ახალი რკინიგზის მშენებლობამ ზვარეს ტერიტორიაზე სამი წლის წინ მეწყერი წარმოქმნა, რის გამოც მშენებლობა შეჩერდა და პროექტში ცვლილებები შევიდა.

განახლებული პროექტით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობის გაგრძელება მდინარე ზვარულას მარცხენა სანაპიროზე იგეგმება. სარკინიგზო ხაზი მოლითის სადგურის კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეტანილი შენობის მიმდებარედ გაივლის. თავდაპირველი პროექტით, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა სადგურ მოლითის შენობის დანგრევას იწვევდა.

რკინიგზის მშენებლობის პროექტის ცვლილებამ გარემოზე ზემოქმედების განმეორებითი შეფასების საჭიროება გამოიწვია.

ზვარელები გეოლოგიურ დასკვნებს უნდობლად უყურებენ. ამ საკითხებზე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებსა და ზვარეს მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

ლერი ჩიტაძე ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ახალი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე წერილობით აცნობა, რომ ზვარეს მცოცავ ნიადაგზე მშენებლობა მეწყერს გამოიწვევდა. თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღია.

„ყველა ვხედავთ, რომ მთა წამოვიდა და მშენებლობა შეჩერდა. ახლა მეორე მხარეს იგივეს გაკეთებას რომ აპირებთ, იქითაც რომ ანალოგიური განმეორდეს?! სოფელი დაინგრევა და განადგურდება“, – წუხს ლერი ჩიტაძე.

 

„არსებობს 1872 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ზვარეს ნიადაგი, როგორც მეწყერსაშიში, სამშენებლო სამუშაოებისათვის დაწუნებულია, – თანასოფლელს ეთანხმება ზვარელი რამაზ ჩაჩანიძე, – ზვარეს მეწყერი უნდა განეიტრალდეს. არ ვიცით, რა დროს გააქტიურდება და რას გამოიწვევს.

მშენებლობის შედეგად ზვარეს უნიკალური მინერალური წლის სამი ჭაბურღილი დაიკარგა. ორი დარჩენილი ჭაბურღილის დაკარგვის საფრთხეც არსებობს.

ზვარეში რკინიგზის მშენებლობის დროს, გვირაბებიდან გამოტანილი ინერტული მასალები გროვდებოდა ე.წ. საყარზე, სადაც მთის მდინარე მოედინება. მდინარის მოდიდებამ, შესაძლოა, ამ საყარის ჩამოშლა გამოიწვიოს“.

ზვარეს დეპუტატი ვლადიმერ ტალახაძე წუხს, რომ „სანაყაროს გაკეთების შემდეგ სოფლიდან 7-8 სული პირუტყვი დაიკარგა. დიდი ხანია, ფიჭვნარის საბალახოდან ცხინათის საბალახომდე გზის გაჭრას უშედეგოდ ვითხოვთ. რკინიგზის მშენებლობის განახლებამ რომ ზიანი ისევ მოგვიტანოს, მოსახლეობა პასუხს ადგილობრივ ხელისუფლებას მოგვთხოვთ“.

ახალი პროექტით, მშენებლობა ზვარეს მინერალური წყლის ჭაბურღილებიდან, კანონით დადგენილი 15 მეტრის ნაცვლად, 17-18 მეტრითაა დაშორებული“, – ამბობს „საქართველოს რკინიგზას“ წარმომადგენელი ნუცა კიკნაძე.

„მეწყერის დასტაბილურებამდე მასზე რაიმე სახის ზემოქმედებამ, შესაძლოა, უარესი შედეგი გამოიწვიოს, – განმარტავს „საქართველოს რკინიგზას“ წარმომადგენელი ზაზა ჯიქია, – ზვარეს მეწყერული პროცესების შესაჩერებლად რამდენიმე გეგმას განვიხილავთ:

ა) მოიხსნას დიდი მეწყრული მასები;
ბ) მდინარე მოვაქციოთ ხელოვნურ კალაპოტში, რკინა-ბეტონის მილებში ან
გ) მეწყერულ ზონაში აშენდეს დამცავი კედელი.

მთავარია, მეწყერი დასტაბილურდეს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რას მოვიმოქმედებთ მის გასანეიტრალებლად. შესაძლოა, სამივე კონპონენტის გამოყენება დაგვჭირდეს.

მთის წყალი, რომელიც სანაყაროზე გადმოდიოდა და საფრთხეს ქმნიდა, კალაპოტში მოექცა და სანაყაროს გვერდიდან მიუყვება. ამით წყლის მოვარდნის საშიშროება შემცირდა. შეცვლილ პროექტში საძოვრების დამაკავშირებელი გზის აღდგენას აუცილებლად გავითვალისწინებთ“.

ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ გაცემული დაპირებები უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივების მკაცრი პროტესტი გარდაუვალია.

პროექტის ინჟინერის გია ქაჯაიას ინფორმაციით, „ახალი პროექტის მიხედვით ზვარეში 450 მ სიგრძის 15 მალიანი რკინის ხიდი მოეწყობა, რომელიც ყოველ 27 მეტრში განლაგებულ ხიმინჯებზე დამაგრდება. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.

ზვარეს სამკურნალო წყლის ჭაბურღილს ხიდი გარშემო უვლის. მთის მხარეს მინერალური წყლის დამცავი კედელი აიგება“.

„ამ ადამიანების აღშფოთება სამართლიანია, – აღნიშნა შეხვედრაზე ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ, – რკინიგზის მშენებლობის შედეგად 5 ჰა მიწის მასივი დაიძრა, საფრთხის გამო ზვარეს საბავშვო ბაღი კერძო სახლში გადავიტანეთ, საფრთხე შეექმნა ადმინისტრაციულ შენობას.

მაღალი გამავლობის მანქანების მოძრაობამ გზა ძლიერად დააზიანა. ადგილობრივები ითმენენ, რადგან იციან, რომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია. თუმცა, მშენებლობის პროცესში ზვარელების მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ.

ასეთი შეხვედრებში გეოლოგები უნდა მონაწილეობდნენ, მოსახლეობამ რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღონ“.

ზვარელმა რუსუდან  ჩაჩანიძემ ითხოვს, რომ ზვარეს ბაქანი, მოდერნიზაციის შემდეგაც ამჟამინდელ ადგილას მოეწყოს.

„ზვარეში არ არის საშუალება, აფთიაქში ან საავადმყოფოში უცებ გაირბინო, აქ არის არის ბანკი და სხვა მომსახურებები, ჩვენი ერთადერთი „ფუფუნება“ ზვარეს სარკინიგზო ბაქანია. მოდერნიზაციის შედეგად ბაქანი ოდნავადაც რომ დაშორდეს არსებულს, ეს მოსახლეობის სამართლიან გულისწყომას გამოიწვევს,“ – ამბობს რუსუდან ჩაჩანიძე.

რკინიგზის წარმომადგენელი ზაზა ჯიქია აცხადებს, რომ ბაქნები მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოეწყობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელ დავით მეურვიშვილი განმარტებით, მოსახლეობისგან დასმული საკითხები დამუშავდება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში აისახება და მოსახლეობასთან ერთად შემდეგ შეხვედრაზე განიხილება.

თამთა გოგოლაძე