31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება.

პოლიციელი „მამაკაცურ“ პროფესიად მიიჩნევა. ეს სტერეოტიპი, მეცხრე წელია, დაამსხვრია ხარაგაულის შს რაიგანყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა შორენა ციცქიშვილმა. ის ხარაგაულში, ამ დრომდე, ერთადერთი პოლიციელი ქალია.

შორენა ციცქიშვილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში 1986 წლის 13 აპრილს დაიბადა. 2003 წელს ვერტყვიჭალის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ მაგისტრატურა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის სპეციალობით დაამთავრა.

2011 წელს შორენა ციცქიშვილი იმერეთის რეგიონის საპატრულო პოლიციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩაება და შერჩეულ კანდიდატებთან ერთად აკადემიაში საპატრულო პოლიციის საბაზისო მომზადების სრული კურსი გაიარა.

2012 წლის 1 მარტს ბორითის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. ხარაგაულის სამმართველოში 2014 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე.

– შორენა, ქალები ნაკლებად ირჩევენ პოლიციელობას. თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?

– 1998 წელს ჩემს ოჯახს ყაჩაღურად დაესხნენ თავს. მაშინ მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი. ამის გამო ხშირი ურთიერთობა გვქონდა გამომძიებლებთან, პოლიციასთან და გამიჩნდა სურვილი, პოლიციელი გავმხდარიყავი.

ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა პოლიციამ და ვთქვი, რომ სამართლიანი პოლიციელი ვიქნებოდი. ეს იყო ჩემი მიზანი. ოჯახში ჩემს გადაწყვეტილებას არავინ შეეწინააღმდეგა. თავიდანვე დადებითად მიიღეს. ერთი სული მქონდა, პოლიციელის ფორმას როდის ჩავიცვამდი.

– ხარაგაულში თვლიან, რომ თქვენ იმაზე მეტად მკაცრი ხართ, ვიდრე თქვენი კოლეგა მამაკაცები. ეს, კანონის აღსრულების სურვილთან ერთად, თქვენი შინაგანი თვისებაა?

– ვფიქრობ, კანონი უზენაესია და მას ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ. არ ვარ ჩემს მამაკაც თანამშრომლებზე მკაცრი. ალბათ, ასე იმიტომ ამბობენ, ქალი რომ ვარ და ჩემი სიმკაცრე უფრო გამოჩნდა. ყველა თანამშრომელი ერთნაირად იქცევა, როცა საქმე კანონდარღვევასთან გვაქვს.

 – რა სირთულეები ახლავს ქალისთვის იმას, რომ ხართ გამომძიებელი და პოლიციელი?

როდესაც გაქვს ცხოვრებაში მიზანი და პროფესია გიყვარს, დამიჯერეთ, რომ ყველა სირთულეს დაძლევ. ყველაფერს აიტან, როცა სამართლიანობის დაცვისკენ სულითა და გულით მოწოდებული ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა, მოტივაცია და საქმის პირნათლად შესრულების სურვილი.

ვფიქრობ, პირნათლად უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და, პირველ რიგში, ჩემს ხარაგაულელებს.

ნინო კაპანაძე