუმეს პატარა ტელევიზორის ხმა არღვევს.
ის ერთადერთი ნათელი წერტილია ამ სიბნელით მოცულ გარემოში. ციალა მაღრაძე დიდი ხანია ასეთ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. ის ამჟამად არანაირი სოციალური პროგრამითა და სერვისით არ სარგებლობს.
წლებია, სამედიცინო მომსახურეობა არ გასწევია. ტკივილი აწუხებს, მაგრამ გამაყუჩებელი წამლის ყიდვის საშუალებაც არ აქვს. ყველაფერი ენატრება. დამოუკიდებლად ტელევიზორსაც კი ვერ რთავს. მის ერთადერთ სრულწლოვან ქალიშვილს ინტელექტუალური პრობლემა აქვს.
„28 წელია, ასეთ მდგომარეობაში ვარ, – ამბობს ციალა მაღრაძე, – ვერ ვიმკურნალე, ხომ იცით სამედიცინო მომსახურება როგორი ძვირია?! ჩემი შემოსავალი პენსიაა – 275 ლარი. ნუთუ მეტი არაფერი უნდა მქონდეს პირველი ჯგუფის ინვალიდს?! ვერ დავდივარ, პატარა ბავშვივით დავხოხავ.
ეტლი მომიტანეს, მაგრამ დიდი ზომისაა და ვერ ვიყენებ. ადრე პურს ვზელდი ხოლმე, მაგრამ ახლა მაგასაც ვეღარ ვახერხებ. ადრე მეხმარებოდნენ, ახლა დიდი ხანია აღარ მოსულან. არჩევნები არ არის, თორემ დატრიალდებოდნენ. ექთანი დადიოდა ხოლმე და ანალიზებს მიკეთებდა, ახლა კი – აღარ.
ფეხები ძალიან მტკივა. ხელებიც აღარ მივარგა. გამაყუჩებელი რომ მაინც მქონდეს, კარგ იქნებოდა. ახალი წელი მოდის და არ ვიცი, რით ვიარსებებ“.
რამდენიმე თვეა, დიდვაკის მრავალსართულიანი ბინის აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო ციალა მაღრაძეს აივანზე ამოშენებული დამატებითი სათავსო მოუხსნეს, სადაც მას ღუმელი ედგა. ახლა სიცივეში უწევს ყოფნა. წელს მუნიციპალიტეტს მისთვის შეშაც არ მიუტანია. მეზობლები ამბობენ, რომ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოუტანონ მას საჭმელი და ამავე დროს მომვლელი აუყვანონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ციალა მაღრაძის ოჯახის პრობლემის შესახებ საქმის კურსშია და უახლოეს დღეებში სათნოების სახლი მისთვის საკვების მიწოდებას დაიწყებს.
„ჩვენ უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ციალა მაღრაძის ოჯახის დასახმარებლად და მისი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ვაწარმოეთ შეხვედრა მშენებელ კომპანიასთან, რომ მოხდეს ფართის ამოშენება. მერიას აქვს ფინანსური მხარდაჭერა მათთვის, ვისაც მომვლელის დახმარება სჭირდება.
მომართვის შემთხვევაში ციალა მაღრაძის ამ პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია. ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ. ამ პროგრამის მოთხოვნები თუ ვერ დააკმაყოფილა, მაშინ ალტერნატიულ საშუალებას მოვძებნით“.
ფიზიკური გარემო შშმ პირებისთვის ხელმიუწვდომელია
2005 წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი არსებობს. ეს არის შშმ პირთა ორგანიზაცია (Disabled Peoples Organization- DPO). ამ კავშირის ხელმძღვანელი გოგა გოგატიშვილი წლების განმავლობაში შშმ პირთა საკითხებზე აქტიურად მუშაობს. თავადაც ეტლით მოსარგებლეა და კარგად ესმის მათი საჭიროებების.
შშმ პირთა რეგისტრირებული კავშირის ოფისი საჩხერეშია, მაგრამ შშმ პირთა უფლებებს ხარაგაულის, ჭიათურისა და სხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბითაც იცავენ. გოგა გოგატიშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ბევრი პრობლემა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არსებობს.
ბოლო წლებში თითქოს ამ კუთხით დადებითი ძვრები შეინიშნება, მაგრამ გაჩნდა ხარისხის პრობლემა. ხშირად ისეთ პანდუსებს აკეთებენ, რომელთა გამოყენებაც შეუძლებელია.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე როდესაც საუბრობენ, მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებისთვის საჭირო პანდუსებს გულისხმობენ, მაშინ როდესაც სხვა ჯგუფის შშმ პირებს სხვანაირი გარემო სჭირდებათ.
დიდ პრობლემას წარმოადგენს არაადაპტირებული ტრანსპორტი. სოფლიდან მუნიციპალურ ცენტრამდე ადაპტირებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ არსებობს და ტაქსით გადაადგილება გვიწევს. დამერწმუნებით, რომ ის საკმაოდ ძვირია და ბევრისთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი. საკუთარი ტრანსპორტი თუ არ ჰყავს ოჯახს, მაშინ შშმ პირი, ფაქტობრივად, ხელოვნურ იზოლაციაში ხვდება“.
საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით. ჯერჯერობით, მსგავსი გეგმა მათ არ წარმოუდგენიათ.
მერაბ გურგენიძე ჭიათურაში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი ბინის მეხუთე სართულზე ცხოვრობს. წლებია, მის ბინაში ლიფტი არ მუშაობს. ყველა დროის ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებით ისტუმრებდა, რომ მის ბინას ლიფტს გაუკეთებდნენ. ისიც იმედს არასდროს კარგავს და სულ მოლოდინშია.
„65 წლის პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. არც ერთი ფეხი არ მაქვს. მარტო ვცხოვრობ,- ამბობს მერაბ გურგენიძე, – ყველაფერს ვუძლებ და გავუძლებ კიდევ. არაფერი ხელს ისე არ მიშლის, როგორც ლიფტის არარსებობა. ეზოში რომ ჩავდივარ, სიკვდილს ვნახულობ. ვფიქრობ, ნეტავ სახლში არ ამიყვანა-თქო.
ხშირადაა, რომ ეზოში ჩამოსულს მომშივდება ხოლმე, მაგრამ ვუძლებ და სახლში არ ავდივარ. თან ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბინა ჩეხური პროექტისაა და საკმაოდ დიდი საფეხურებია. ადგილობრივი ხელისუფლება ლიფტის გაკეთებას დამპირდა. მითხრეს- ხარჯთაღრიცხვა უკვე მომზადდაო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს“.
მუნიციპალიტეტებში შშმ პირებისთვის სერვისები არასაკმარისია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი, მადონა ხარებავა ამბობს, მუნიციპალიტეტებში შშმ პირების, მათ შორის – შშმ ქალებისთვის ძალიან ცოტა სოციალური სერვისია და რაც არის, ისიც შშმ პირთა ამა თუ იმ ჯგუფისთვის მორგებული არ არის.
„სოციალური პროგრამების შედგენის დროს აუცილებელია შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სწორედ ამ თემს დავეკითხოთ, თუ რა აწუხებთ მათ. ეს პროგრამები შშმ პირთა პრობლემების შერბილებისკენ უნდა იყოს მიმართული. მწირე ბიუჯეტის შემთხვევაში რთულია, მუნიციპალიტეტმა მრავალფეროვანი პროგრამები შემოგვთავაზოს. ეს თანხები, რაც არის, ობიექტურად და თანასწორად უნდა გადანაწილდეს. დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს“.
„ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სამსახურებში უსინათლოები დასაქმებულები არ არიან“
უმუშევრობა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამ კუთხით არსებული ვითარება პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა. ამის ფონზე, შშმ პირთა დასაქმების საკითხი კიდევ უფრო მეორეხარისხოვანი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა სახის მხარდაჭერითი პროგრამები აქვს, შრომით ბაზარზე კონკურენციას ძალიან ცოტა შშმ პირი სწევს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ ადამიანებმა თავის დროზე სრულფასოვანი პროფესიული და ზოგადი განათლება ვერ მიიღეს.
ბევრი დამსაქმებელი შშმ პირთა დასაქმებას აღიქვამს, როგორც ქველმოქმედებას. ეს მანკიერი დამოკიდებულებაა. შრომით კოდექსში ცვლილებები შევიდა და გონებრივი მისადაგების პრონციპი დაინერგა. იგი სხვებთან თანაბარ პირობებში შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას უზრუნველყოფს.
უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ ლომიძე ამბობს, რომ ზესტაფონში არც ერთი უსინათლო არ არის დასაქმებული. ხარაგაულში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან აქ უსინათლოთა პროგრამა მოქმედებს.
„ხარაგაულში უსინათლოებს კომპიუტერულ პროგრამებს ვასწავლი. ჩემ გარდა კიდევ სამი უსინათლოა აქ დასაქმებული. ჩემს მოსწავლეებს ვუხსნი ხოლმე, რომ სახლში ჩაკეტვა არ შეიძლება. აქტიურად უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავი მის სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
ხარაგაულში როგორი პროექტიც ფუნქციონირებს, კარგი იქნება, ზემო იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც თუ დაიწყება. წლებია, ვცდილობთ ზესტაფონშიც გამოგვივიდეს ამ კუთხით რაიმე. კომპიუტერის შესწავლით უსინათლოები ძალიან დიდ შვებას მიიღებენ. ცხოვრება გაუადვილდებათ. წიგნების წაკითხვასა და საჭირო ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ.
ზესტაფონში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც სავალალო მდგომარეობაა. კარგი იქნება ცენტრალურ გადასასვლელებზე ხმოვანი შუქნიშნების მოწყობა. ეს უსინათლოებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს“- აღნიშნავს ვასილ ლომიძე.
როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტებში მოქმედი შშმ პირთა საბჭოები
საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოები ფუნქციონირებს. მადონა ხარებავა აღნიშნავს, რომ მათი მუშაობა ხშირ შემთხვევაში სიმბოლურია. არსებობს გამონაკლისები, სადაც არაჩვეულებრივად არა, მაგრამ მცირედით მაინც აკეთებენ საქმეს. ვასილ ლომიძე ხარაგაულის შშმ პირთა საბჭოში გაწევრიანებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითხოვდა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, პირველივე შეხვედრის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს. იგი იმედოვნებს, რომ ეს გამოსწორდება.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ბევრი რაღაც შეგვიძლია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეგვიძლია, იმის განვითარებაზე ვიფიქროთ,- ამბობს მადონა ხარებავა, – შშმ პირებს ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გადადგან ნაბიჯები.
ჩვენ მათ მხარდაჭერითი პროგრამები უნდა შევთავაზოთ და არჩევანი თავად გააკეთონ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მათ საკუთარი უნარები გამოამჟღავნონ. საზოგადოება ხშირად შშმ პირს უყურებს როგორც საწყალს, საცოდავს. ეს იმ ფონზე, როცა ამ ადამიანთა დიდ ნაწილს ბევრი შესაძლებლობა აქვს“.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა სურვილები და ოცნებები მხოლოდ კანონებშია ასახული
საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების მიღმა რჩებიან. მათ არ აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის უფლება.
მოკლებულნი არიან თავისუფალი გადაადგილებისა და დასაქმების შესაძლებლობას. ვერ სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რაც თითოეულ ადამიანს დაბადებიდან ენიჭება. ისინი დღემდე ერთ-ერთ გარიყულ ჯგუფად ითვლებიან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სისტემურ დაბრკოლებებს აწყდებიან. კონსტიტუციით მინიჭებული მათი ყველა უფლება დაცული არ არის.
ბოლო წლებში საქართველოს საკანონმდებლო ბადეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2013 წელს ჩვენმა ქვეყანამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 14 ივლისს მიიღო. მიღებულმა კანონმა დადებითი მუხტი შეიტანა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაში, მაგრამ ცხოვრებაში მისი რეალიზება დღემდე არ ხდება.
ამას მოწმობს ის, რომ ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და დასაქმების სფეროში ბევრი ხარვეზი არსებობს, რომელთა გამოსწორებაზე სახელმწიფო დიდ მზრუნველობას არ იჩენს. საქართველოში შშმ პირთა სრულყოფილი სტატისტიკაც კი არ არსებობს.
კიდევ უფრო რთულია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიურობა. მათი დიდი ნაწილი სახლიდან გამოსვლასაც კი ვერ ახერხებს, რადგან მოწესრიგებული და ადაპტირებული სატრანსპორტო სისტემა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ოცნების საგანია.
ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში – საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი და ხარაგაული – ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა სურვილები და ოცნებები მხოლოდ კანონებშია ასახული. მათ ყოველდღიურად მრავალი სირთულის დაძლევა და ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებაზე უარის თქმა უწევთ.
ლიკა ხიჯაკაძე
მთავარ ფოტოზე – ციალა მაღრაძე
P.S. დიდვაკელი ციალა მაღრაძის შესახებ მომზადებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
შშმ ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, მეტი ბარიერი ხვდებათ
„ჩვენ – 30 ამბავი“ – ხარაგაულში ფოტოგამოფენა გაიხსნა
გოგა კვინიკაძე – სულიერი სიმტკიცითაც უნდა აჯობო ავადმყოფობას!
ჩვენს მრავალშვილიან ოჯახში ბავშვებს ნეთბუქები აქვთ, ინტერნეტი – არა
ლია მუხაშავრია ხარაგაულში მარტოხელა მშობლებს შეხვდა
ზვარელები რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის გეოლოგიურ დასკვნებს უნდობლად უყურებენ
XXI საუკუნეში ბუნებრივი აირი სანატრელი არ უნდა იყოს
მოუწესრიგებელი კანალიზაციის სისტემა, შესაძლოა, უამრავი დაავადების მიზეზი გახდეს
თვითმმართველობა მოსახლეობის საჭიროებებს ნაკლებად ითვალისწინებს – ამბობს დეპუტატი
ათწლეულობით მოუგვარებელი პრობლემები ხარაგაულში
ვარძიის მოსახლეობას უწყლობა და უგზოობა აწუხებს
ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ
ვარძიაში მიწა იმდენ მოსავალს არ გვაძლევს, რამდენსაც ვშრომობთ
გედსამანია ინტერნეტისა და მობილური კავშირის მიღმა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი