საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, პიროვნული ღირსების დაცულობისა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევის კუთხით დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ამას ხელს სახელმწიფოს მიერ 2020 წლის ივლისში შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებული კანონიც უწყობს. ამ კანონის მიზანია შშმ პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ხელმისაწვდომობის მიღწევა.

მიუხედავად საკანონმდებლო და სააზოგადოებრივ სივრცეში არსებული დადებითი დინამიკისა, მრავალი შშმ პირი კვლავ დისკრიმინაციის საფრთხის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ შეიმჩნევა. ხშირ შემთხვევაში ისინი ორმაგი, ზოგჯერ კი მრავალმხრივი დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან.

საჩხერეში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი (გოგა) გოგატიშვილი ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად მონაწილეობენ. საქართველოში დასაქმების კუთხით არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ფონზე, შშმ ქალებს წინ კიდევ უფრო მეტი ბარიერი ხვდებათ.

„საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი 2005 წელს დაარსდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტით შემოვიფარგლებით. შშმ პირთა საკითხებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვლობირებთ, განსაკუთრებით კი საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამ მუნიციპალიტეტში აქტიური შშმ ქალი არ არის. ეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციაში შშმ ქალებს, როგორც მოწყვლად და დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ მყოფ ჯგუფს, ცალკე თავიც კი აქვთ მიძღვნილი“, – აღნიშნავს გოგა გოგატიშვილი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცებისგან განსხვავებით, შშმ ქალებს დამატებითი ბარიერები ხვდებათ. ეს გამოიხატება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას, განათლების მიღებისა და დასაქმების დროს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდამდე გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები ერთ ჭრილში არ განიხილებოდა. ისინი აცდენილი ცნებები იყვნენ და მათი გადაკვეთა უსასრულობაშიც არ ხდებოდა.

„დღემდე, გენდერი შშმ ქალს „ვერ ხედავდა“. ის მას აღიქვამდა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, – ამბობს მადონა ხარებავა, – დღეს, ამ კუთხით, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. განსაკუთრებული აქტიურობით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართული შშმ ქალები გამოირჩევიან.

რეგიონებში მცხოვრები შშმ ქალები კი კვლავ პასიურობენ. მათ კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობები ხვდებათ. საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ ქალებთან შედარებით, მამაკაცების წილი უფრო მაღალია“.

გენდერული როლების ტრადიციული განაწილებიდან გამომდინარე, შშმ ბავშვების მოვლასთან დაკავშირებულ ზრუნვით სამუშაოებს, ძირითადად, დედები ასრულებენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებისთვის ოჯახს დამატებითი მატერიალური შესაძლებლობები სჭირდება.

ამის ფონზე, დროის რესურსის ნაკლებობის გამო, შშმ ბავშვთა დედები დასაქმებას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო და კერძო სექტორში არ არსებობს ისეთი პროგრამები, რომელიც მათ მოქნილ გრაფიკს შესთავაზებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება მარტოხელა დედების შემთხვევაში.

„ქვეყანაში უნდა არსებობდეს რაიმე სერვისი, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ახალგაზრდა მშობლების დასაქმებას უზრუნველყოფს, – ამბობს მადონა ხარებავა,- კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული. ხშირად  აქ ადამიანებს უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უწევთ. აქედან გამომდინარე, ისინი შშმ ბავშვთა მშობლებისთვის შეღავათების შეთავაზებას ერიდებიან. არ სურთ საწარმოო პროცესი დააზარალონ. მათ ამის არც მოტივაცია აქვთ.

საჯარო სექტორს რაც შეეხება, შრომით კოდექსში გარკვეული დადებითი ცვლილებები შეიმჩნევა. თუმცა, ამ ცვლილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია“.

ლიკა ხიჯაკაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში შშმ პირთა სრულყოფილი სტატისტიკაც კი არ არსებობს