„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში  ზვარედან მუშები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ  სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ორი თანამშრომელი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა დაითხოვა.

მინდია ოკრიბელაშვილსა და გიორგი თაბუკაშვილს ასმა მუშამ  თანადგომა გამოუცხადა და აქცია გამართა, – არც ერთი მათგანი გვირაბში სამუშაოდ არ შევიდა.

ამ ფაქტს  წინ უძღოდა  გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ მიერ გამოქვეყნებული მასალა – „საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში“, სადაც ახალ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე დასაქმებულთა  შრომით უფლებებზე იყო საუბარი.

მაშინ მუშებმა დუმილი ამჯობინეს. ამის მიზეზი სამუშაოდან დათხოვნის შიში იყო. იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე ინტერვიუ მხოლოდ ზვარეს მცხოვრებლებმა მოგვცეს.

გაირკვა, რომ დასაქმებულები მუშაობისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და ფიზიკური დაზიანების შემთხვევები ხშირია.  მკითხველისთვის მიცემული პირობის თანახმად, ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელეთ.

zvare_rkinigza_2

ექიმის პროგნოზი – ათ წელიწადში ფილტვის მძიმე დაავადებები იფეთქებს

ზვარეს ამბულატორიის ექიმი გოჩა ჩხაბერიძე ყვება, რომ კვირაში საშუალოდ ათი მუშა სასუნთქი სისტემის მწვავე პათოლოგიებით აკითხავს. ექიმი ამტკიცებს, რომ დაავადებები ზვარეს გვირაბში მუშაობის პროცესში განვითარდა, ჩამოყალიბდა და გამწვავდა. აკითხავენ პოლიტრავმებით, ნაჟეჟი და ნაჩხვლეტი ჭრილობებით, სხვადასხვაგვარი ექსკორიაციით, პოსტტრავმული მძიმე ჰემატომებით, ქიმიური ხსნარების გამოყენების შემდგომი ინტოქსიკაციებით, მძიმე ალერგიული პოზიციებით.

ზვარეს გვირაბის მშენებლობაზე დაშავებულ ერთ-ერთ მუშას ექიმის კაბინეტში შევხვდით. მას ტრავმისაგან სასახსრე ჩანთა ჰქონდა დაზიანებული. ჩვენი და ექიმის ერთობლივი მცდელობის მიუხედავად, პაციენტი ვერ დავიყოლიეთ, რომ მშენებლობაზე არსებული სამუშაო პირობების შესახებ ესაუბრა.

„ყველა დაშავებული დათრგუნული და შეშინებულია, – გვიამბობს გოჩა ჩხაბერიძე , – არ უნდათ, რომ მათი ამბავი ხელმძღვანელობამ გაიგოს. აღნიშნავენ, რომ ერთი ან ორი დღით შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ სამი დღის შემდეგ საერთოდ უშვებენ. მუშები ამბობენ, რომ სარჩოს მოსაპოვებლად უმძიმეს პირობებში შრომობენ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ და სამსახურის დაკარგვის შიშით ყველაფერს ითმენენ.“

ექიმი ამბობს, რომ ზოგჯერ პაციენტზე ერთკვირიანი დაკვირვებაა საჭირო. მუშებს  ბიულეტენის დაწერას სთავაზობს, მაგრამ ისინი ეუბნებიან, რომ მშენებელი ორგანიზაცია ავადმყოფობის ფურცელს არ ცნობს.

-ყველაფერი, საბოლოოდ, ჯანმრთელობაზე აისახება, – წუხს გოჩა ჩხაბერიძე, – ახალგაზრდები არიან და ერევიან ავადმყოფობას, მაგრამ ათ წელიწადში ფილტვის სიმსივნის ბევრი შემთხვევა გამოვლინდება.

რესპირატორისა და სპეციალური კომბინიზონის გარეშე გვირაბის მშენებლობაზე მუშაობა დაუშვებელია. ვირუსული ინფექციის დროს რომ ნიღაბს იკეთებ, ისეთი ნიღაბი მშენებლობის მტვერისგან როგორ დაგიცავს?!

აქ მომუშავე ზვარელები და მოლითელები ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარია. ძალიან მეცოდებიან.

 

ალაპარაკებული მუშები

ორი მუშის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნა დასაქმებულებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და საჯაროდ ალაპარაკდნენ.

გათავისუფლებას წინ უძღოდა გვირაბში აფეთქება, რა დროსაც მუშებს ქართველმა ზედამხედველმა, თორნიკე ყიფიანმა სამუშაო ადგილი დაატოვებინა. ამ დროს გვირაბში საშინელი მტვერი დგება. მეორე დილით, სამუშაოზე მისულებს, დამსაქმებელმა გამოუცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან.

ზვარეს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული გიორგი თაბუკაშვილის თქმით, გვირაბში მომუშავე მუშებს ავადმყოფობის უფლება არ აქვთ. ზედამხედველთან ხვეწნა სჭირდებათ, რომ დამცავი ნიღაბი მისცენ. რესპირატორში ყოველდღიურად მუშებისგან ათი ლარის გადახდას ითხოვენ. დიდი ძალისხმევის შედეგად აძლევენ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბს, რომელიც 40 წუთში გამოუსადეგარი ხდება. მუშებს სპეცტანსაცმელი არ აქვთ.

ZVARE_2

ზვარეს გვირაბის მშენებლობაზე მომუშავე გიორგი ოსაძეს გვირაბში მუშაობისას ხერხემალი და კისერი დაუზიანდა. უცხოელი ზედამხედველი მთავარ ექიმს შეახვედრა. შედეგად მან უთხრა, მოგცემ ექიმისგან გამოწერილი წამლების ღირებულებას, 120 ლარს და სამსახურიდან გაგიშვებთო. გიორგი იძულებული გახდა, მუშაობა გაეგრძელებინა და წამლებიც თავად შეიძინა.

მუშა თამაზ ღონღაძე გვირაბში სერიოზულად დაზიანდა და ექიმთან თავად ზედამხედველმა წაიყვანა. ხუთდღიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, მაგრამ დამსაქმებლებმა მხოლოდ ორი დღე მისცეს, თუ არადა, – წადიო.

zavre_rkinigza_5

მძღოლ გელა ჩიტიაშვილს გვირაბიდან ნაშალი მასალის გამოტანა ევალება. 12 საათი შესვენების გარეშე მუშაობს. წუხს, რომ ტექნიკა გაუმართავია, მანქანა თავის ნებაზე დადის და მძღოლი საჭესთან სულ დაძაბულია. გვირაბში აფეთქების შემდეგ შესვლისას ორი მეტრის მანძილზეც კი არაფერი ჩანს. თუ მანქანას საბურავი დაუზიანდა, მძღოლს აჯარიმებენ.

ვეფხვია შუბითიძე გვირაბში მბურღავად მუშაობს. ის ამბობს, რომ იქ უჰაერობა და საშინელი მტვერია. თუ მუშამ პრეტენზია გამოთქვა, მაშინვე სახლში უშვებენ. ეს ვეფხვიამ საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა ანაზღაურების პლასტიკურ ბარათზე დარიცხვა მოითხოვა. სამი თვის განმავლობაში საბანკო რეკვიზიტები რამდენჯერმე მიატანინეს. ბოლოს გამოუცხადეს, – ანაზღაურებას ვერ მიიღებ, მუშაობა არ გდომებია და სახლში წადიო. სამსახური ვერსად იშოვა და იძულებული გახდა, თვენახევრის შემდეგ ისევ უკან დაბრუნებულიყო.

ზეგანაკვეთურ სამუშაოს რომ არ უნაზღაურებენ, უკვე შეეჩვიენ. წელიწადში მხოლოდ ორ დღეს – ახალ წელსა და აღდგომას ისვენებენ.

სამუშაოზე ხუთი წუთით დაგვიანების შემთხვევაში ჯარიმდებიან.

 

უფლებადამცველი ორგანიზაციები  – „ არსებითად დარღვეულია ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პირობები“

ზვარეს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები „ჩემი ხარაგაულის“ მეშვეობით, რკინიგზის პროფკავშირებს დაუკავშირდნენ. მუშებთან ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, მისი მოადგილე ილია ლეჟავა და აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა ჩამოვიდნენ.

zvare_rkinigza_3

მათი რეკომენდაციით, აქციის მონაწილეებმა, დამსაქმებელთან კოლექტიური შრომითი დავა დაიწყეს. შესაბამისი წერილი გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროსა და მშენებელი კომპანიის, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას.

„არ მეგონა, თუ ასეთი მძიმე შრომის პირობები სადმე შეგვხდებოდა, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვიტალი გიორგაძემ, – კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა. არასტაბილურია მუშაობის გრაფიკი. დასაქმებულები ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მუშაობენ.“

ზვარეს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს უფლებადამცველი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იურისტები თინათინ ნადარეიშვილი, ირაკლი გვარამაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ ჩიტიშვილი შეხვდნენ.

„ადგილობრივი მედიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ზვარეში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები სამუშაო პირობებს აპროტესტებდენ. ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი შრომის უფლებები და უსაფრთხოებაა, თუ როგორ იცავს ზოგადად სახელწიფო და დამსაქმებელი დასაქმებულთა უფლებებს.“

თინათინ ნადარეიშვილის თქმით, სიტუაციის გაცნობისა და პირველადი დათვალიერებიდან ნათელია, რომ ადგილი აქვს რამდენიმე ძალიან სერიოზულ დარღვევას როგორც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. დარღვეულია შრომის კოდექსის რამდენიმე მუხლი.

„კონტრაქტი, რომელიც მშენებელი ორგანიზაციის თარჯიმანმა წარმოადგინა, დასაქმებულთა უმრავლესობას საერთოდ ნანახი არ აქვს. კონტრაქტის პირობები ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, – განმარტავს თინათინ ნადარეიშვილი, – არსებითად დარღვეულია ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პირობები, – შრომის კოდექსის 35-ე მუხლი.“

zvare_rkinigza_4

იძულებითი შრომის ნიშნები

იმ მოვლენების შემდეგ, რაც „ჩემი ხარაგაულისგან“ გამოქვეყნებულ მასალას – „საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში“ – მოჰყვა, ჯანდაცვის სამინისტროში კოლექტიური დავის წერილი შევიდა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა ამ პროცესში მედიატორი ჩართო.

დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას, ინფორმაციით, მედიატორი უკვე შეხვდა მუშებსა და დამსაქმებელს.

„შვებულების, ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და წერილში დასახელებული მოთხოვნების შესახებ ორივე მხარე იმსჯელებს. ვიმედოვნებ, შეეცდებიან საკუთარი პოზიციები მაქსიმალურად დააახლოვონ,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შრომის პირობების ადგილზე შესასწავლად ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე შრომითი ინსპექტორები შევიდნენ.

კანონის თანახმად, მათ ობიექტზე შესვლის უფლება კომპანიის ხელმძღვანელობის თანხმობის დროს ან იმ შემთხვევაში აქვთ, თუ იძულებითი შრომის ფაქტი ფიქსირდება.

„ჯანდაცვის სამინისტროში მუშებისგან შემოსული კოლექტიური დავის წერილი იძულებითი შრომის ნიშნებს შეიცავდა, – ამბობს ელზა ჯგერენაია, – ამ შემთხვევაში კანონი ობიექტზე ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე შესვლას გვავალდებულებს.

ელზა ჯგერენაია იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ინსპექტორებს ხელს არ შეუშლის და  ხარვეზების დროულად იდენტიფიცირებაში დაეხმარება, რათა დასაქმებულებმა მუშაობა ნორმალურ პირობებში გააგრძელონ.

P. S. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოთა დამკვეთი „საქართველოს რკინიგზაა.“ ცნობილია თუ არა მათთვის დასაქმებულთა პირობები, ახორციელებენ თუ არა სამუშაოებზე ზედამხედველობას, – ამ შეკითხვებით საქართველოს რკინიგზის მასშტაბური პროექტის პასუხისმგებელ პირს სოფო ხიდაშელს დავუკავშირდით.

მისი განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცულობის შემოწმების პასუხისმგებლობა „საქართველოს რკინიგზამ“ ავსტრიულ კომპანიას დააკისრა.

„ამისთვის დავიქირავეთ ავსტრიული კომპანია, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ყველანაირ საკითხზე, – იქნება ეს შრომის პირობები თუ სამუშაოთა ხარისხი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში სოფო ხიდაშელმა. თუმცა რატომ არ ითხოვს ზედამხედველი კომპანიისგან ანგარიშს დამკვეთი, ხოლო თუ ითხოვს, პასუხისმგებელი პირი რატომ არ არის საქმის კურსში, გაუგებარია.

პროექტის პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს დაჩი ცაგურიასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვცდილობთ. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

უცნობია, როდის შეხვდებიან ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები ზვარეში დასაქმებულებს.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს და ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე მუშაობას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს.

ნინო კაპანაძე

შოთა ლომიძის ფოტოები

ამავე თემაზე:

ზვარეში შეთანხმება მიღწეულია – მმართველი გუნდი მთლიანად შეიცვალა
ზვარეში სამშენებლო ობიექტის პიკეტირება გრძელდება
რა ხდება ამჟამად ზვარეში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის ჩართვა რადიო ჰერეთზე
ფიზიკური დაპირისპირება ზვარეში
„ძალა ერთობაშია“ – ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია
სოლიდარობა ზვარეში გაფიცულ მუშებს
დავით სერგეენკო – ზვარეში დასაქმებულთა შრომით პირობებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ჩინეთის საელჩო ზვარეში დასაქმებულთა შრომითი დავით დაინტერესდა
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში

 

 

zvare_rkinigza_1