„ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ – ასე აფასებს ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერს შპს „გეოლოჯიქი“. ამ კომპანიამ მეწყერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით გამოიკვლია. კვლევის შედეგები 30 სექტემბერს დამეწყრილი სოფლების მოსახლეობის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად განიხილეს.

ამ კვლევის მიხედვით

  • 68 ჰექტარზე განვითარებული მეწყერი კვლავ აქტიური და შეუქცევადია;
  • მეწყერის ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის;
  • გაგრძელდება მეწყერის არეალში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა;
  • მოსალოდნელია, რომ ფერდობის ზედა ნაწილიდან გადაადგილებული გრუნტი დაფარავს სოფელ ლაშის სკოლის ტერიტორიას. ამიტომ ამ სკოლის ფუნქციონირება უნდა შეწყდეს;
  • მეწყრის გადაადგილებასთან ერთად მდინარე ყარნებას ხეობის ფსკერის ამოვსების პროცესი გრძელდება და მნიშვნელოვანი მოცულობის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის რისკი არსებობს. ასეთ შემთხვევაში კი საფრთხის ქვეშ დგება სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე, მდინარე ყარნებასა და ჩხერიმელას ხეობების შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურა (სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები და სხვ.).

„ამ მეწყერს აქვს უნარი, ხეობა 80 მეტრის სიმაღლეზე აავსოს“, – ამბობს შპს „გეოლოჯიქის“ ინჟინერ-გეოლოგი მირზა მესხი და დასძენს, რომ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყრული პროცესები, ძირითადად, ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა.

„თეორიულად დასაშვებია, რომ მეწყერი ხელოვნურად განვითარებულიყო, – ამბობს მირზა მესხი, – ხელოვნური ფაქტორებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე. ლაშის სკოლის მიმდებარედ, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ფერდობია ჩამოჭრილი.

რა მეთოდებით ჩამოიჭრა ფერდობი, როგორ გაიჭრა სარკინიგზო გვირაბი – ექსკავატორით, სანგრევი ჩაქუჩით თუ აფეთქებებით, – ეს ჩვენ არ ვიცით და გამოსაკვლევია. ასევე არ ვიცით, რამდენად მძლავრი იყო რკინიგზის მშენებლობის დროს ბიძგები, რასაც, შესაძლოა, ფერდობის მდგრადობაზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა. ამიტომ მეწყერის წარმოქმნას რკინიგზის მშენებლობასთან ვერ დავაკავშირებთ. ამას ცალკე კვლევა და გამოძიება სჭირდება“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ მეწყერი რკინიგზის მშენებლობამ გამოიწვია. მისი მტკიცებით, ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი ბუნებრივი ფაქტორებით არის განპირობებული. მისივე ინფორმაციით, ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგებმა 2016 წლიდან დააფიქსირეს. რკინიგზის მშენებლობა კი 2019 წლიდან დაიწყო.

„რატომ არ ვიცოდით, ხემაღალი და ღვერკი მეწყერსაშიშ ზონად 2016 წლიდან თუ ითვლება, იქ ვარემონტებდით სახლებს, მშვიდად ვაგრძელებდით ცხოვრებას, ვის უნდა გავეფრთხილებინეთ ამის შესახებ“?! – ღვერკში მცხოვრები მარადი გელაშვილის ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას ახსოვს, რომ პირველი ბზარები რამდენიმე სახლზე 2020 წლიდან გაჩნდა; დაზიანდა საავტომობილო გზა „ციხის ყელზე“, რომელიც რკინიგზის მშენებელ ჩინურ კომპანიას შეაკეთებინეს. მოქალაქეები იხსენებენ, რომ რკინიგზის გვირაბის მშენებლობისას აფეთქებები იმდენად მძლავრი იყო, რომ რამდენიმე სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა და ჭურჭელი დაიმტვრა.

ხემაღალში მცხოვრები ირაკლი ხუციშვილი ამბობს, რომ რკინიგზის მშენებლობით გამოწვეულ პრობლემებს მაშინ თავად გაუმკლავდნენ. დამეწყრილი სოფლების მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მეწყერი რკინიგზის მშენებლობას უკავშირდება, რადგან ის სწორედ იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც 2020 წელს სახლებზე პირველი ბზარები, გვირაბში აფეთქებებისას გაჩნდა.

მეწყერის კვლევის წარდგენისას დაზარალებული მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო – რამდენად მიზანშეწონილია, 2016 წლიდან მეწყერსაშიშ ზონად მიჩნეულ ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობა, ვინ გასცა მშენებლობის ნებართვა და რის საფუძველზე, როგორი წესით უნდა განხორციელებულიყო ფერდის ჩამოჭრა და გვირაბის მშენებლობა?

„საქართველოს რკინიგზადან“ ამ ინფორმაციის მოპოვებაში მოსახლეობამ დახმარება მოითხოვა.

„მეწყერის გამომწვევი ზუსტი მიზეზების ცოდნა შემდგომი ქმედებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა გუგა სადრაძემ„საქართველოს გეოლოგიური სამსახურის“ ინჟინერ-გეოლოგმა და წარმოდგენილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხების მოკვლევაში დრო დაიკარგება; მათ კი მოსახლეობის დროულად დახმარება სურთ.

მოსახლეობისთვის მეწყერის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუ მეწყერი ხელოვნურად, რკინიგზის მშენებლობით განვითარდა, მაშინ საკომპენსაციო თანხა გაცილებით მეტი იქნება. ამჟამად ეკომიგრანტების სააგენტო ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახს 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე თანხას უხდის. ეს კი სახლის შეძენისა და ახლის მშენებლობისთვის არასაკმარისია.

რა ვითარებაშია ამჟამად მეწყერი და რას უნდა ელოდეს მოსახლეობა მომავალში, შეიძლება თუ არა გეოლოგების მიერ ამ ეტაპზე უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილებზე მეწყერისგან სახლებდანგრეული ოჯახების დასახლება.

„უახლოესი ორი ათეული წელი ხემაღალსა და ღვერკში მეწყერის დინამიკას ვერ გავაჩერებთ, – ამბობს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, – საქართველოში 50 ათასზე მეტი მეწყერია. ღვერკისა და ხემაღალის მეწყერი დიდი რისკის ზონაა, მეწყერების ტოპ-სამეულშია.

პირველივე დღეებიდან ჩვენ ყველას მკაცრად მოვუწოდებთ, რომ დამეწყრილ ადგილებში კატეგორულად დაუშვებელია ცხოვრება და გადაადგილება!

„გეოლოჯიქსის“ სპეციალისტების რეკომენდაციით, მეწყერზე და მდინარე ყარნებაზე მუდმივი მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს.

მეწყერმა 113 ოჯახი დააზარალა – მათგან ნაწილის სახლები დაინგრა, ნაწილი კი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება.

„113-ვე ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემაა გადაწყვეტილი იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ სახლები საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. უნდა განვსაზღვროთ ბიუჯეტი, – ამბობს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილ.

დამეწყრილი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრაზე არ დაკონკრეტებულა, გაიზრდება თუ არა ეკომიგრანტებისთვის საკომპენსაციო თანხა, რომელიც ამჟამად 30 ათასი ლარია.

„ვერავითარი თანხა იმ ტკივილს ვერ დაგვიკომპენსირებს, რაც სახლების დანგრევითა და მამაპაპისეული ადგილების დაკარგვით მივიღეთ. თუმცა, გვინდა, რომ ანაზღაურება იყოს ღირსეული და თანასოფლელები ისევ ერთად დავსახლდეთ“, – ამბობს მარადი გელაშვილი.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:
ვითარება მეწყერის ზონაში