ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ვარძიაში 6 ივლისს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილებმა ათეული წლობით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მსჯელობას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამას რეალური შედეგი და პრობლემების მოგვარება მოჰყვება.

40 წელზე მეტია, უწყლობით გატანჯულია ვარძიის მეხუთე უბანში მცხოვრები რვა ოჯახი. ნატო ჩიჩილიძის სახლიდან წყარო 500 მეტრშია. ოჯახში საჭირო წყალს ის დღეში რამდენჯერმე ხელით ეზიდება.

უწყლობით შეწუხებულია ვარძიის მეორე უბნის მოსახლეობაც. ლეილა სულხანიშვილი ამბობს, რომ ამ უბნის ძველი ათტონიანი ბეტონის ავზი გაიბზარა და წყალი ვეღარ გროვდება. ვარძიის მეორეუბნელები პლასტმასის ავზსა და 800 მეტრამდე სიგრძის მილებს ითხოვენ. მეორე უბნის 12 ოჯახი წყალს მეზობლების ჭებიდან ეზიდება.

ვარძიაში უმძიმეს მდგომარეობაშია წინაველას უბნის გზა.

„ყველა მთავრობას ვთხოვეთ ამ გზის მოწესრიგება, – ამბობს წინაველას უბნელი მარეხი ნიკაჭაძე, – ახალი მთავრობის იმედი გვქონდა და ისევ მოტყუებულები დავრჩით. როდის მოწესრუგდება ჩვენი უბნის გზა?! გვალვა რომ არ იყოს, ამ გზაზე ვერც კი გაივლიდი. წვიმის დროს გზაზე გაუვალი ტალახია. ძროხა გავყიდე და წყლის მილები ისე შევიძინე. გზის გასაკეთებელი ფული არ გვაქვს“.

უგზოობა აწუხებს ვარძიაში ოკრიბელაშვილების უბანსაც.

– ერთადერთი პროექტი, რომელიც წელს ვარძიაში ხორციელდება, პირველი უბნის გზის მობეტონებაა, – განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ 6 ივლისს ვარძიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და შეკრებილ მოქალაქეებს დაჰპირდა, – შემოდგომიდან ნელ-ნელა შიდა საუბნო გზების პროექტებს შევისყიდით.

ამ შეხვედრის შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ შემთხვევით შეიტყო. ჩვენ შეკითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურება მოსახლეობასთან შეხვედრები, მერმა გვიპასუხა, რომ წლის განმავლობაში სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება უნდა დაგეგმოს.

მერის ინფორმაციით, ის უკვე შეხვდა წიფის, ზვარეს, მოლითის, ხევის, ბორითის, ღორეშისა და ხიდრის მოსახლეობას.

ვარძიაში შეხვედრაზე მერმა მოსახლეობას საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა, რომ პანდემის გამო მოთმინებით იტანდნენ პრობლემებს და, რომ ხარაგაულში კორონავირუსი არავის შეხვდა.

„ბევრი კი იცინის ჩვენი ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვდომილობასა და რელიგიაზე, მაგრამ მადლობა უფალს, რომ გვყავს ასეთი ექიმები და მთავრობა, რომელმაც ექიმებს დაუჯერა. ექიმების რეკომენდაციაა, რომ სექტემბრის ბოლომდე თავი შევიკავოთ დიდი თავყრილობებისგან და უცხო ადამიანებთან ახლო კონტაქტებისგან“, – აღნიშნა თოფურიძემ.

მერის წარმომადგენელმა ვარძიაში მზექალა გლუნჩაძემ მოსახლეობას მოუწოდა: „მოიძიეთ წყლის სათავე, მერია კი წყლის მილებისა და ავზების შეძენაზე უარს არასდროს გვეტყვის. ამისთვის მერს მადლობა უნდა ვუთხრათ“.

– ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის გვინდა, რომ წყლის სათავის მოძიებაში დაგვეხმაროს, – აღნიშნეს ვარძიელებმა შეხვედრაზე.

– საჯარო სამსახურში დასაქმებულები ანაზღაურებას გადასახადების გადამხდელთაგან გადახდილი ფულით იღებენ. საქმეც ბიუჯეტის სახსრებით კეთდება და ახლა ჩვენი ფულით დაქირავებულებისთვის ტაშს ნუ დაგვაკვრევინებთ, – აღნიშნა შეხვედრაზე ვარძიელმა კობა გოგსაძემ.

ნინო კაპანაძე