„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას აგრძელებს. ამჯერად ხიდარს ვესტუმრეთ.
სოფელში პრობლემებზე ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. გვითხრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამის გამო, შესაძლოა, საყვედური მიიღონ.
ხიდრის მოუწესრიგებელი საუბნო გზები და მწყობრიდან გამოსული წყალგაყვანილობა ხელისუფლებისგან საყვედურს კი არა, ყურადღებას, დროულად შედეგისმომცემ და ეფექტურ ნაბიჯებს მოითხოვს.
„საუბნო გზები მასხარაშვილებისა და ხეცაძეების უბანში უმძიმეს მდგომარეობაშია, – ამბობს ხიდარში მცხოვრები თამარ თაბუკაშვილი, – მასხარაშვილების უბანში გასულ კვირაში სამძიმარზე ვიყავით. ტალახში, რომ იტყვიან, ჩურჩხელებივით ამოვევლეთ.
წყლის პრობლემა სოფლის თითქმის ყველა უბანშია. გლობალური დათბობის გამო, დაახლოებით ექვსი თვე, წყლის დებეტი იკლებს. ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარება არ შეგვიძლია და ამისთვის სპეციალისტია საჭირო, რომელიც გაყვანილობასაც თანამედროვე სტანდარტებით დაამონტაჟებს და წყალსაც მოიძიებს.
სოფელში გარე განათება აუცილებელია. ცენტრალური გზა მობეტონებულია და განათება აქ მაინც უნდა დამონტაჟდეს“.
ხიდარში სკოლის, ეკლესიის, შარიქაძეებისა და ჯორტების საუბნო გზები მობეტონებულია.
„მძიმე მდგომარეობაშია გზა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის უბანში, – ამბობს ხიდარში მერის წარმომადგენელი კოტე ბერაძე, – ამ გზის პროექტი მზადაა. თუმცა, არ ვიცი, მისი მობეტონება საიდან დაფინანსდება. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2021 წელს ხიდარში, ამ ეტაპზე, არც ერთი პროექტის განხორციელება არ იგეგმება.
მასხარაშვილებისა და ხეცაძეების საუბნო გზების მოხრეშვას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ. ეს მოსახლეობის წინასწარი გამოკითხვით დავადგინეთ. თუმცა, ყველაფერი საერთო კრებაზე გადაწყდება.
რაც შეეხება ხიდარში წყლის სისტემებს, შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ჯორტებისა და მთის უბნებისთვის წყლის მილები შევიძინეთ. სეხნიაშვილების უბანში წყლის სათავე ნაგებობაა მოსაწესრიგებელი. მოსახლეობას ვუთხრით, რომ მილებსა და სამშენებლო მასალებს შევუძენდით და სათავე თავად გაეკეთებინათ. მათგან პასუხს ველოდებით.
სოფელი გაზიფიცირებას ითხოვს. კიცხის ზონაზე ბუნებრივი აირის გარეშე ხიდარი და წყალაფორეთი რჩება. იმის მიუხედავად, რომ 2021-23 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხიდარი არ არის ჩასმული, მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამ საკითხის მოგვარებას გვპირდება.
ხიდარში მოსახლეობა, უმეტესად, პირად მეურნეობაშია დასაქმებული – მესაქონლეობას და მეფუტკრეობას მისდევს. მეფუტკრები ხიდარში კოოპერატივის დაფუძნებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ შემოდგომაზე უმეტესობას ფუტკრის ოჯახების 70% გაუნადგურდა“.
„ხიდარში ინტერნეტის სიგნალის მიღება, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა, – ამბობს ხიდრის სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა, – სკოლის ორივე კორპუსში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტია. მადლობა მშობლებს, რომლებიც ონლაინ სწავლების დროს იჭირვებდნენ, ძვირადღირებულ ინტერნეტპაკეტს ყიდულობდნენ და შვილებს განათლების გარეშე არ ტოვებდნენ. 64 მოსწავლიდან ინტერნეტზე ხელი ორ-სამ მოსწავლეს არ მიუწვდება.
ინტერნეტის მიღება პრობლემაა მასხარაშვილების უბანში. თუმცა, მასწავლებლებს უყურადღებოდ არც ერთი მოსწავლე არ დაუტოვებიათ.
სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. გასული წლის ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება სველი წერტილების გარემონტებას მიექცა. დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემის დროს საკლასო ოთახების განიავებას. აუცილებელია, რომ სკოლაში ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შეიცვალოს“.
ხიდრის მოსახლეობის პრობლემების მოკვლევა რომ შევაჯამოთ, ამ სოფელში შემდეგი ძირითადი მოსაგვარებელი საკითხები გამოიკვეთა:
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
XXI საუკუნეში ბუნებრივი აირი სანატრელი არ უნდა იყოს (ვიდეო)
უგზოობამ, უწყლობამ და მეწყერის შიშმა დაგვტანჯა – ამბობენ ზვარელები
გედსამანია ინტერნეტისა და მობილური კავშირის მიღმა
გედსამანიელები უსარგებლო სტატუსით და ექთნის მოლოდინში
ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი