ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ. ვინ და როგორ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ამას ჩვენ – ამომრჩევლები ვწყვეტთ.
31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
წლებია, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას უშედეგოდ ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალტეტის 79 სოფლის ყველა უბანი ამ დრომდე 24-საათიანი წყალომარაგებით ვერ სარგებლობს. მოუწესრიგებელია საუბნო გზები – მაგალითად, წყალაფორეთის თემში ბაღის უბნისა და გაბეხაძეების საუბნო გზის, ნუნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია სამი წლის წინ უნდა დასრულებულიყო.
„ქართული ოცნება“ 2017 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის გაზიფიცირებას დაგვპირდა. დღეის მდგომარეობით ხარაგაულში გაზიფიცირებულია ბაზალეთი, ისლარი, ჩხერი, თეთრაწყარო, ახალსოფელი; კიცხსა და ლაშეში აბონენტების ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების პროცესი ახლა მიმდინარეობს.
ძირულას ხეობის 24 სოფლის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ტრანსპორტირება უჭირს. არაეფექტურია მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 30 ათასი ლარი დაიგეგმა. 20 ათასი ლარი ამ დრომდე აუთვისებელია, მოსახლეობა კი უტრანსპორტობის გამო შეწუხებულია.
პირველადი ჯანდაცვის – ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში, ფაქტობრივად, მოშლილია. ექიმი ხარაგაულის სოფლებში ზოგ ამბულატორიაში თვეში ერთხელ, ზოგან კვირაში ერთხელ მიდის. ამის მიზეზია ის, რომ ექიმები არასაკმარისი ანაზღაურების გამო, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ. ისინი თვითმმართველობისგან ტრანსპორტირებაში დახმარებას, ცენტრალური ხელისუფლებისგან საჭირო ინვენტარის შეძენას, ათეული წლებია, ითხოვენ.
ხარაგაულში ჯანდაცვა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ვერ არის. ხარაგაულის საავადმყოფოში ყველა სპეციალისტი ყოველდღიურად ხელმისაწვდომი არ არის, რაც პაციენტების სხვა მუნიციპალიტეტებში გადინებას იწვევს.
სამედიცინო მომსახურების საკითხი ყველაზე მწვავედ მაღალმთიან სოფელ ნადაბურში დგას. ოც წელზე მეტია, ნადაბურში ექთნის დანიშვნის საკითხი ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.
ახალგაზრდა ოჯახების უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა და სტაბილური შემოსავლის არქონაა. ხარაგაულის სოფლებში მწირი ნიადაგი წლიდან წლამდე სამყოფ მოსავალს არ იძლევა. მოსახლეობას სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის ახალი ცოდნის შესაძენაში ხელშეწყობა სჭირდება.
ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად ინტერნეტზე და სკოლისგარეშე წრეებზე ხელმიუწვდომლობა სოფლად მცხოვრებ ოჯახებს იძულებულს ხდის, რომ მშობლიური სახლები დატოვონ და ოჯახების სარჩენად რაიონულ ცენტრებს, დიდ ქალაქებს მიაშურონ, ან უცხოეთში სამუშაოდ გადაიხვეწონ. მიგრაცია ზემო იმერეთის სოფლების სატკივარია.
ეს ხარაგაულის მოსახლეობის პრობლემების მცირე ჩამონათვალია. მოტივირებულმა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ ეს და სხვა საკითხები ამომრჩევლებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან, ძლიერ და დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობით დროულად უნდა მოაგვაროს, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი