ლალი შიუკაშვილის ისტორია დიდად არ განსხვავდება ათასობით სხვა ქალის ისტორიისგან – ერთ დღეს ყველაზე რთული არჩევანის წინაშე რომ დადგა და ემიგრანტობის მძიმე გზას დაადგა.
თორმეტი წელია, ის ამერიკაში ცხოვრობს. ლალი შიუკაშვილს ემიგრანტობისა და ოჯახის წევრების მონატრებაში გატარებულ დღეების გახსენება ვთხოვეთ. ის გვიამბობს იმ შესაძლებლობებზე, რასაც ამერიკა დიდი შრომისა და მონდომების ფასად იქ ჩასულ თუ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს სთავაზობს.
„ახლა გარეთ შემოდგომის სუსხიანი და ნისლიანი დღე დგას… სარკმლიდან ვუმზერ ქარს ადევნებულ ხმელ ფოთლებს და საშინელი ნოსტალგია მრევს ხელს, – ამბობს ლალი, – ჩემი ეზო მახსენდება, სადღაც შორს, ცხრა მთას იქეთ დარჩენილი, ბავშვობის სიზმარივით… ჭადრებით ყველაზე ლამაზი ქუჩა და ქვაფენილზე ჩალისფერ ფარდაგივით დაფენილი. თითქოს ხმელი ფოთლების შარიშური ჩამესმის.
განსაკუთრებით მიყვარს შემოდგომა. დილაუთენია ჩავდიოდი ქუჩაში სასეირნოდ, ვიდრე მეეზოვე ფოთლებს გორებად ააგროვებდა ქუჩის კუთხეებში. მახსენდება მეზობლის ქალები, ჯიუტი გულმოდგინებით რომ ასუფთავებდნენ ეზოს და დამწვარი ფოთლების სუნი, მთელ უბანს რომ ხვევდა მისტიურ, შემოდგომის სურნელიან კვამლში…
კალენდარზე 12 მძიმე, გრძელი და სევდიანი წელი ჩამოიფურცლა, იმ იმედით, რომ სულ მალე სახლში დავბრუნდები. ვერ დადგა ეს „სულ მალე“, ვერ დალაგდა ჩემი სამშობლო ისე, რომ მშვიდად დაბრუნება შევძლო და ხვალინდელი დღის არ შემეშინდეს.
საზიზღარი რამეა ხვალინდელი დღის შიში, შენი საყვარელი ადამიანების მომავალზე შიში. ამ შიშმა დამატოვებინა წლების წინ საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა; ადამიანები, ვისთვისაც სულს დავთმობდი; ქალაქი, სადაც ყველას ვიცნობდი და მიყვარდა…
წლების წინ აკვიატებული მქონდა ფრაზა, რომ ბეღურა ვარ და ყველაზე ცივ ზამთარსაც კი, საკუთარ სამშობლოში გადავიტან! მიყვარდა ჩემი ის ცხოვრება, რომელიც საქართველოში დარჩა და ახლა ლამაზი სიზმარივით, ხანდახან მესიზმრება…
ქარს ადევნებული ფოთლებივით გაილია წლები. რამდენი რამე მახსენდება ღიმილით ახლა.
მაშინ კი, ერთი შეხედვით მებრძოლი და ძლიერი ადამიანი, ემიგრანტობის პირველმა წლებმა დამთრგუნა და ძალიან შემაშინა. უამრავი თანმდევი პრობლემის ფონზე, სრულიად მარტო დარჩენილი ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ძალიან დავიკარგე და დიდი დრო დამჭირდა გონზე მოსასვლელად.
დღეს ბევრად ადვილია ყველაფერი, მეტი ინფორმაციაა და ქართული დიასპორაც ბევრად ძლიერი და მრავალრიცხოვანია აქ. მაშინ კი ოჯახთან დაკავშირებაც პრობლემა იყო.
მადლობა ღმერთს, გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, დღეს ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთაც წაქცევისა და დანებების საშუალება არ მომცეს და ხშირად მახსენებდნენ მიზანს, რის გამოც ამერიკაში ჩამოვედი.
ხშირად ავყოლილვარ დანებებისა და უკან დაბრუნების ცდუნებას. ხშირად ავუტირებივარ შვილების აუტანელ მონატრებას. შიშისგან გაფართოებული თვალებით ვითვლიდი ხოლმე მამაჩემის სახეზე გაჩენილ ახალ ნოჭებს და გულისგახეთქვამდე მეშინოდა მისი დაკარგვის.
სამწუხაროდ, შიშს მხოლოდ თვალები არ აქვს დიდი, ხანდახან ახდენა იცის. ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი და სიმძიმე, რაც ჩემს ემიგრაციაში ყოფნას უკავშირდება, მამაა, რომელსაც ვერ დავემშვიდობე, სიკვდილის წინ ვერ მოვეფერე, მის გვერდით ვერ ვიყავი და მის საფლავზეც წლების შემდეგ შევძელი მისვლა…
ყველაზე დიდი განსაცდელი ემიგრანტისთვის უცხო ქვეყანაში არალეგალურად ყოფნაა. ძალიან რთული და შრომატევადი გზა გაქვს გასავლელი, რომ ეს პრობლემა მოაგვარო, დიდი ნებისყოფა და გამძლეობა გინდა!
მადლობა ღმერთს, რომ შევძელი და დღეს უკვე ამერიკის მოქალაქე ვარ. უკვე შემიძლია ნებისმიერ დროს ჩამოვიდე სამშობლოში, მაგრამ ბევრისთვის საოცნებო „ლურჯი პასპორტი“ ვერ ცვლის და გიბრუნებს გაფრენილ წლებს გაყოლილ იმ სიხარულებს, რომელიც შენს ოჯახთან ერთად უნდა გეზეიმა.
ყველაფერი, რაზეც ოცნებობდი, თითქმის უშენოდ მოხდა – შვილები დაქორწინდნენ, შვილიშვილები დაიბადნენ და პირველი წლები მხოლოდ სკაიპით იცნობდი. ვერ ნახე, როგორ ახდა შენი ოცნება, როგორ დადგა შენი შვილი დიდ სცენაზე და როგორ ითამაშა პირველი სპექტაკლი.
უამრავი მნიშვნელოვანი ამბავი დარჩა შენს მიღმა, რაც ფილმივით, სხვისი გადაღებული კადრებით ნახე. ხშირად ეს სიშორე აუტანელი და დამთრგუნველია.
ასეთ დროს ვცდილობ გავიხსენო ის, რაც უკვე შევძელი და მოვასწარი, ადამიანები, ვისაც ვეიმედები და ჩემი აქ ყოფნით მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შევძელი და ვფიქრობ, რომ ღირდა. ღირდა ეს წლები ამდენ ცრემლად, ატანად, მოთმენად, გაძლებად“…
ლალი შიუკაშვილი გვიამბობს, რომ ხშირად შურს ხოლმე ამერიკაში მცხოვრები მოხუცების. ოცნებობს, რომ ოდესმე საქართველოშიც იყოს ამერიკის მსგავსად მოხუცებისთვის კლუბები და თემატური ამხანაგობები, სადაც თავიანთი გატაცებებისა და შესაძლებლობების მიხედვით ივლიან.
„ამერიკა ნამდვილად არის ახდენილი ოცნებების ქვეყანა, სადაც შრომას ფასი აქვს და მიზანს საკუთარი შრომით, ღირსეულად მიაღწევ, – ამბობს ლალი, – უბრალოდ, აქ წარმატება რთულად მიიღწევა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ რა პრიორიტეტები გაქვს და რამდენად მზად ხარ სიძნელეების გადასალახად.
აქ რომ ფეხზე დადგე, აქაური განათლება და სერტიფიკატი გჭირდება, აქაური ლიცენზია, ამისთვის კი დრო, ფინანსები და შემართებაა საჭირო! თუ გაგიმართლა, ახალგაზრდა ხარ და საკუთარი თავის გარდა არავინ გაბარია, აუცილებლად უნდა ისწავლო და ფეხზე დადგე.
უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს ეს ქვეყანა, მაგრამ როცა ზურგს უკან ოჯახი გყავს და შენზე მინიმუმ ათი ადამიანი მაინცაა დამოკიდებული, ძნელდება, მთელი რესურსი საკუთარი თავისკენ მიმართო.
ამიტომ გვიწევს მოხუცებთან მუშაობა და საკუთარი ოცნებების ახდენის დროებით გვერდზე გადადება. როცა სხვა მოწოდება გაქვს, მაგრამ იძულებული ხარ, იმუშაო და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენ, ითრგუნები და დეპრესიისკენ მიდიხარ.
ამ დროს მეხმარება ჩემი უნარი, ვიპოვო რაღაც ახალი და ვისწავლო.. ასე იბადებიან ჩემი ნაქარგები, ბროშები, სამკაულები, ნახატები… მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული რეჟიმი მაქვს, ყოველთვის ვპოულობ დროს საკუთარი გატაცებებისთვის. ეს მეხმარება სიმშვიდის დაბრუნებაში.
გარეთ შემოდგომის სუსხიანი დღე ღამდება… ჯიუტად ვაჯერებ თავს, რომ მე ახლა დომენიკოსავით მგზავრი ვარ. თუმცა, ზუსტად ვიცი, სად არის ჩემი კანუდოსი, სადაც ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები“.
ნინო კაპანაძე
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო