ხუთი შვილის დედა ეკა ჯელაძე, მეუღლესთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში ცხოვრობს.

ახალგაზრდა წყვილმა შვილები დამოუკიდებლად გაზარდა. მათ არც მშობლები დახმარებიან, რადგან ეკას დედ-მამა და დედამთილ-მამამთილი ადრეულ ასაკში დაეღუპა.

ეკას ყოველი დღე ბავშვებზე ზრუნვით იწყება და მთავრდება, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველა შვილი მთელ დღეს სახლში ატარებდა.

„ბავშვებმა, როდესაც წამოიზარდნენ, ერთმანეთზე ზრუნვა დაიწყეს. უფროსი გოგონა 10 წლისაა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პატარებს. საოჯახო საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად დრო არ მაქვს, ამიტომ ჩემი უფროსი გოგონა უკითხავს თავის და-ძმას ზღაპრებს. მე კი მეცადინეობისას ვეხმარები მათ“.

ეკა ონლაინსწავლების დროს დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მათ ოჯახში ინტერნეტი არ აქვთ, არც ისეთი ტელეფონი, რომლითაც ბავშვები გაკვეთილზე ჩართვას მოახერხებდნენ.

„სკოლაში ჩემი ორი შვილი დადის. ბავშვებს ნეთბუქები კი აქვთ, მაგრამ ინტერნეტი – არა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ონლაინსწავლება არ ყოფილა. პედაგოგები ტელეფონით გვიკავშირდებოდნენ და ასე მიმდინარეობდა მეცადინეობები.

მოხარული ვარ, სწავლა საკლასო ოთახებში რომ განახლდა და საბავშვო ბაღმაც დაიწყო ფუნქციონირება. მე, როგორც მშობელი, ყურადღებას არ ვაკლებ ჩემს შვილებს, მაგრამ მათი მომავალი განვითარებისთვის საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელია“.

ბავშვებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ, განსაკუთრებით უფროსებს, რომლებიც 10 და 7 წლისანი არიან. ჩვენს სოფელში არ არის წრეები, სადაც ბავშვები ამა თუ იმ კუთხით განვითარდებიან.

„უფროს გოგონას ცურვაზე სიარული უნდა, მეორეს ტანვარჯიშის მონაცემები აქვს და ამავე დროს, ძალიან კარგად ხატავს. სოფელში ამ კუთხით არაფერი არ არის. ქალაქში რომ ვატარო, მაგას დრო და ფინანსები სჭირდება, რომელიც მე არ მაქვს. გული მწყდება, რომ ბავშვების სურვილების ასრულებაზე უარის თქმა მიწევს ხოლმე.

განათლების კუთხით ყველანაირად ვცდილობ შევუწყო ხელი, ვყიდულობ წიგნებს და ამ კუთხით სხვა საჭირო ნივთებს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის მაინც ინტერნეტის უქონლობაა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ და თვიდან თვემდე ვცდილობთ, რომ გვეყოს“.

ეკას სურვილია მათი საცხოვრებელი პირობების კიდევ გაუმჯობესება. ის თვლის, რომ თუ ჯანმრთელად იქნებიან, ყველა პრობლემასა და წინააღმდეგობას დაძლევენ.

ლიკა ხიჯაკაძე