სიყვარული გახდა ხიდი, რომელმაც 50 წლის წინ ერთმანეთთან დააკავშირა გივი მაღრაძისა და როენა ნაკაიძის ცხოვრება.
სწორედ ეს სიყვარული აღმოჩნდა მათი 50-წლიანი ოჯახური ცხოვრების განმამტკიცებელი. წარსულის გახსენებისას თვალები უბრწყინავთ, რაც ამხელს, რომ მათი გრძნობა დღემდე არ განელებულა.
ასაკით პატარები იყვნენ, ერთმანეთით რომ მოიხიბლენ. თუმცა, საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდებოდნენ ამაში. ამის მიზეზი როენასა და გივის დის მეგობრობა გახლდათ.
მალე ცხოვრებამ ისინი განსხვავებული დინებით წაიყვანა. როენამ გაიგო, რომ დედამ მისთვის საქმრო შეარჩია და მალე ქორწილისთვის სამზადისიც დაიწყეს. როენასთვის ეს იძულებითი ქორწინება იყო, მაგრამ დედის ნების წინააღმდეგ მოქმედებას ვერ ბედავდა.
1971 წელია, დაინიშნა ქორწილი… როენას მეჯვარე გივის დაა…
სწორედ ეს იძულებითი ქორწილი აღმოჩნდა დაფარული გრძნობების ერთმანეთისთვის გამხელის საბაბი. პატარძალი, გივისთან ერთად, ქორწილიდან გაიქცა. ახალგაზრდები მარელისში ჩამოვიდნენ.
ასე დააღწია მან თავი როენამ იძულებით ქორწინებას და ბედი საყვარელ ადამიანს დაუკავშირა. ახალგაზრდებისგან გადადგმული ნაბიჯი მოულოდნელი იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათი ეს გადაწყვეტილება ყველამ მიიღო.
„ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ გივის სახით ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე. ასე რომ არ ყოფილიყო, 50 წელი ერთად არ ვიქნებოდით. ცხოვრებაში სირთულეებსაც ვაწყდებოდით, მაგრამ ერთად დგომითა და სიყვარულით ყველაფერს ვაგვარებდით.
ოჯახის შექმნა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენ გააზრებული გვქონდა. ბედნიერი ვარ, გივის რომ დავუკავშირე ცხოვრების გზა, რადგან ის არის ერთგული, მშრომელი, პატიოსანი და ოჯახის მოყვარული ადამიანი“, – ამბობს ქალბატონი როენა.
„ნახევარი საუკუნე გავატარეთ ერთად. სიყვარულით ცხოვრება ადვილია და აქამდე ამ გრძნობამ მოგვიყვანა. ახალგაზრდებს ვურჩევ,რომ ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით შექმნან. ასე სულ სიამტკბილობაში იქნებიან“, – გვირჩევს ბატონი გივი.
წყვილი, წლების განმავლობაში, თბილისში ცხოვრობდა. ბატონი გივი პროფესიით ეკონომისტია და ნაძალადევის რაიონის საზკვების გაერთიანების დირექტორად მუშაობდა. ქალბატონი როენა შვილებისა და შვილიშვილების აღზრდით იყო დაკავებული.
გივი მაღრაძე წარმოშობით მარელისიდანაა და მეუღლესთან ერთად სოფელში ხშირად ჩამოდის. ახლაც სოფელში იმყოფებოდნენ, როდესაც, მათდა მოულოდნელად, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ესტუმრნენ.
სწორედ მათი ინიციატივით, ქორწინების დღეს, 29 მაისს, როენამ და გივიმ მარელისის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ჯვარი დაიწერა.
„დიდი ქორწილი არ გვქონია. ხელის მოწერა ოჯახში აღვნიშნეთ. გულში ხინჯად მქონდა, ჯვარი რომ არ გვქონდა დაწერილი, მაგრამ ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი, – ამბობს ქალბატონი როენა, – შვილებმა და შვილიშვილებმა სიურპრიზი მოგვიწყვეს.
წინასწარ დაურეკავთ მამა ანტონისთვის (სულთანიშვილი) და ჯვრისწერის დღეზე შეთანხმებულან. ჩემთვის კაბაც ჩამოიტანეს. ასე უცებ მოხდა ჩვენი ჯვრისწერა. მადლიერი ვარ უფლისა და ჩემი ოჯახის.
ახალგაზრდებს არ სურთ პრობლემების გაძლება; იმ პრობლემების, რომელიც ჩვენც შეგვხვედრია. განქორწინებას არჩევენ ხოლმე. ოჯახის შენარჩუნება თუ სურთ, დათმობის უნარი უნდა ჰქონდეთ, სიყვარულით იცხოვრონ და პასუხისმგებლობის გრძნობით იყვნენ განმსჭვალულნი.“
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ულოცავს და ბედნიერ წელთა სიმრავლეს უსურვებს ქალბატონ როენასა და ბატონ გივის.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.