ორი თვეა, გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების თემაზე მუშაობს.
25 ივლისს გამოქვეყნებულ მულტიმედიურ მასალაში „საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში“ მკითხველისთვის მიცემული პირობა, რომ „ჩემი ხარაგაული“ ამ თემაზე მასალების მოკვლევას გააგრძელებდა, არ დაგვირღვევია.
ჩვენთვის პრობლემა იყო, რომ დღემდე მუშები, სამუშაოდან დათხოვნის შიშით, საჯაროდ ვერ საუბრობდნენ.
დღეს დილით ისინი ზვარედან თავად დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ ორ მუშას, მინდია ოკრიბელაშვილსა და გიორგი თაბუკაშვილს, მშენებლობის ერთ-ერთმა ჩინელმა ხელმძღვანელმა გამოუცხადა, რომ სამსახურიდან ორივე დათხოვილია.
მშენებლობაზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა მეგობრებს თანადგომა გამოუცხადეს და აქცია გამართეს – არც ერთი მუშა გვირაბში სამუშაოდ არ შევიდა.
„გუშინ გვირაბში აფეთქებისას ჩვენთან ქართველი ზედამხედველი – თორნიკე ყიფიანი მოვიდა, – გვიამბობს აქციის მონაწილე მინდია ოკრიბელაშვილი, – ამ დროს გვირაბში საშინელი მტვერი დგება. მან გვითხრა, რომ დაგვეტოვებინა გვირაბი. დღეს დილით სამუშაოზე მისულებს ჩინელმა ხელმძღვანელმა გამოგვიცხადა, რომ გათავისუფლებულები ვართ სამსახურიდან.“
აქციაზე მუშებმა გაუსაძლის სამუშაო პირობებზე ისაუბრეს.
გიორგი თაბუკაშვილის თქმით, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ავადმყოფობის უფლება არ აქვთ. ზედამხედველთან ხვეწნა სჭირდებათ იმისთვის, რომ დამცავი ნიღაბი მისცენ. რესპირატორში ყოველდღიურად მუშებისგან ათი ლარის გადახდას ითხოვენ. დიდი ხვეწნის შედეგად მხოლოდ სამედიცინო ნიღაბს აძლევენ, რომლითაც დაცვა შეუძლებელია. მუშებს სპეცტანსაცმელი არ აქვთ.
გიორგი ოსაძეს გვირაბში მუშაობისას ხერხემალი და კისერი დაუზიანდა. ექიმთან ჩინელი ზედამხედველი წაიყვანა და მთავარ ექიმთან ასაუბრა. მოგცემ ექიმისგან გამოწერილი წამლების ღირებულებას, 120 ლარს და სამსახურიდან გაგიშვებთო, – უთქვამს ზედამხედველს. გიორგი იძულებული გახდა, მუშაობა გაეგრძელებინა და წამლებიც თავად შეიძინა.
თამაზ ღონღაძე გვირაბში სერიოზულად დაზიანდა და ექიმთან თავად ზედამხედველმა წაიყვანა. ექიმმა ხუთდღიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნა, მაგრამ დამსაქმებლებმა უთხრეს, მხოლოდ ორი დღე შეგიძლია სახლში ყოფნა, თუ არადა, წადიო.
აქციის მონაწილეები რკინიგზის პროფკავშირებს დაუკავშირდნენ. ზვარეში მუშებთან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, მისი მოადგილე ილია ლეჟავა და აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა ჩამოვიდნენ.
აქციის მონაწილეებმა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების რეკომენდაციით, დამსაქმებელთან კოლექტიური შრომითი დავა დაიწყეს. შესაბამისი წერილი გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროსა და მშენებელი კომპანიის, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ დღის ბოლოს უკვე დანიშნა მედიატორი, რომელიც მუშებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებებს ხვალიდან გაუძღვება.
„არ მეგონა, თუ ასეთი მძიმე შრომის პირობები სადმე შეგვხდებოდა, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვიტალი გიორგაძემ, – კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა. არასტაბილურია მუშაობის გრაფიკი. მუშები ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ.“
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, ზვარეში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პირობების დაცვასა და გაუმჯობესებას.
ნინო კაპანაძე
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების