არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ხარაგაულის კინოთეატრში მარტოხელა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

შეკრებილ საზოგადოებას საკუთარ ცხოვრებაზე, განვლილ სირთულეებსა თუ წარმატების მიღწევის გზაზე ცნობილი უფლებადამცველი, მარტოხელა მშობელი ლია მუხაშავრია ესაუბრა.

„37 წლის ვიყავი, როცა 5 წლის გოგონა ვიშვილე, – აღნიშნა შეხვედრაზე ლია მუხაშავრიამ, –  ჩემს ამ ნაბიჯს ძალიან სკეპტიკურად შეხვდა არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ დედაჩემიც და რამდენიმე ხანს ჩემთან ურთიერთობაც კი გაწყვიტა. ჩემს გოგონას ჰყავს 3 დედმამიშვილი, ისინი ამჟამად თელავში ცხოვრობენ და მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

შვილი დამოუკიდებლად გავზარდე, დღეს ის უკვე სტუდენტია. მე გირჩევთ, იამაყოთ, რომ მარტოხელა მშობელი ხართ, ეს ძალიან საპატიო სტატუსია.

აუცილებლად მიაკითხეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს გააგებინეთ თქვენი საჭიროებები. თუ სოფელში ცხოვრობთ და სოფლის მეურნეობას მისდევთ, ჩამოაყალიბეთ კოოპერატივი. რამდენიმე წლის წინ  საცხოვრებლად გურიაში გადავედი. იქ  ჩამოვაყალიბე კოოპერატივი, ვისარგებლე სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებით და ამჟამად მაქვს ხილის გადამამუშავებელი საწარმო. ჩემს კოოპერატივში 97 წევრია და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი კოოპერატივების ხუთეულში შევდივართ. იშრომეთ თქვენი შვილებისათვის. მათ სჭირდებათ, რომ თქვენ მყარად იდგეთ ფეხზე,“ – აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

ა/ო „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა ქეთევან ღვედაშვილმა და  სოფო ალექსიძემ ხარაგაულელთა შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, როგორ ხდება მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება საქართველოში.

ქეთევან ღვედაშვილის განმარტებით, მარტოხელა მშობლად საქართველოში ითვლება მხოლოდ ის დედა, რომლის შვილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია.

„საქართველოში მარტოხელა სტატუსის მქონე მამა არ გვყავს. მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვება ხელმისაწვდომი გახდეს. კანონში მზადდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი თუ დაქორწინდება, მას არ ეხსნება სტატუსი მანამ, სანამ ქმარი ბავშვს შვილად არ აღიარებს,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ქეთევან ღვედაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი, მარტოხელა მშობლების თემაზე ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები.

თამთა გოგოლაძე