ღვაწლმოსილ მაწავლებელსა და წლების განმავლობაში ფარცხნალის სკოლის დირექტორს იზა ბუაჩიძეს 80 წელი შეუსრულდა.

ერთ დროს მრავალრიცხოვანი სკოლის დირექტორი წუხს, რომ დღეს ფარცხნალის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობს. ქალბატონი იზა ამბობს, – სოფელი ახალგაზრდებისგან რომ არ დაცლილიყო, ხელისუფლებას გონიერება უნდა გამოეჩინა და ამაზე დროულად ეზრუნა. სოფელში რომ ახალგაზრდა ოჯახებმა იცხოვრონ, მათ დასაქმებაზე ხელშეწყობაა აუცილებელი.

იუბილარ მასწავლებელს განვლილი ცხოვრების გახსენება ვთხოვეთ.

– ქალბატონო იზა, როგორ და რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია?

– ფარცხნალის 8-წლიანი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ხარაგაულის რკინიგზის #10 საშუალო სკოლაში გავაგრძელე. ბავშვობაში ყოველთვის მასწავლებლობანას ვთამაშობდი. ეს პროფესია დედას ძალიან უყვარდა. მანაც შემიწყო ხელი და 1975 წელს ქუთაისის პედინსტიტუტის დაწყებითი კლასების მეთოდიკის ფაკულტეტი დავამთავრე.

პირველად მუშაობა ჩემს მშობლიურ ფარცხნალის სკოლაში დავიწყე. მაშინდელმა სკოლის დირექტორმა უშანგი ვეფხვაძემ საკუთარი შვილივიც გამომზარდა. ამ სკოლაში 50 წელი ვიმუშავე, აქედან 22 წელი – სკოლის ხელმძღვანელად. ძალიან მიძნელდებოდა საკუთარი სკოლის დირექტორობა, თუმცა დავთანხმდი და ვიფიქრე – ხელები უნდა დავიკაპიწო და რაც შეიძლება, კარგად ვიმუშაო.

– ცნობილ ქართველ ასტრონომს, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეს ფარცხნალიდან, ევგენი ხარაძეს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა თქვენს სკოლასთან?

– ევგენი ხარაძე პირველ სექტემბერს ჩვენს სკოლაში ხშირად მოდიოდა, მოსწავლეებისთვის წიგნები მოჰქონდა. დირექტორად რომ დავინიშნე, სკოლის შენობის გადახურვა იყო აუცილებელი. საბჭოთა პერიოდში, თუ „პატრონი“ არ გყავდა, ვერც მასალას და ვერც თანხას იშოვიდი. შენობას სახურავი ევგენი ხარაძის დახმარებით შევუცვალეთ. სკოლის გადახურვა რომ დასრულდა და ნაშრომი ადამიანები სადილად სხდებოდნენ, ამ დროს, სკოლის ეზოში ევგენი ხარაძე შემოვიდა და, სასმისით ხელში, დაგვლოცა.

მასწავლებელთა მეოთხე ყრილობის დელეგატი ვიყავი. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევგენი ხარაძემ წარმატებული გამოსვლა მომილოცა და იქაც კი, ჩვენი მოსწავლეები მოიკითხა. ფარცხნალის სკოლის დღევანდელი შენობაც ევგენი ხარაძის ხელშეწყობით აშენდა.

– იმ პერიოდში დირექტორი ქალები ძალიან იშვიათი იყო. ხელმძღვანელ თანამდებობებს, უმეტესად, მამაკაცები იკავებდნენ. თქვენი აზრით, ლიდერობის თვალსაზრისით, მამაკაცსა და ქალს შორის, განსხვავებაა?

– არ ვთვლი, რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლები არიან რაიმე საქმეში. ხშირად ვამბობთ, მამაკაცის ძალა სულ სხვაა; თუმცა, ქალის პეწი, ინტერესი და საქმისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია. ლიდერობა ქალსაც შეუძლია და კაცსაც. პიროვნებაზეა დამოკიდებული. ქალი ვარ, მაგრამ ღამეებს ვათენებდი, როცა საქმეს სჭირდებოდა. 90-იან წლებში, როცა ჩვენ ქვეყანაში ქურდობა მომრავლდა, რამდენჯერ შუაღამისას ავმდგარვარ და სკოლის ეზოში გავსულვარ, – ვცდილობდი სკოლა გაძარცვისგან დამეცვა.

– გაიხსენეთ ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს.

– მინდა გავიხსენო ჩემი მასწავლებლები, განსაკუთრებით თამარ სახვაძე, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა. მას ისეთი მიდგომები ჰქონდა, სწავლა რომც არ გდომებოდა, მაინც ისწავლიდი.

დირექტორად დანიშვნის შემდეგ რჩევებს ლამარა კურტანიძეს ვეკითხებოდი. ყოველთვის მეხმარებოდა და მისი ძალიან მადლობელი ვარ. ხარაგაულს გამორჩეული განათლების მუშაკები ჰყავდა, – შოთა ჩხიკვაძე, შოთა ღონღაძე, თენგიზ შერგელაშვილი, გიორგი არევაძე. ჩემი თანაკლასელი იყო ჯუდი უჩიძე. ამ ადამიანებისგან, როგორც ხელმძღვანელებისგან, ბევრი რამ ვისწავლე.

დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ქალბატონ იზას, თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად.

თამთა გოგოლაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვიცი, სად არის ჩემი კანუდოსი, სადაც აუცილებლად დავბრუნდები“

 ერთ დღესაც, ანასტასიამ მითხრა, დედას დაგიძახებო… 

ლუკას სულ ვეუბნები, რომ საქართველოს უნდა გამოადგეს – ირმა გაჩეჩილაძე

 პოლიციელი ქალი შორენა

 ანუშკა ჩხეიძე საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია

  ჯვრისწერა ქორწინების 50-ე წლისთავზე

„მოსამართლეს ხალხი უნდა უყვარდეს“ 

 ცისნარი შველიძე – მუდმივად მოსწავლეებზე ვფიქრობ

ღვაწლი და ამაგი უკვალოდ არ ჩაივლის (ვიდეო)