„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას აგრძელებს.
ამჯერად ლეღვანის თემში შემავალი ოთხი სოფლის პრობლემებს გაგაცნობთ.
ლეღვანის, მარელისის, დიდვაკისა და პატარა სახვლარის მოსახლეობა ამბობს, რომ უმთავრესი პრობლემა მიგრაციაა. ბოლო წლებია, ოჯახები სოფლებს მასიურად ტოვებენ და შემოსავლის საძებნელად ქალაქებში ცხოვრებას არჩევენ.
ლეღვანში მცხოვრები მოსახლეობა მიგრაციის რამდენიმე მიზეზს ასახელებს – ერთ-ერთი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმიუწვდომლობაა; მეორე მიზეზი ისაა, რომ ოჯახებს ფულადი შემოსავალი არ აქვთ.
საუბნო გზების მოწესრიგებას, წლებია, უშედეგოდ ელოდებიან ლეღვანში, კანტორისა და ქვიანთის უბნის მაცხოცრებლები.
უგზო-უკვლოდ დარჩენილ ქვიანთის უბანში 45 ოჯახიდან 11 ოჯახი დარჩა. არც ერთ ოჯახში ახალგაზრდა არ არის. ქვიანთში ავტობუსის ასვლა წარმოუდგენელია. ამიტომ ტვირთი სახლებამდე მოსახლეობას, უმეტესად, ზურგით მიაქვს.
კიბაბოურის უბანში მცხოვრები 15 ოჯახი უწყლობითაა დატანჯული. ამ უბანში მცხოვრები ლალი ვეფხვაძე ამბობს, რომ ყოველ გაზაფხულზე წყლის ავზები და მილები მეწყერს ეწირება. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დიდი რეზერვუარის შეძენას და მეწყერული ზონიდან მოშორებით დამონტაჟებას ითხოვს.
გარე განათების მოწყობას აუცილებლად მიიჩნევს სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, კანტორის უბანში მცხოვრები ლევან შარიქაძე. ის ამბობს, რომ უბანში ხუთი-ექვსი კომლი დარჩა – ძირითადად, მოხუცები. ახალგაზრდების სოფლიდან წასვლის მიზეზად ლევან შარიქაძე სამასალე ხე-ტყის მოპოვებაზე დაწესებულ შეზღუდვას ასახელებს.
ლევან შარიქაძის თქმით, სამასალე მერქანის მოპოვება როცა ნებადართული იყო, მოსახლეობა ერთმანეთს ხელს უწყობდა, – ერთი მასალას ამზადებდა, მეორე იმ მასალას შეიძენდა და ავეჯს ამზადებდა. ახლა სოფელი ყველა მეავეჯემ დატოვა.
ახალგაზრდა ოჯახების სოფლიდან მასიური მიგრაციის გამო ლეღვნის საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ექვსი წლის წინ, როცა სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა, 28 აღსაზრდელი ჰყავდათ, ახლა 10 აღსაზრდელია.
მარელისში 2019 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შემდეგ ელოდებიან ხიდების კეთილმოწყობას. გზები ბერეწმინდას, ქურდაძეების, ცისკაძეების, ტაბატაძეების უბნებში მოსაწესრიგებელია.
ქურდაძეების უბანში მცხოვრები ვასო ცისკაძე ამბობს, რომ წვიმის დროს ამ უბანში მცხოვრები 15 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია. მშრალ ამინდებში დიდი წვალებით შეიძლება ორხიდიანი მანქანა ავიდეს. ოთხი წელია, უბანში ბეტონის დაგებას საშველი არ დაადგა.
დიდვაკეში მცხოვრები ბესო ლაცაბიძე მრავალბინიანი კორპუსების სასწრაფოდ მოწესრიგებას ითხოვს. მისი თქმით, სამსართულიან სახლებში აივნები შეიძლება ყოველ წუთას ჩაინგრეს.
სოფელ პატარა სახვლარში მუდმივად სამი ოჯახი ცხოვრობს. აქ ელექტროენერგია და გარე განათება 2014 წელს შეიყვანეს. სოფელში მისასვლელი გზა, ფაქტობრივად, არ არსებობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სოფლის ექიმის საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა. ლეღვნის თემში შემავალ სოფლებს ექიმი აზა ფურცელაძე ემსახურება. მოსახლეობა ამ ექიმისა და ექთან ნესტან მაღრაძის მაღალკვალიფიციურობაზე საუბრობს. თუმცა დასძენენ, რომ კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ექიმის სოფელში მისვლა არასაკმარისია.
ლეღვნის თემში შემავალი სოფლების პრობლემებს კარგად იცნობენ მერის წარმომადგენელი გელა მაღრაძე და თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ მაღრაძე.
გელა მაღრაძე ამბობს, რომ საშეშე მერქანი მოსახლეობისთვის ძნელად მისასვლელ ადგილებზეა მობეჭდილი.
გელა მაღრაძე აპირებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს დიდი სახვლარის ცალკე, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლად, დარეგისტრირების მიზნით. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ოჯახები დიდ სახვლარში მუდმივად ცხოვრებას შეძლებენ.
საყოველთაო პრობლემების მოგვარება რომ გვიანდება, ამაში გვეთანხმება დეპუტატი ნიკოლოზ მაღრაძე. ის ამბობს, რომ დიდვაკიდან ლეღვნისკენ მიმავალ, სტიქიით დაზიანებულ გზაზე გაბიონების დამატება აუცილებელია. რთული რელიეფის გამო, მას პატარა სახვლარში გზის კაპიტალურად გაკეთება წარმოუდგენლად მიაჩნია.
„ჩემი მეზობლების დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სოფელი დაეტოვებინა, – ამბობს ნიკოლოზ მაღრაძე, – ფულადი შემოსავალი ვერსაიდან მოიპოვეს. აპრილში რომ ყანას დათესავ, იქედან მიღებული შემოსავლის იმედად ოჯახს ვერ არჩენ“.
ნინო კაპანაძე
მაშ ასე, ლეღვნის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობის პრობლემების კვლევისას შემდეგი ძირითადი საკითხები გამოიკვეთა:
ამავე თემაზე
უგზოობამ, უწყლობამ და მეწყერის შიშმა დაგვტანჯა – ამბობენ ზვარელები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი