ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა მოძველებული და გაუმართავია. ეს სისტემა გასული საუკუნის 60-იან წლებში მოეწყო, როცა ხარაგაულში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდა. მას შემდეგ საკანალიზაციო სისტემაზე დატვირთვა გაიზარდა, რის გამოც ქსელი ხშირად იბიდნება.

„სისტემის დაზიანების გამო ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის წყალანირების ჯგუფი ექვსჯერ გამოვიძახეთ. თუმცა, თუ ქსელი არ შეიცვალა, არაფერი გვეშველება“, – ამბობს ხარაგაულელი გიორგი მაქაძე და თანამოქალაქეების გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს, – კანალიზაციის არსებულ სისტემას არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ კომერციული ფართები იყენებენ. კანალიზაციის მილები კი იმდენად მცირე ზომისაა, რომ დატვირთვას ვერ უძლებს“.

დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა აქვს მოცემული, რომ კანალიზაციის მოსაწესრიგებლად 2021 წელს პროექტი მომზადდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზა დაბა ხარაგაულში მანამდე არ მოეწყობა, ვიდრე მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა არ მოწესრიგდება. ვფიქრობ, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმაში კანალიზაციის სისტების მოწესრიგების საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა აუცილებლად გამოიყოფა. ჯერჯერობით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება“.

„3000 წლის წინ დიდ ქალაქებში კანალიზაციის სისტემა მოწესრიგებული იყო. ამას ძველი ისტორიული დოკუმენტები ადასტურებენ. ცივილიზებულ სამყაროში რომ კანალიზაციის არქონაზე დავიწყებთ საუბარს, ეს დიდი სირცხვილია, – ამბობს ხარაგაულელი ეკა შველიძე, -სისტემის მოუწესრიგებლობის გამო ხარაგაულელებს ხშირად გვიწევთ ფეკალიების „სურნელით“ გაჯერებული ჰაერის სუნთქვა. ერთ ზაფხულს  ჩხერიმელაში ბანაობის გამო ჩემს ოჯახში ბავშვები ბოტკინით დაავადდნენ. ეს პრობლემა  არ მოხსნილა, ინფექციურმა დაავადებამ ხარაგაულში ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქოს“.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი თემურ კეპულაძე ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით 2022 წელს, ყველა სოფელში, რომელშიც 2000-ზე მეტი მაცხოვრებელია, კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყოს.

„ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემა საქართველოს მხოლოდ საჩხერეში, ზუგდიდსა და ფოთშია მოწესრიგებული. სხვა მუნიციპალიტეტებში საბჭოთა პერიოდში აშენებული კანალიზაციის სისტემები მოქმედებენ. მაშინ ამ სისტემებს საბჭოთა კავშირის საკავშირო სამინისტრო აშენებდა. თითქმის ყველგან გამოყენებული იყო მექანიკური განმწმენდები, ბიოლოგიურ განმწმენდებს არასოდეს უმუშავია. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ  ყველა სიბინძურე მდინარეში ჩაედინება. ეს კი, შესაძლოა, უამრავი დაავადების წარმოშობის მიზეზი გახდეს.

საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. თუ მუნიციპალიტეტებში კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება დაიწყება,  ქუჩებში გზის არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის ყველგან ასაღები იქნება. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო ამ მხრივ საბჭოთა კავშირიდან“, – ამბობს თემურ კეპულაძე.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ლურსმანაშვილს, მიაჩნია, რომ ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად საჭირო ფინანსების მოძიება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაზეა დამოკიდებული.

„მუნიციპალიტეტებში ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებში გამოსაყოფი თანხის ოდენობა დამოკიდებულია მიმდინარე წელს ათვისებული თანხის ოდენობაზე. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფილ თანხას სრულად ვერ ითვისებს. ამის გამო ხარაგაულმა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი თანხა დაკარგა. თუმცა ეს მოსახლეობაზე არ უნდა აისახოს. თუ ადგილობრივი ხელისუფლება იმუშავებს, შესაძლებელია ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, ან ფონდებიდან კანალიზაციის მოწესრიგებისთვის დაფინანსების მოპოვება,“ – მიაჩნია კობა ლურსმანაშვილს.

„ხარაგაულის კანალიზაციის სისტემის მშენებლობა, გაწმენდა, მოწესრიგება ყველაფერი წყალანირების ჯგუფს გვევალება,  – ამბობს ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ ლურსმანაშვილი, – კანალიზაცია ხარაგაულში თითქმის არ არსებობს. მთელი სისტემა შესაცვლელია. ამაზე ხელმძღვანელობასთან ხშირად ვსაუბრობთ. თუმცა, ჯერჯერობით, ამ საკითხზე  მუშაობა არ დაწყებულა. თუ კანალიზაციის ახალი სისტემა არ გაკეთდა, ხარაგაულში სამომავლოდ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.  შარშან კანალიზაციის პრობლემა გაჩნდა ადმინისტრაციულ შენობაში. შენობიდან ცენტრალურ ქუჩამდე თითქმის ახალი სისტემის გაჭრა მოგვიხდა, კანალიზაციის ჭებზე ზევიდან ბეტონია გადაგებული და ძველი ჭების პოვნა შეუძლებელია“.

„ყოველდღე ვმუშაობთ შაბათ-კვირის ჩათვლით, როცა დაზიანებაა ხშირად ღამეთაც გვიწევს გამოსვლა.სისტემა მოძველებულია და ხშირად ზიანდება. მძიმე სამუშაო გვაქვს და ვფიქრობ, ანაზღაურება შესაბამისი არაა. კარგი იქნება თუ  ხელფასების მომატებაზე იზრუნებენ“,  – ამბობს წყალანიების ჯგუფის წევრი ემზარ ორთოიძე.

„არც ერთი სხდომა არ ტარდება ხარაგაულის საკრებულოში, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ, კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას დაახლოებით ექვსი მილიონი ლარი სჭირდება. უსახსრობის გამო ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს საიმედოს ვერ გეტყვით“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თემურ თაბუკაშვილს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. თუმცა მან გვითხრა, რომ „კომენტარისთვის დრო არ აქვს“.

თამთა გოგოლაძე