„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას აგრძელებს.

ამჯერად სოფელ ვარძიას ვესტუმრეთ. ვარძიელებს ყველაზე მეტად უწყლობა და მოუწესრიგებელი საუბნო გზების პრობლემა აწუხებთ. ათეული წლებია, უწყლობით იტანჯებიან ვარძიის მეხუთე და მეორე უბნის მაცხოვრებლები.

ლალი ხარაზიშვილი ვარძიის მეორე უბანში ცხოვრობს. „სოფელი მიგრაციას განიცდის – ახალგაზრდობა სოფლიდან წასულია, – ამბობს ლალი ხარაზიშვილი, – სოფელში დარჩენილ ხანდაზმულებსაც გვჭირდება ყურადღება, მეტი ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.

სასმელი წყლის პრობლემაა ჩვენს უბანში. არ მინდა ვთქვა, რომ განვლილი ცხოვრება ჯობდა დღევანდელს. მომავალი მაინც უნდა გვქონდეს საუკეთესო. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მოდიან ჩემთან სტუმრები და ვიამაყებ, თუ უფრო ლამაზი იქნება სოფელი ვარძია“.

კოჩაძეების უბანში მცხოვრებ ნანა გუდაძეს უწყლობა და უგზოობა აწუხებს. წყალი ზაფხულში, ფაქტობრივად, არ აქვთ. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად სხვის სახლში ცხოვრობს, რადგან  ამავე უბანში მათი სახლი დაინგრა. ნანას, მეორე წელია, ხელისუფლება ახალ სახლს ჰპირდება.

ვარძიის სკოლაში 70 მოსწავლე სწავლობს, საბავშვო ბაღში 18 აღსაზრდელია. ამის მიუხედავად, სკოლის დამთავრებისა და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სოფელში დაბრუნების მსურველი ნაკლებადაა.

ვარძიის მეხუთე უბანში მცხოვრები გიორგი სარალიძე ახლახან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნდა. ის ამბობს, რომ სოფელში უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა. ამ უბნის მოსახლეობას უგზოობა და უწყლობა აწუხებს.

„ახალგაზრდები უიმედოდ არიან, – ამბობს გიორგი სარალიძე, – მიიღებენ უმაღლეს განათლებას და არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, რომ აქ სამსახური დაიწყონ. ამიტომ ან ქალაქში რჩებიან, ან სამუშაოდ უცხოეთში მიდიან.

ვარძიაში მიწა იმდენ მოსავალს არ იძლევა, რამდენსაც ვშრომობთ. ჩვენს უბანში გზას ხუთ წელიწადში ერთხელ ხრეშავენ. ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი გამოიყვანეს, მაგრამ სახლებში როდის შემოიყვანენ, ღმერთმა უწყის.

ვარძიიდან ხარაგაულში ტრანსპორტი მხოლოდ ორშაბათობით მოდის. ზესტაფონსა და სხვა ქალაქებში უფრო ადვილად დავდივართ, ვიდრე ხარაგაულში“.

„ათიდან ცხრა ოჯახში ყველა უმუშევარია, – წუხს ვარძიის მეხუთე უბანში მცხოვრები ბადრი ბერაძე, – სოციალური დახმარება და პენსია არასაკმარისია. წამლის, პურის ფქვილის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ხორცი თუ არ გექნება, პური ხომ მაინც უნდა გქონდეს, შეწუხებულმა გლეხმა ჩაის რომ მიაყოლო.

წყალი და ბუნებრივი აირი 21-ე საუკუნეში არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ არ გვქონდა და ახლა რომ გვაქვს, მისასალმებელია“.

წინაველას უბნის დასაწყისში ცხოვრობს მედული ბარბაქაძის ოჯახი. მისი სახლი მეწყერმა დაანგრია. ხელისუფლება ახალი სახლის აშენებაში დაეხმარა. თუ იშრომებ, მშიერი არ მოკვდებიო, – ამბობს მედული ბარბაქაძე. მისი მთავარი მოთხოვნა საუბნო გზის მობეტონებაა.

ვარძიის სკოლაში პირველ კლასს ასწავლის ლამზირა ბააკაშვილი. ის დისტანციური სწავლების დროს პრობლემების წინაშე დადგა. რვა პირველკლასელიდან სამ მოსწავლეს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდა – ისეთ ადგილებზე ცხოვრობენ, იქ არც მობილურის სიგნალი ვრცელდება და არც რომელიმე ინტერნეტ ოპერატორის.

ამის მიუხედავად, მოსწავლეებმა პირველი კლასის საპროგრამო მასალა დაძლიეს და წერა-კითხვაც ისწავლეს. ლამზირა ბააკაშვილი ამბობს, რომ ინტერნეტი სოფელში აუცილებელია. ჯერჯერობით, ვარძიაში საკაბელო ინტერნეტის ცენტრალური მაგისტრალია გაყვანილი.

„იმედია, ვარძიის მეხუთე უბანში საუკუნის პრობლემა – უწყლობა მოგვარება, – ამბობს თამაზი კვირიკაშვილი, – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გადავწყვიტეთ, რომ ჭაბურღილი მოეწყოს.

ფიზიკურად მოსახლეობა ვიმუშავებთ. ორმოცამდე ოჯახი უწყლობით გატანჯულია. ბუნებრივი პირობები შეიცვალა და ზაფხულში წყალს ხელით ხან მეზობლების ჭიდან ვეზიდებით, ხან წყაროებიდან. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია“.

მერის წარმომადგენელი ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში მზექალა გლუნჩაძე ამბობს, რომ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 16 ათასი ლარი მთლიანად ვარძიის მეორე და მეხუთე უბნებში წყალმომარაგებისთვის საჭირო ჭაბურღილების მოწყობას მოხმარდება.

ვარძიაში 2021 წელს ასევე დაგეგმილია საუბნო გზის რეაბილიტაცია პირველ უბანში, სადაც ჩხიკვაძეები და პაპიძეები ცხოვრობენ. ამ გზის მობეტონებისთვის 250 ათასი ლარია განაზღვრული. ვარძიაში მესამე უბანში 150 ათასი ლარით გზა მობეტონდება.

„ჭაბურღილების მოსაწყობად მასალები შევიძინეთ, – დადგმულია 15 ტონიანი წყლის ავზი, მაღალი სიმძლავრის ძრავი, ტუმბო, მილები, ბაგირი, – ამბობს მზექალა გლუნჩაძე, –  ველოდებით სპეციალისტს, ვინც წყლის დაძიებისა და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

წელს ვერ ხერხდება წინაველას, მეორე უბნის, სერის უბნის და მეხუთე უბნის გზების რეაბილიტაცია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 ათასი ლარით გზებს იმ უბნებში დავხრეშავთ, სადაც გზა ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის გამო ყველაზე მეტად დაზიანდა“.

 

ვარძიის მოსახლეობის პრობლემები რომ შევაჯამოთ, ამ სოფელში შემდეგი ძირითადი საკითხები გამოიკვეთა:

  • ყველა საუბნო გზა მოსაწესრიგებელია;
  • მოსაწესრიგებელია წყალგაყვანილობა ვარძიის მეხუთე და მეორე უბნებში;
  • მოსაგვარებელია სოფლის ინტერნეტიზაციის საკითხი;
  • მოსახლეობა სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის დაჩქარებას ითხოვს;
  • ახალგაზრდების სოფლიდან მიგრაცია შეუქცევადი პროცესია.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

XXI საუკუნეში ბუნებრივი აირი სანატრელი არ უნდა იყოს (ვიდეო)

უგზოობამ, უწყლობამ და მეწყერის შიშმა დაგვტანჯა – ამბობენ ზვარელები

გედსამანია ინტერნეტისა და მობილური კავშირის მიღმა

გედსამანიელები უსარგებლო სტატუსით და ექთნის მოლოდინში

ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ

ხარაგაულში მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს