24 მარტი „ჩემი ხარაგაულის“ დაბადების დღეა.

ზუსტად 25 წლის წინ, 1998 წლის 24 მარტს გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ პირველი ნომერი გამოვიდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა…

დიქტოფონის, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის, კომპიუტერის, ფოტოაპარატის გარეშე, მხოლოდ ათთეთრიანი საწერი კალმით, უზარმაზარი რწმენით, სიყვარულითა და უძლიერესი მოტივაციით დავიწყეთ!

ხარაგაულში პირველი ციფრული ფოტოაპარატი და ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, 2003 წლიდან, ჩვენ გვქონდა. მანამდე ფოტოებს იაფფასიანი ლენტიანი ფოტოაპარატით ვიღებდით და ქუთაისში ვამჟღავნებდით; ხელნაწერი წერილები ჩაგვქონდა ქუთაისის სტამბაში და ტექსტებს რომ ააწყობდნენ, მერე დასაკაბადონებლად მივდიოდით. დღევანდელი ახალგაზრდები არც კი დაიჯერებენ, რომ ინტერნეტით სარგებლობისთვის ხარაგაულიდან თბილისში მივდიოდით.

„ჩემი ხარაგაული“ რომ დაიბადა, ქვეყანას „მოქალაქეთა კავშირი“ მართავდა. ყველა მთავრობასა და ხელისუფალს „ვიღაცის“ ვეგონეთ. ყველა, „ვისიც“ კი ვეგონეთ, პოლიტიკიდან წავიდა, დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ კი ერთხელ მტკიცედ არჩეულ გზას კვლავ შეუპოვრად მიუყვება.

ამ ოცდახუთმა წელმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ამქვეყნად დამოუკიდებლობაზე ძვირფასი არაფერია!

25 წლის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირება, მერწმუნეთ, ძალიან ძნელია – სტაბილური დაფინანსების გარეშე, მუდმივად ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლაში.

ჩვენ ხომ ბიუჯეტიდან არ ვფინანსდებით. საგრანტო მხარდაჭერის მოპოვება კი ურთულესია იმ რაიონის მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც არც საზღვრის პირაა, არც ზღვისპირა და არც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული.

ასეთ ვითარებაშიც კი შევძელით დონორთა მხარდაჭერის მოპოვება კომპიუტერული, ფოტო-ვიდეო ტექნიკისა და ოფისის შესაძენად, ჩვენი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის; დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შესანარჩუნებლად. დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პერიოდში.

პანდემიის დროს ე.წ. საყოველთაო კარანტინმა ადგილობრივი გაზეთების დისტრიბუცია შეაფერხა.

არაერთ კონკურსში გამარჯვებით პოლონეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული სტაჟირების უფლება მოვიპოვეთ, რითაც დამოუკიდებელი მედიის უახლეს საუკეთესო გამოცდილებას გავეცანით.

დამოუკიდებელი მედია ძლიერი თვითმმართველობის პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მედია და თვითმმართველობა შევძლებთ იმდენად გაძლიერებას, რომ ჩვენს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგეს.

დღეისათვის კი ადგილობრივ ხელისუფლებას ჩვენთან სრულფასოვანი თანამშრომლობა უჭირს.

დღეს ზოგიერთს უკვირს, – მოსახლეობის პრობლემებს რომ ვაშუქებთ, „კარგი რაც გაკეთდა“, იმაზე რატომ არ ვწერთ. დიახ, ვწერთ – ბაღები, სკოლები თუ გაიხსნა ან გზა დაიგო და ა.შ.

თუმცა, „ჩემი ხარაგაულის“ ფუნქციონირების არსი მოსახლეობის პრობლემების სრულ მოგვარებამდე გაშუქებაა; ადამიანების უფლებების დაცვაა, ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

გასულ წლებში ხარაგაულის საკრებულოს ერთმა დეპუტატმა სხდომაზე იკითხა, – სახელმწიფო აუდიტის სამსახური დარღვევებზე რომ გვწერს, კარგს რასაც ვაკეთებთ, იმაზე მადლობას რატომ არ გვეუბნებაო. გაეცინათ და აუხსნეს, რომ აუდიტის სამსახურის ფუნქცია სწორედ დარღვევების გამოვლენაა, მათი გამოსწორების მიზნით.

ექიმთან რომ მივდივართ, ხომ დაავადებული ორგანოს შესახებ დიაგნოზს და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას ველით? მკურნალმა რომ ჯანსაღი ორგანოები შეგვიქოს და წამლის გამოწერის ნაცვლად, ჯანმრთელი ორგანოების ქება-დიდებით გამოგვისტუმროს, ხომ სხვა უკეთეს ექიმს მოვძებნით?!

საზოგადოება განა რა სარგებელს მიიღებს ჩინოვნიკების „მოღვაწეობის“ ქება-დიდებით, როცა მოსახლეობა წლების განმავლობაში ნორმალურ გზას, ბუნებრივ გაზს, სასმელ წყალს, ინტერნეტს, სრულყოფილ საექიმო მომსახურებას, რეალურ სამუშაო ადგილებს და ა.შ. ითხოვს.

ანდა, მოქალაქეებმა რატომ უნდა ვაქოთ და ვადიდოთ ჩვენი გადასახადებით დაქირავებული ჩინოვნიკები იმ საქმიანობისთვის, რაშიც მათ უზარმაზარ ხელფასებს ვუხდით.

მოსახლეობის პრობლემების პერმანენტული გაშუქებითა და ანგარიშვალდებულების გაზრდით ხელისუფლებასაც ვაძლიერებთ, რადგან პრობლემების მოგვარება ხელისუფლების წარმომადგენელთა ავტორიტეტსა და მათდამი ნდობასაც ამაღლებს.

„ჩემი ხარაგაულის“ შესახებ იხილეთ „რადიო თავისუფლების“ ფილმში „არაცენტრალური მედია“ (11:50 წთ-დან)

 

რთულია, ერთ საგაზეთო სტატიაში 25-წლიანი მუშაობის შესახებ სრულყოფილად საუბარი. თუმცა, ამ საიუბილეოდ, რამდენიმე შტრიხს მაინც შევეხები.

 

ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩავვარდი

წლების წინ ერთ-ერთ სკოლაში მისულს დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მთხოვა, თქვენი თავი ჩემს მოსწავლეებს უნდა გავაცნო და გთხოვთ, კლასში წამომყევითო. რასაკვირველია, წავყევი. მრავალრიცხოვანი კლასი დამხვდა.

– აბა, ბავშვებო, ეს არის ჩვენი გაზეთის რედაქტორი, დაუკარით ტაშიო! – და ორ ათეულზე მეტმა არაჩვეულებრივმა ბავშვმა მქუხარე ტაში დასცხო!… ძალიან შევწუხდი!

ეს იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და მიუღებელი მომენტი.

 

დღესაც რომ გახსენება მზარავს

ათი წლის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ფეხდაფეხ შემოვიარე, გაზეთის გამოწერის მსურველების მოსაძებნად.

გინახავთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობელი, რომელმაც იმ წამს გაიგო, რომ მისი შვილი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა?! ეს იყო დადუმებული, კრიჭაშეკრული, სრულიად უკანტაქტო, სახეზე აჭარხლებული ადამიანი, რომელიც ეზოში მარტო იჯდა და თავისთვის ბუტბუტებდა – „როგორ ვასწავლო,… გზის ფული სად ვიშოვო,… რა წყალს მივცე თავი,… რომ მოვა, არ უნდა შემატყოს, ამ დღეში რომ ვარ“…

იმედია, ის პირველკურსელი ახლა კვალიფიციური სპეციალისტია და ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად არის დასაქმებული. ვეღარ მოვიკითხე იმ ოჯახის ამბავი, ეს ვითარება ჩემთვის იმდენად გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

 

 

რა მიმაჩნია ყველაზე ღირებულად უცხოური გამოცდილებიდან

2005 წლის ივლისში, ჩვენი კრიტიკული სტატიის გამო, დაგვატოვებინეს შენობა, სადაც „ჩემი ხარაგაული“ დაიბადა. ზუსტად ერთ კვირაში ხარაგაულში პოლონელი მედიაექსპერტი აგნეშკა ნოვინსკა გვეწვია. რედაქციაში შემოსვლისთანავე გაკვირვებულმა გვკითხა, – ამ პატარა ოთახში, სადაც თაგვი კუდსაც კი ვერ მოიქნევდა, გაზეთის გამოშვებას როგორ ვახერხებდით. ასევე დაინტერესდა, თვითმმართველობასთან როგორი ურთიერთობა გვქონდა. გაზეთის ახალ ნომერს რომ დახედა, ახსნაც არ დაგვჭირვებია, – პირველივე გვერდზე ნახა კარიკატურა – მედია, რომლის გაჩუმებასაც ცდილობენ. აგნეშკამ გვითხრა, ჩემოდნები ჩაალაგეთ, ერთ კვირაში ჩემთან ერთად პოლონეთში მოფრინავთო.

2005 წლიდან პანდემიის დაწყებამდე, აგნეშკამ მე, ჩვენი ჟურნალისტი ნინო კაპანაძე და ჩვენი დიზაინერი შოთა ლომიძე არაერთხელ მიგვიწვია პოლონური მედიის გამოცდილების გასაცნობად. ამ უზღვავი გამოცდილებიდან ჩემი აზრით ყველაზე ღირებულს გამოვარჩევ.

პოლონელი კოლეგებისგან ვისწავლე და გავიაზრე, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირის პარტიულობას მოსახლეობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ეს გადაწყვეტილების მიმღები კვალიფიციური, გონიერი, გამოცდილი, მოქალაქეების გულშემატკივარი, არაკორუმპირებული და პრობლემების მოგვარებაზე რეალურად ორიენტირებული იყოს.

მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელია (ან, შესაძლოა, უპარტიოც კი იყოს) ჩინოვნიკი, რომელიც გზის დასაგებად, წყლის მისაყვანად, საბავშვო მოედნების მოსაწყობად, სოფლებიდან ნარჩენების გასატანად და ა.შ. ზრუნავს.

მას შემდეგ, რაც პოლონელმა კოლეგებმა ამაზე გაგვამახვილებინეს ყურადღება, სულ ვფიქრობ – ხალხის რჩეულებსა და საქმის მაკეთებელ პროფესიონალებს, სამსახურებრივად, არ უნდა ჰქონდეთ სხვა ზედმეტი, უსარგებლო საფიქრალი და საჯავრელი, – მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისა და საზოგადოებრივად სასარგებლო, მნიშვნელოვანი საქმეების კეთების გარდა.

 

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“

2012 წელს,  USAID- ის დაფინანსებითა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მხარდაჭერით, უფროსკლასელებისთვის დავაფუძნეთ ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“, რომელიც პანდემიამდე, 2020 წლამდე, ფუნქციონირებდა. ამ სკოლის სტუდენტები, ჩვენთან თანამშრომლობით გამოსცემდნენ ყოველთვიურ გაზეთს „იმედი ხვალის“ და ქმნიდნენ მასალებს ამ ვებგვერდისთვის.

„იმედი ხვალის“ სტუდენტები თავად ირჩევენ თემებსა და რესპონდენტებს. მათივე სურვილით, 2012 წელს პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, შევხვდით.

 

თავი რომ ამაყად ვიგრძენი

2011 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს საინფორმაციო მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ტენდერით განკარგვის ვალდებულება დაეკისრათ. ამ ვალდებულების თავიდან ასაცილებლად იმ მუნიციპალიტეტებმა, სადაც დამოუკიდებელი მედია ფუნქციონირებდა, მუნიციპალური ააიპ-ები შექმნეს, ამ თანხის სუბსიდიის სახით გადასაცემად. ხაშურში, ზესტაფონში, ბორჯომში, ჭიათურაში, ტყიბულში, ქუთაისში, ამბროლაურში, მესტიაში და ა.შ. საინფორმაციო მომსახურებისთვის ტენდერები ცხადდებოდა.

საკრებულოს აპარატის უფროსმა მითხრა, – ხაშურში თუ ცხადდება ტენდერი, შენც ადექი და ხაშურის ტენდერში მიიღე მონაწილეობაო. მაშინ კი ვიფიქრე, „ჩემი ხარაგაული“ ხაშურში ვის რაში დააინტერესებს-მეთქი.

თუმცა, 2016 წელს რომ ჩემთვის უცნობმა ადამიანმა სოციალური ქსელით მომწერა, თქვენი მედიაორგანიზაცია მომწონს და იქნებ, ჭიათურის ტენდერში მიიღოთ მონაწილეობაო, – კი ჩავერთე ამ ტენდერში. გავიმარჯვეთ. ხელშეკრულების გაფორმებისას, ჭიათურის მერმა, – ჩვენს გამოცდილებასა და შესაძლებლობებში დაეჭვებულმა, – გვითხრა – „აქ ქალაქიაო“, – ქვეტექსტით, თქვენ აქ მუშაობას როგორ შეძლებთო.

ხომ არ აქვს მნიშვნელობა, კვალიფიციური პედაგოგი ზესტაფონში ჩაატარებს კარგ გაკვეთილს თუ ხაშურში. ასევე ყოფილა გაზეთის გამოცემის შემთხვევაშიც.

ზუსტად ორ კვირაში ჭიათურის მერი გაკვირვებული იყო იმით, რომ მაღალმთიანი თვალუეთის ბიბლიოთეკაში ჩვენგან გამოცემული გაზეთი „ჩემი ჭიათურა“ დახვდა.

ორიოდ თვეში, ჩვენთვის სრულიად უცხო გარემოში იმდენი გულმხურვალე გულშემატკივარი, ჩვენი საქმიანობის რეალურად შემფასებელი და ერთგული მკითხველი შევიძინეთ, რომ ჭიათურელებმა თავისიანებად მიგვიღეს; იმდენად თავისიანებად, რომ შევესწარით საუბარს, თითქოს „ჩემი ჭიათურას“ რედაქტორი ერთ-ერთი ცნობილი ჭიათურელი გოგოლაძის შვილიშვილიაო.

სრულებითაც არ არის გასაკვირი, შენს საქმიანობაში იმ საზოგადოების წარმომადგენლები რომ გგულშემატკივრობენ, რომლის წიაღშიდაც დაიბადე, გაიზარდე და ვითარდები.

ჩემთვის ძალიან საამაყოა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმით, უცხო და მდიდარი ტრადიციების მქონე ჭიათურის საზოგადოებამ რომ თავის წიაღში, თავისიანად მიგვიღო.

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, თქვენით (თქვენგან გადახდილი თანხით) და თქვენთვის ვარსებობთ. სწორედ ამაშია „ჩემი ხარაგაულის“ უწყვეტად ფუნქციონირების „საიდუმლო“.

უღრმესი მადლობა ერთგულებისა და წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისათვის.

მიგვაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი მკითხველების უფლებადამცველებად და მედიაადვოკატებად ჩამოვყალიბდით.

ჩვენგან გაშუქების შედეგად, არაერთი პრობლემების მოგვარება დაჩქარდა და რამდენიმე პიროვნების დარღვეული უფლებების დასაცავად ვიბრძოლეთ. ყველას დაკონკრეტებას ახლა არ შევუდგებით. მთავარია, რომ საქმე გაკეთდა და პიროვნებების დარღვეული უფლებები აღდგა. თუმცა, რამდენიმე მოგვარებულ პრობლემაზე მაინც გავამახვილებთ ყურადღებას.

გასულ წლებში მედიაგაშუქებით ხელი შევუწყვეთ:

„ჩემი ხარაგაულის“ მიღწევები:

25 წლის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“ ხარაგაულის რაიონში 1932 წელს დაფუძნებული ადგილობრივი გაზეთის ისტორიას აგრძელებს. ჩვენგან დაწყებულ ამ გზას მტკიცედ გაგრძელება და განვითარება სჭირდება.

15 წლის საიუბილეოდ მომზადებულ ამ ფოტო-ვიდეო კლიპში შევეცადეთ, ჩვენი ისტორია ფოტოებით აგვესახა.

ძვირფასო მკითხველებო, რესპონდენტებო, გულშემატკივრებო, დისტრიბუტორებო, გილოცავთ „ჩემი ხარაგაულის“ 25 წლის იუბილეს. მუდამ კარგი ამბები გვემცნოს. გქონდეთ ჩვენი იმედი. გპირდებით, ჩვენს ცოდნას, ძალასა და ენერგიას არც მომავალში დავიშურებთ. თქვენი თითოეული პრობლემა ყოველთვის შედეგისმომცემად გაგვეშუქებინოს.

ლაურა გოგოლაძე
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი

მთავარ ფოტოზე – „ჩემი  ხარაგაულის“ გუნდი ლაურა გოგოლაძის, ნინო კაპანაძის, თამარ ჩხიკვაძის, თამთა გოგოლაძისა და ლიკა ხიჯაკაძის შემადგენლობით. 2021 წ. ივნისი