კარგი მასწავლებელი შრომისმოყვარე, მცოდნე, თბილი და მოსწავლეების მოყვარული უნდა იყოს, – ამბობს ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ცისნარი შველიძე. მისი პედაგოგიური საქმიანობის გაცნობის შემდგომ დარწმუნდებით, რომ ეს ეპითეტები მას ნამდვილად შეესაბამება.
პედაგოგობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ბავშვური თამაშებიც კი ამ პროფესიასთან დააკავშირა. პატარა ცისნარის მოხუცი ბაბუა სურვილს ყოველთვის უსრულებდა და თამაშისას მოსწავლის როლს ირგებდა. ეს მხოლოდ ბავშვური ახირება არ აღმოჩნდა, – პედაგოგობა მისი მოწოდება იყო.
საბოლოოდ, თბილისიდან ჩამოსული ბიოლოგიის პედაგოგი ელიკო ბუჩუკური გახდა მისთვის შთაგონების წყარო. ქალბატონ ცისნარიზე ამ პიროვნებამ იმხელა ზეგავლენა მოახდინა, რომ ბიოლოგიის პედაგოგობა გადაწყვიტა.
თუმცა, ახლობლების რჩევით, 1974 წელს ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად, ჯერ ხიდრის სკოლის ბიბლიოთეკარად, შემდეგ კი გახანგრძლივებული დღის ჯგუფის აღმზრდელად მუშაობდა.
სწავლის დასრულების შემდეგ ხიდრის დამოუკიდებელ დაწყებით სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა, სადაც დღემდე მუშაობს.
„ძალიან მიყვარს ბავშვები და ჩემი პროფესია. ალბათ ასე ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ ყველა ჩემი მოსწავლე ჩემთვის შვილია. ძალიან მდიდარი დედა ვარ.
ხიდრის დამოუკიდებელ დაწყებით სკოლაში მუშაობა ბატონ ბაგრატ პაპავასთან ერთად დავიწყე. ახალგაზრდული შემართებით ვიყავი. ჩემს მოსწავლეებთან ერთად წარმატებებს ვაღწევდი და ეს დიდი მოტივატორი იყო ჩემთვის.
ხარაგაულის განათლების განყოფილების იმდროინდელი მეთოდკაბინეტის გამგემ, ქალბატონმა მზია კახნიაშვილმა მირჩია თბილისში დაწყებითი სკოლის მეთოდისტის ორკვირიან კურსებს დავსწრებოდი. ამ კურსებიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იმხელა ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომ შეიძლება ითქვას, მეორე უნივერსიტეტი დავასრულე. ყველაფერი, რაც მომეწონა, ჩვენი სკოლის პირობებს მოვარგე.
მალე ჯერ უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, შემდეგ კი – „მასწავლებელი მეთოდისტი“ გავხდი. სამკერდე ნიშანიც მაქვს. პრეზიდენტის სტიპენდიანტიც ვიყავი.
მასწავლებელთა მეხუთე ყრილობას ვესწრებოდი. მაშინ ამ ყრილობაში ხარაგაულის რაიონიდან მხოლოდ ხუთი ადამიანი ვმონაწილეობდით. ჩემი საქმიანობის გვირგვინი ცოტა ხნის წინ „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება გახდა“.
ქალბატონ ცისნარის სწავლების პროცესში სიახლების დანერგვა არასოდეს აშინებდა. დღევანდელი სწავლების მეთოდებისადმი თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა დღეს თვლის, რომ მოსწავლე სიახლეების გარეშე ვერ განვითარდება. სწავლების ახალი მეთოდები კი მოსწავლის ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.
ცისნარი მასწავლებელს მოსწავლის მშობლებთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს.
„მშობლის როლი სწავლების პროცესში ძალიან დიდია. მშობელი განდობს ყველაზე ძვირფას და სანუკვარს, რაც კი გააჩნია. პედაგოგს უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება. მშობლებთან ისეთი თბილი დამოკიდებულება მაქვს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებთან. მოსწავლეს თუ პრობლემა უჩნდება, მაშინვე მშობელს ვუკავშირდები და ერთად ვაგვარებთ“.
პატარებთან მუშაობა რომ ორმაგად რთული იქნებოდა, ქალბატონ ცისნარის ეს თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა. განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიდგომებით ისე უხსნიდა ბავშვებს გაკვეთილებს, ისე ასწავლიდა წერა-კითხვას, რომ მათ გაურკვეველი არაფერი დარჩენოდათ.
ქალბატონმა ცისნარიმ პედაგოგიური საქმიანობის 45 წელი კლას-კომპლექტებში იმუშავა. ეს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შრომისმოყვარეობითა და გამოცდილებით ეს გამოწვევაც დაძლია.
„გაკვეთილზე განათლების სამინისტროს დაწყებითი კლასების მეთოდისტი დამესწრო. კლას-კომპლექტთან ჯერ მე ჩავატარე გაკვეთილი და შემდეგ – სამინისტროს მეთოდისტმა, – დამსწრე კოლეგებისთვის სანიმუშოდ და საჩვენებლად.
კლას-კომპლექტთან გაკვეთილის ჩატარება იმდენად რთულია და აუცილებლად გამოცდილებას საჭიროებს, რომ სამინისტროს მეთოდისტმა ორი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის არათუ გაკვეთილის ახსნა, არმედ გამოკითხვაც კი ვერ მოასწრო. სანამ წავიდოდა, თქვა – ხიდრის სკოლას ცისნარი შველიძის სახით საუკეთესო პედაგოგი ჰყავსო. მოსწავლეს სახლში ისე ვერ გავუშვებ, თუ ახალი ახსნილი მასალა კარგად არ გაიგო“.
ქალბატონი ცისნარი ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია სიყვარული და სიმართლე. დამწყებ პედაგოგებს კი ურჩევს, რომ იყვნენ მაძიებლები, მიღწეული შედეგებით არ დაკმაყოფილდნენ, მოსწავლის ინტერესები და შესაძლებლობები გაითვალისწინონ და მუდამ ნოვატორები იყვნენ.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე – ცისნარი შველიძე (მარჯვნივ) ბიძაშვილთან ერთად
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო