ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ეტლით მოსარგებლე გოგა კვინიკაძეს, რომელიც კომუნიკაბელურობით გამოირჩევა, ბევრს იღიმის და ცდილობს, თავის ცხოვრებით სხვებისთვის მაგალითი იყოს.

გოგამ ექვსი წლის წინ ფიზიკური ტრავმა მიიღო. მაშინ 23 წლის იყო. ბევრი იმკურნალა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ეტლი მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

„ჩემს მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც გარეთ არ გამოდის. რცხვენიათ. რატომ უნდა გრცხვენოდეს?! მე ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ მაქვს. მეგობრებთან ერთად ხან ქორწილში მივდივარ, ხან დაბადების დღეზე. გარეთ გამოსვლა, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. დღედაღამ სახლში გამოკეტვა საშინელებაა. ეს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს“.

გოგას მეუღლე და ერთი ვაჟი ჰყავს. მან ცხოვრება ია ჯანიაშვილს დაუკავშირა. გოგა და ია ერთმანეთს ბაღიდან იცნობდნენ. ორივემ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა დაასრულა. სკოლის დამთავრების შემდეგ გააცნობიერეს, რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ იყვნენ. წყვილმა 2012 წლის 31 დეკემბერს იქორწინა. მალე ანდრიაც შეეძინათ, რომელმაც მათი ცხოვრება კიდევ უფრო გაალამაზა.

დღეს ხარაგაულში  ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული გარემო არ არის შექმნილი. ტროტუარებსა და შენობებს პანდუსები არ აქვს. გამონაკლისია რამდენიმე შენობა, თუმცა იმდენად უხარისხოდაა იქ პანდუსი გაკეთებული, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია. ხარაგაულში არ ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი.

„სამი წლის წინ გერმანიაში წავედი სამკურნალოდ, სადაც ერთი წელი დავრჩი. იქ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით იმდენადაა სიტუაცია მოწესრიგებული, რომ საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება.

რამდენიმე დღის წინ ბანკის შენობაში პანდუსით შესვლა ვცადე. კინაღამ გადავტრიალდი. იმხელა დაქანება აქვს, რომ ეტლი ვერ ავიყვანე. კარგი იქნება, ამ კუთხით ხარაგაულში სიტუაცია თუ შეიცვლება.

თბილისსა და ბათუმში მინახავს, რომ ეტლით მოსარგებლეებისთვის ცალკე ტროტუარებია; ტროტუარებზე კი პანდუსები“.

გოგა დასაქმებული არ არის, თუმცა შემოთავაზებები ჰქონდა. ის ამბობს, რომ გერმანულის პედაგოგმა შესთავაზა ბუღალტრად გამუშავებო, მაგრამ თითების პრობლემის გამო უარის თქმა მოუწია.

„ახლა სახლში ვმკურნალობ. საქართველოში არის სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ხალხის დახმარებითა და გვერდით დგომით დავდიოდი. თვეში 3-4 ათასი ლარი ჯდებოდა. ახლა ამას ჩვენი სახსრებით ვეღარ გავწვდებით. ჩემი მეუღლე მეხმარება ვარჯიშში, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. რეაბილიტაცია საქართველოში ძალიან ძვირი ჯდება“.

„ექვსი წელია, გოგა ჩემზეა დამოკიდებული. მკერდს ქვემოდან გათიშულია. ხელის თითებს ვერ ამოძრავებს. ეტლის მართვას მიეჩვია, ოღონდ ძალას ვერ ატანს, – ამბობს გოგას მეუღლე ია, – ეს არასწორი დიაგნოზის დამსახურებაა.

ექიმებმა მდგომარეობა ზუსტად ვერ შეაფასეს. გოგას მძიმე დაზიანება აქვს. გავლით ვერ გაივლიდა, მაგრამ ამ დიაგნოზით, შეიძლებოდა წელს ზემოთ კარგად ყოფილიყო. თავიდანვე ამაზე უნდა გვეზრუნა. მაშინ ისეთი დაბნეული ვიყავი, ექიმებს ყველაფერს ვუჯერებდი.

დიაგნოზის არასწორად დასმამ უკან დაგვხია. გერმანიაში ოპერაციას უკეთებდნენ, რომელიც 200 ათასი ევრო ჯდებოდა. თანხის უქონლობის გამო საოპერაციოდან გამოაბრუნეს.

თურქეთში შემოგვთავაზეს ოპერაცია. ისიც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ეს ოპერაციები დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და გამოჯანმრთელების მხოლოდ 2% არსებობს“.

საზოგადოება თანდათან თავისუფლდება სტიგმებისგან, თუმცა გოგას ახსენდება ისეთი ფაქტები, როდესაც ის მოწყალების მთხოვნელიც კი ეგონათ. ხარაგაულში მას ყველა იცნობს. კარგი ამინდი როცაა, ცდილობს გარეთ გამოვიდეს. სხვებსაც მოუწოდებს, რომ ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ.

„ერთხელ ჩემმა მეგობარმა ავტომობილი გააჩერა და იქედან მომესალმა, ხელი ჩამომართვა. უკან სხვა ავტომობილი მოადგა. იქ მყოფს ეგონა, რომ მოწყალების მთხოვნელი ვიყავი. ჩემი მეგობარი რომ წავიდა, ხურდები გამომიწოდა.

ავუხსენი, რომ მოწყალებას არ ვითხოვდი. მან, თავისი აზრით, კეთილი საქმე გააკეთა. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. მთავარია, ადამიანები სულიერად არ გატყდნენ, თორემ შემდეგ ცხოვრების გაგრძელება ძნელია.

შეიძლება ვერ მოძრაობდე, მაგრამ სულიერი სიმტკიცით აჯობო ავადმყოფობას. მე მეუღლე და შვილი მყავს. ამან უფრო გამაძლებინა. მარტო რომ ვყოფილიყავი, გამიჭირდებოდა“.

ლიკა ხიჯაკაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოში შშმ პირთა სრულყოფილი სტატისტიკაც კი არ არსებობს

დღის ცენტრი „ორიონი“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ქართულ-ჩეხური ოჯახი მარელისში ;

საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საითკენაც მუდმივად მივისწრაფვოდით;