ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მიმდინარე წლის თებერვალში რამდენიმე ხარაგაულელი მუშა დაშავდა, – ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა, მეორემ ხელი მოიტეხა, მესამემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შარშან მაისში კი, ამავე მაგისტრალზე, ქვიშხეთი-ზვარეს მიმართულებით გამავალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაზარალდა. მათ საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღეს.
ამ ფაქტებზე საჯარო საუბარს ხარაგაულელი მუშები, სამსახურის დაკარგვის შიშით, ერიდებიან. კამერის მიღმა კი გვითხრეს, რომ ყველაზე სახიფათო გვირაბის მშენებლობაა. თავს დაუცველად გრძნობენ. გვირაბში ტექნიკა ხშირად ზიანდება. მათივე თქმით, სამუშაოთა მწარმოებელი – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო,“ ყოველდღე, დასვენების გარეშე ამუშავებს. საქმეს ისიც ართულებს, რომ ადგილობრივი მუშები, ენობრივი ბარიერის გამო, კომუნიკაციას უცხოელ საქმეთა მწარმოებელთან და მუშებთან ვერ ამყარებენ.
ეს ფაქტები ცნობილია ზვარეს მოსახლეობისთვის.
მშენებლობაზე დასაქმებულთა ახლობლები და თანასოფლელები გვიყვებიან, რომ მუშები გვირაბის მშენებლობაზე იჩაგრებიან.
ზვარელი ზურაბ ტალახაძის თქმით, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე შესვლისა და სიტუაციის გაცნობის უფლება არავის აქვს.
„თუ დაინტერესდებიან ზემდგომი ორგანოები და აქ დასაქმებულ მუშებს გარანტიას მისცემენ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში სამსახურიდან არავინ გაუშვებს, ყველაფერს იტყვიან,“ – ამბობს ზურაბ ტალახაძე.
მისი თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული თანასოფლელებისგან იცის, რომ უცხოელი დამქირავებლები ამცირებენ, მასხრად იგდებენ, ხელფასების დასაკლებად მიზეზს ეძებენ.
„გვირაბში უსაფრთხოების არანაირი პირობები არ არის, – გვიამბობს ზურაბ ტალახაძე, – გვირაბში ქვა რომ ჩამოვარდა და ტრაქტორის მინა გატეხა, მძღოლს აანაზღაურებინეს. ერთ მძღოლს ქვა თავში მოხვდა. მისი უფლებები არავინ დაიცვა. ასეთი ფაქტი ბევრია. ერთი ადამიანი სამი დღე ამუშავეს. ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც უთხრეს. ბოლოს განუცხადეს, ფიზიკურად არ მოგვეწონეო და გამოუშვეს. სილამაზის კონკურსი ხომ არ იყო?!
ერთ მუშას მამა ავად გაუხდა და რამდენიმე დღით გათავისუფლება ითხოვა. გაათავისუფლეს, მაგრამ მერე სამსახურში აღარ მიიღეს.
სულ მთლად სველი, გაყინული მუშები ზამთარში მანქანის ქვეშ მუშაობდნენ. ერთი გაცივდა და ავად გახდა. ამის გამო სამსახური გაუცდა. ექიმისგან გაცემული ავადმყოფობის ცნობა დამსაქმებელმა არ მიიღო და სამსახურიდან გაათავისუფლა.
შებრძანდეს უსაფრთხოების სამსახური და ნახოს, – არანაირი დამცავი არ აქვს ტექნიკას, რომელიც გვირაბში მუშაობს.“
ზურაბ ტალახაძე იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე დაზარალებულ მუშას დამსაქმებელმა ექიმისა და წამლის ფული აუნაზღაურა.
„მიკვირს, კაბინეტებიდან რატომ არ გამოდიან და ამ ხალხის ამბავს რატომ არ კითხულობენ. შეიძლება ბოლომდე ყველა წესი ვერ დაიცვა და დაირღვეს რამე, მაგრამ ეს ბოლოს ძვირი დაგვიჯდება,“ – გულისტკივილს გვიზიარებს ზურაბ ტალახაძე.
ზვარელი თემურ მაღლაკელიძე თანასოფლელების მსგავსად მშენებლობის გამო მტვრისგან შეწუხებულია.
„იქ მომუშავეებს, როგორ მონებს, ისე იყენებენ, არავინ არის მათი გვერდით მდგომი, – ამბობს თემურ მაღლაკელიძე, – იყო ჩვენ ბიჭებზე ყვირილის, რაღაცის სროლის, შეურაცხყოფის შემთხვევები. უცხოელ მუშას ეტყვი რამეს, პოლიციასთან გექნება საქმე. იქ ადამიანი უსაფრთხოდ ვერ იქნება, არანაირი ნორმები არ არის დაცული.“
ზვარელი ნორა ღამბაშიძის შვილიშვილი მშენებლობაზე მუშაობდა. ავად გახდა და სამი დღე მაღალი ტემპერატურის გამო სამსახურში ვერ გამოცხადდა. ექიმმა ცნობა მისცა, მაგრამ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ნორა ღამბაშიძის რვასულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დღეს მისი 160 ლარიანი პენსიაა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ზვარეს ადმინისტრაციულ ორგანოში ბერიკა ტალახაძე ამბობს, რომ თუ ვინმეს სურდა რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობა და ამის ფიზიკური შესაძლებლობებიც გააჩნდა, – ყველა მუშაობს. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანმა იქ ფიზიკურ პირობებს ვერ გაუძლო. ამიტომ ზოგი სხვა ადგილას გადაიყვანეს, ზოგი თავისი ნებით, ზოგიც კომპანიის მოთხოვნით გათავისუფლდა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ თემაზე მტკიცებულებების მოპოვებას აგრძელებს და ჩვენი გაზეთის მკითხველს უახლოეს მომავალში უფრო მეტად დაზუსტებულ ინფორმაციას შევთავაზებთ.
შეამოწმებს თუ რა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დასაქმებულთა პირობებს
ფაქტია, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა.
დასაქმებულთა უსაფრთხოება რომ მხოლოდ დამსაქმებელთა კეთილსინდისიერებაზე არ იყოს დამოკიდებული, ამისთვის ერთი წლის წინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იყო.
რამდენად ქმედითია ეს ორგანო და რეალურად რა გავლენას ახდენს მისი არსებობა დასაქმებულთა შრომით პირობებზე, – ამ შეკითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ურთიერთობების და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროს ლიკა კიმიაშვილს მივმართეთ.
„შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს დასაქმებულთა წერილობითი მომართვა ან სატელეფონო ზარი, – განმარტავს ლიკა კიმიაშვილი, – ამის შემდეგ ვუკავშირდებით დამსაქმებელს და თუ ის თანახმაა, შემოწმება დაინიშნება. თუმცა იძულებით შრომაზე შეტყობინების შემთხვევაში შრომის ინსპექტორები დაუგეგმავად მიდიან და ამოწმებენ შრომის პირობებს.“
„ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობაზე შრომის პირობები არ შემოწმებულა. ვფიქრობთ, რომ შემოწმდეს. იქაც მივლენ შრომის ინპექტორები, რომ დასაქმებული მუშების შრომითი პირობები აღარ იყოს გაუსაძლისი და გამოსწორდეს,“ – ამბობს ლიკა კიმიაშვილი. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ დასაქმებულებმა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართონ.
მთავრობამ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს შრომისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში.
უმთავრესი, რასაც ეს პროგრამა ემსახურება და რასაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს, არის შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დარღვევის პრევენცია, მათზე რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, მათი კონსულტირება.
2015 წელს ცვლილება შევიდა სამეწარმეო საქმიანობისა და ტრეფიკინგის შესახებ კანონებში. ამის საფუძველზე 2016 წლის მარტში მთავრობამ იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის წესი დაამტკიცა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, შეამოწმოს საწარმო-ორგანიზაციებში შრომის პირობები და გამოავლინოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იძულებითი შრომის შემთხვევები.
„საბედნიეროდ, დღემდე იძულებითი შრომისა და ექსპლუატაციის არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა,“ – ამბობს ლიკა კიმიაშვილი.
ლიკა კიმიაშვილის თქმით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი სადამსჯელო ორგანო არ არის, – ის მხოლოდ რეკომენდაციებსა და დასკვნებს გასცემს, რაც კონფიდენციალურია და მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელს გადაეცემა.
რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, რემონიტორინგი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დაახლოებით 60 კომპანიაში ჩაატარა და უმრავლეს შემთხვევაში ინსპექტორების რეკომენდაციები დამსაქმებელმა გაითვალისწინა.
შრომის ინსპექტორებმა დღემდე შემოწმებულ ორგანიზაციებში ხანძარსაწინააღმდეგო, ელექტრო სისტემის, კოლექტიური თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის ფაქტები გამოავლინეს. კომპანიათა უმრავლესობას უსაფრთხოების მენეჯერი არ ჰყავს, არ აქვს საევაკუაცო გეგმა, პროფესიული დაავადებების არსებობის რისკი მაღალია.
„ნელნელა სრულყოფილი და აღმასრულებელი უფლებამოსილების მქონე შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებისკენ მივდივართ, – ამბობს ლიკა კიმიაშვილი, – ამისთვის საჭიროა კანონი.“ დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი „სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.“ ლიკა კიმიაშვილი იმედოვნებს, რომ ამ კანონს პარლამენტი წლის ბოლოს მიიღებს.
ამავე დროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართით საქართველო ვალდებულია შრომის უსაფრთხოების სფეროში 26 დირექტივა შეასრულოს. ექვსი დირექტივის პროექტი მომზადებულია. ნაკისრი ვალდებულებებიდან, უახლოესი წლების განმავლობაში, ყველა მათგანი დაინერგება.
გახდი პროფკავშირელი და იქნები დაცული…
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა ტრანსპორტის პროფკავშირებს მიმართეს. პროფკავშირებში განმარტავენ, რომ ისინი მზად არიან მუშებს დაეხმარონ, თუმცა, როდესაც ხარაგაულში სიტუაციის შესასწავლად წამოსვლა გადაწყვიტეს, მუშებმა უთხრეს, რომ „პრობლემები მოგვარდა.“
„მათ აქვთ გარკვეული შიშის განცდა, რომ თითქოს პროფკავშირთან ურთიერთობის შემთხვევაში რამე პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასე არ არის. პირიქით, პროფკავშირი მათ დაიცავს,“ – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა.
მისივე თქმით, რკინიგზაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა შრომით უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „ჩვენ რეგიონებიდან მოგვდის ინფორმაცია, თუ როგორ მძიმე პირობებში უწევთ რკინიგზაში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობა. შრომის დაუცველი პირობების შესახებ ინფორმაციები მოგვდის ხარაგაულიდან, სადაც ახალი რკინიგზა შენდება.“
ილია ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირის წევრობა მაგისტრალზე დასაქმებულთა უფლებების დასაცავად აუცილებელია.
მისივე თქმით, 2 ათასზე მეტი წევრი რკინიგზელის პრემირების საკითხს, ზეგანაკვეთურ სისტემასთან დაკავშირებულ თემებს, მათი შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებს ადმინისტრაციასთან აქტიურად აყენებენ და გარკვეულ ნაწილში ეს პრობლემები გვარდება. ილია ლეჟავას მტკიცებით, პროფკავშირების წევრი რკინიგზელების მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია, ვიდრე – არაწევრების.
ილია ლეჟავა ხარაგაულის რეგიონში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებს მიმართავს, რომ მათი შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, შრომითი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.
„მუშებს კონსტიტუციითა და შრომის კოდექსით გარანტირებული უფლება აქვთ, რომ იყვნენ პროფკავშირის წვერები, გამოიყენონ ეს რესურსი. მათი უფლებები იქნება დაცული და გარანტირებული ექნებათ უსაფრთხო შრომა,“ – ამბობს ილია ლეჟავა.
ვინ არის და რისთვის არსებობს ზედამხედველი
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოთა დამკვეთი „საქართველოს რკინიგზაა.“ ცნობილია თუ არა მათთვის დასაქმებულთა პირობები, ახორციელებენ თუ არა ზედამხედველობას სამუშაოებზე, – ამ შეკითხვებით საქართველოს რკინიგზის მასშტაბური პროექტის პასუხისმგებელ პირს სოფო ხიდაშელს დავუკავშირდით.
მისი განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცულობის შემოწმების პასუხისმგებლობა „საქართველოს რკინიგზამ“ ავსტრიულ კომპანიას დააკისრა. „მაგისთვის გვყავს დაქირავებული ავსტრიული კომპანია, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ყველანაირ საკითხზე, იქნება ეს შრომის პირობები თუ სამუშოთა ხარისხი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში სოფო ხიდაშელმა. თუმცა როგორ ხდება ზედამხედველი კომპანიისგან ანგარიშგება, უცნობია.
სოფო ხიდაშელს ზედამხედველ კომპანიასთან დაკავშირება ვთხოვეთ. გვითხრა, რომ იქ უცხოელები მუშაობენ და თარჯიმანი არ ჰყავთ. თავად კი 20 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩინეთში იქნება. ის სამშენებლო უბანზე ერთ-ერთ ქართველ ზედამხედველთან დაკავშირებას დაგვპირდა, თუმცა, საბოლოოდ, არც მისი კოორდინატები მოგვაწოდა.
„ჩემი ხარაგაულის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა კონტრაქტორს – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ეკისრება.
უახლოეს მომავალში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დაუკავშირდება დამსაქმებელ და მაკონტროლებელ კომპანიებს და მკითხველს მათ პოზიციას გავაცნობთ.
P. S. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს და ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს უნდა დასრულდეს. ახალი რკინიგზის მშენებლობაზე 303 მილიონი შვეიცარული ფრანკია გათვალისწინებული. ხარაგაულში პროექტის პრეზენტაციაზე „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორის მაშინდელმა მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მშენებლობას „საუკუნის პროექტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, ახალი რკინიგზის დაბადება დაიწყო, რაც ქვეყანას დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს.
ამ წლების განმავლობაში ხარაგაულში მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არაერთი აქცია გამართა რკინიგზის მშენებლობის დროს წარმოქმნილი ეკოლოგიური, საცხოვრებელი სახლების დაზიანებისა და განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. იაქტიურებენ თუ არა მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ეს დიდწილად მათზეა დამოკიდებული.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერით ზვარეში დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი