ნიუ-იორკის შტატში, ბრუკლინში მცხოვრები ირმა გაჩეჩილაძე,23 წელია, თავის და გარშემომყოფთა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ის ამბობს, რომ ყველაფერს დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად აღწევს.
ემიგრაციამდე ირმა გაჩეჩილაძემ უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. შორაპნის რკინიგზის #8 სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული ენა და ლიტერატურა შეისწავლა, შემდეგ სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა.
– ემიგრაციაში ყოფნის პირველი 15 წელი იყო ძალიან რთული, – ამბობს ირმა გაჩეჩილაძე, – ვმუშაობდი მოხუცებთან, რესტორანში, კაფეში. რესტორანში სულ ორი თვე ვიმუშავე და მერე იქით აღარ გამიხედავს.
ამ წლების განმავლობაში სულ რაღაცას ვსწავლობ – დავამთავრე საბუღალტროს, ბარმენის კურსები, სასტუმროს და რესტორნის მენეჯმენტი, შევისწავლე ინგლისური, როგორც მეორე ენა, საექთნო საქმე.
ამჟამად სკოლის ექთანი ვარ და ამ პროფესიაში ბაკალავრის სტატუსის მოპოვებისთის სწავლას კოლეჯში ვაგრძელებ. ასევე ვარ ესთეტიკოსი – ვაკეთებ ბოტოქსს, ვმუშაობდი სპაცენტრში.
მყავს 14 წლის შვილი – ლუკა ლომიძე. ამერიკაშია ჩემი და და სიძე. აგერ უკვე ოც წელზე მეტია, ვართ ასე – ყველა ვმუშაობთ, ვსწავლობთ. ლუკა ძალიან კარგი მოსწავლეა და გატაცებულია კალთბურთით.
ვფიქრობ, რომ დიდი წვლილი შემაქვს ამერიკის ცხოვრებაში – რვა წელი ქართული თეატრის წევრი ვიყავი. ასევე მიღებდნენ ამერიკულ ფილმებში – მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი, თუმცამ, იქაც წინ მაყენებდნენ და სიტყვიერ როლებს მაძლევდნენ. მეთექვსმეტე წელია, ეკლესიაში ვგალობ – ჯერ წმინდა ნინოს ეკლესიაში ვგალობდი 13 წელი მამა ალექსანდრე თანდილაშვილთან, ახლა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვგალობ, მამა სპირიდონთან.
ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ვცდილობ ემიგრანტებს დავეხმარო, როგორც შემიძლია.
…კორონავირუსმა ჩვენც მოგვაკითხა – კოვიდი მე, ჩემმა დამ და შვილმა გადავიტანეთ. მათ იოლ ფორმებში დაძლიეს. მე ძალიან ცუდად ვიყავი – ერთი თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი. მერწმუნეთ, აცრა არის ერთადერთი გზა, რითაც ამ საშინელ პანდემიას მოვიშორებთ! სხვა რამეში არავინ დაგაჯეროთ.
პანდემიის დროს განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სკოლის ექთნობა. თუ რომელიმე ბავშვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, უნდა ჩავიცვა სპეცაღჭურვილობა, მოსწავლე სპეცოთახში უნდა ჩავიყვანო და მერე ამ მოსწავლის მშობელს დავურეკო. ეს ძალიან რთულია.
ჩვენს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, – ლუკა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად არ დაბრუნდება, არც აქ დაბადებული ემიგრანტთა შვილები. ეგ არავინ მოგატყუოთ. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, მაგრამ უცხოეთში მყოფთა 0.1 % თუ დაბრუნდა საქართველოში, ეგეც ბევრია. ესენი ამერიკელები არიან. ამერიკაა ამათი ქვეყანა და ისე უყვართ, როგორც მე ჩემი სამშობლო.
საქართველო, ნანა ბებო, დეიდაშვილები, ელა დეიდა ლუკას ძალიან ენატრება. ორი წელია, ვერ ჩამოვიყვანე და ყოველდღე მეუბნება, ყველა და ყველაფერი მენატრებაო. თუმცა, რომ ვეკითხები, იცხოვრებდა თუ არა საქართველოში, – არაო, მეუბნება. ერთხელ კი მითხრა, საქართველოს კალათბურთის ნაკრებში ვითამაშებო. ძალიან გამეხარდა, მაგრამ ეს ილუზიაა. მე ყოველთვის რეალურად ვფიქრობ და ვმოქმედებ.
ახლა საქართველოში ორი თვით ჩამოვალთ. ლუკას ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო ბანაკში გავუშვებ. ქართველ ბავშვებთან იქნება დამოუკიდებლად და თანაც ივარჯიშებს.
ისე, სულ ვეუბნები, გამოადექი-მეთქი საქართველოს. ღმერთმა ქნას.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ირმა გაჩეჩილაძე შვილთან, ლუკა ლომიძესთან ერთად
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო