წელიწადნახევრის წინ, ნადაბურში მცხოვრები სამი შვილის მშობელი მირანდა გელაშვილი ხუთი შვილის დედა გახდა.
ის დღეს საკუთარ სამ შვილთან ერთად, ორ მაზლისშვილს ზრდის. მირანდას რძალი – ლიკა რაზმაძე მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.
რძლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას მირანდა ფიქრობდა, რომ მაზლის შვილები მას გაეზარდა, თუმცა თავიდან ამას ვერ ამხელდა. შემდეგ მირანდას თავად მაზლმა სთხოვა, შვილების გაზრდაში დამეხმარეო.
მაშინ მირანდამ საკუთარ თავს უთხრა, რომ უნდა გაძლიერებულიყო – ანასტასია და ანზორიკო, როგორც საკუთარი შვილები, ისე მიეღო. დღეს ცოტნე 12 წლისაა, თორნიკე – 10 წლის, ანასტასია – 8 წლის, ანზორიკო – 7 წლის, ანეტი – 4 წლის.
„ხუთივე ერთნაირად მიყვარს, – ამბობს მირანდა, – თავიდან საკუთარ შვილებს უფრო ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი. მერე მივხვდი, რომ სითბო და სიყვარული ხუთივეს თანაბრად უნდა გავუნაწილო. მართალია, ზოგჯერ ძალიან ვიღლები, მაგრამ შვილების სიყვარული მაძლიერებს და მეტ ენერგიას მმატებს.
ჩემი მაზლი, სიმონ შუბითიძე, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ბედნიერად და სიყვარულით ზრდიდნენ შვილებს, მაგრამ თავს ასეთი უბედურება დაგვატყდა. დღეს სიმონიც ნადაბურში დაბრუნდა. საოცრად კეთილშობილი და გულისხმიერი ადამიანია. თბილი და მოსიყვარულე იყო ჩვენი რძალიც…
…ერთ დღესაც, ანასტასიამ მითხრა, დედას დაგიძახებო. ვუპასუხე, რომ დედა ერთადერთი და შეუცვლელია, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, დამიძახე-მეთქი. ჩვენ ნამდვილად ღვიძლი დედა-შვილები ვართ.
ჩემს რძალს სამი ძმა ჰყავს. თითქმის ყოველ საღამოს მადლობის სათქმელად მირეკავენ. ვფიქრობ, სამადლობელი არაფერია. ადამიანები ამაზე მეტ სიკეთეს ჩუმად და უანგაროდ აკეთებენ. მე მთელი სულითა და გულით, დიდი პასუხისმგებლობით ვზრდი მაზლისშვილებს. შვილებს ერთმანეთის სიყვარულსა და შრომას ვასწავლი. ნადაბურის საბავშვო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ. სახლში დიდი ფერმერული მეურნეობა გვაქვს, ჟოლოს ბაღი საკუთარი ხელით გავაშენე.
ჩემი ხუთი შვილით მიხარია სიცოცხლე, მათთვის ვშრომობ და ყველაფერი მათთვის მინდა, რასაც ცხოვრებაში მივაღწევ“.
მირანდას საოჯახო საქმეებში დედა ეხმარება. თუმცა, როგორც მირანდა ამბობს, ყველაზე დიდ მხარდაჭერასა და თანადგომას მეუღლესგან, ზურაბ შუბითიძისგან გრძნობს. ორივე დარწმუნებულია, რომ ერთად დგომით ყველა პრობლემას დაძლევენ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი