დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარმოადგინა გია ცისკაძემ, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ამირან ოქრომჭედლიძემ გახსნა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას 35 დეპუტატიდან 34 ესწრებოდა. სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო მიხეილ ჭიპაშვილმა, – დეპუტატმა პარტიიდან „ძლიერი საქართველო-ლელო“.

„დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები უნდა არჩეულიყვნენ, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – ჩემი 1047 ამომრჩევლის დაკვეთით, გადავწყვიტე, რომ ამ საარჩევნო შოუში მონაწილეობა არ მიმეღო. სხვა არცერთ სხდომას არ გავაცდენ და აქტიურად ვიმუშავებ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, უკვე მესამედ, მანანა ბარბაქაძე აირჩიეს, კენჭისყრაში მონაწილე 34-ვე დეპუტატის მხარდაჭერით.

პირველ მოადგილედ კვლავ დავით კიკნაძე, ხოლო მოადგილეებად – პაატა გოგოლაძე და ამირან ოქომჭედლიძე აირჩიეს. მოადგილეების არჩევნებში 33 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ორი ფრაქციის შექმნის შესახებ. ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარეა შალვა ლურსმანაშვილი. ამ ფრაქციაში 29 წევრია გაერთიანებული.

ფრაქციის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარეა გივი თხელიძე და ფრაქციაში გაერთიანებულია კიდევ 3 დეპუტატი: ბესიკ ტალახაძე (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), ეკა შველიძე და ავთანდილ ვეფხვაძე.

ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარეს 7 მოადგილე ჰყავს. ესენია:

  1. ნონა ზურაბიანი;
  2. გრიგოლ ჭიპაშვილი;
  3. მარინე ხვედელიძე;
  4. ირმა ვაქერ-სებისკვერაძე;
  5. ოთარ ლურსმანაშვილი;
  6. როინ გელაშვილი;
  7.  გელა მაღრაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ისევე როგორც ამ დრომდე, იფუნქციონირებს ხუთი მუდმივმოქმედი კომისია:

1) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ პავლე კიკალიშვილი აირჩიეს;

2) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – კობა კვირიკაშვილი;

3) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – ჟანა ნემსაძე;

4) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – კვლავ შმაგი ხიჯაკაძე;

5) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – კვლავ ბესიკ კვირიკაშვილი.

თითოეულ თანამდებობაზე მხოლოდ თითო-თითო კანდიდატურა დასახელდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო 35 წევრიანია; 20-ვე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია; რაც შეეხება პარტიული სიით არჩეულებს, 13 დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიით არის არჩეული, ერთი „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელია, ხოლო ერთი – პარტიის „გახარია საქართველოსთვის“.

ხარაგაულის საკრებულოს 35 წევრიდან 11 ქალია.
წინა საკრებულოში 33 დეპუტატიდან 12 ქალი იყო არჩეული.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის საკრებულო სამუშაო „დარბაზში“ ვეღარ ეტევა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილების მიტაცებას ცდილობს