განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებული შეღავათიანი ინტერნეტპაკეტი ხარაგაულში, სოფელ გედსამანიის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსარგებლოა.
გედსამანიაში ინტერნეტი არც სკოლაში აქვთ. სოფელში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა მობილური ინტერნეტით ვერ სარგებლობს. ზოგადად, აქ მობილური ოპერატორის სიგნალის მიღება ძალიან ჭირს.
მოსახლეობის მიმართვის მიუხედავად, არც ერთმა მობილურმა ოპერატორმა სიგნალის მიმღები ანტენა გედსამანიაში, ამ დრომდე, აბონენტთა სიმცირის გამო, არ დაამონტაჟა.
გედსამანიის სკოლის 14 მოსწავლე, დისტანციური სწავლების დროს, სასწავლო პროგრამა „თიმსში“ ვერ ერთვებოდა.
გედსამანიელი ფატმან ჩადუნელი ამბობს, რომ მისი შვილები ონლაინ გაკვეთილებში ვერ ერთვებიან.
„სახლში ტელეფონი მხოლოდ ერთ ადგილას, ფანჯარასთან იჭერს, – ამბობს ფატმანი, – სასწავლო პროგრამაში შესვლისთანავე ინტერნეტი იჭედება და კავშირი წყდება. ონლაინსწავლების პერიოდში მასწავლებლები ტელეფონზე რეკავდნენ და ჩემს შვილებს გაკვეთილს ასე უხსნიდნენ“.
გედსამანიის სკოლის მერვეკლასელი მაია ბლიაძე დისტანციური სწავლების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე გვიამბობს. მაია გახარებულია, გედსამანიის სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში რომ განახლდა და ამბობს, რომ ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ძალიან გაუჭირდა.
„ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ინტერნეტის მიღება სკოლასა და სოფელში შეუძლებელია, – ამბობს მაია, – აქედან გამომდინარე, ონლაინ სწავლება ძალიან გამიჭირდა. გედსამანიაში ყველა ასეთ მდგომარეობაში ვართ“.
სკოლების ინტერნეტიზაცია რომ დაიწყო, განათლების სამინისტროდან გედსამანიის სკოლამ უარი მიიღო, რადგან ხუნევის სკოლასთან არის შერწყმული და ერთ სკოლას ინტერნეტის ორი მიმღები არ დაუმონტაჟეს.
„სკოლის ძირითად კორპუსს, ხუნევში, ინტერნეტი მიეწოდება, ამიტომ მეორე კორპუსში, გედსამანიაში, კაბელით გადაჭიმეთო, – ასე გვიპასუხეს განათლების სამინისტროდან – ამბობს ხუნევის სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე, – ეს ორი სკოლა ერთმანეთისგან სამ კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული და კაბელის გაჭიმვა არ მოხერხდება.
ინტერნეტიდან რაიმე მასალის ამობეჭდვა რომ სჭირდებათ, გედსამანიის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მიკავშირდებიან და ხუნევის სკოლიდან მომაქვს. სკოლაში ტელეფონიც არ იჭერს“.
„დისტანციური სწავლების დროს გედსამანიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ინტერნეტზე წვდომა, – ამბობს ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე, – მობილური ოპერატორები გვეუბნებიან, რომ რთული რელიეფია და ხარჯის გაწევა სიგნალის გასაძლიერებლად არ უღირთ. უნდა შევძლოთ, რომ განათლების სამინისტროსგან დაწესებული შეღავათიანი ინტერნეტით აქაურმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისარგებლონ“.
საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პროგრამის განხორციელება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2015 წლიდან დაიწყო. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ააიპ „ოფენ ნეტ“ და საკონსულტაციო კომპანია „დეტეკონი“ ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. ხარაგაულიდან, პირველ ეტაპზე, ამ პროგრამის გეგმაში ხარაგაული, კიცხი და ვარძია იყო. რა ბედი ეწია ამ პროექტს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან ვერ გვიპასუხეს.
პანდემიის ეპოქაში მაღალმთიანი სოფლების ინტერნეტიზაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის გამო, 3-17 წლის ასაკის 661 500 ბავშვიდან 50 400 ბავშვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა არ აქვს.
ნინო კაპანაძე
სოფლის მოსახლეობის პრობლემებზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ
უგზოობამ, უწყლობამ და მეწყერის შიშმა დაგვტანჯა – ამბობენ ზვარელები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი