„კარგი მოსამართლე ობიექტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი, კანონის ერთგული და ადამიანების მოყვარული უნდა იყოს“, – ამბობს 93 წლის კლარა (ცაცა) გუდაძე, – ქალბატონი, რომელიც თერთმეტი წლის განმავლობაში (1965-1976 წწ.) ხარაგაულში მოსამართლედ მუშაობდა.

მოსამართლედ დანიშვნამდე ხარაგაულში ნოტარიუსად მუშაობდა. მან ეს საქმიანობა მოსამართლეობის შემდეგაც გააგრძელა, 2007 წლამდე.

ცაცა გუდაძე ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში დაიბადა. ბავშვობაში, სტომატოლოგი მამიდის გავლენით, ექიმობაზე ოცნებობდა. დღემდე განიცდის, რომ ბავშვობის ოცნება ვერ აისრულა.

მიუხედავად იმისა, რომ იურისტობა დიდად არ აინტერესებდა, უპასუხისმგებლობა არასოდეს გამოუჩენია. ამაზე მისი წარმატებული იურიდიული კარიერაც მეტყველებს.

დღეს მხცოვანი ქალბატონი ახალგაზრდებს ურჩევს, რომ თავი იმ პროფესიაში დაიმკვიდრონ, რომელიც მათ ძალიან მოსწონთ.

„მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული განათლების მოტრფიალე არასოდეს ვიყავი, პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მაღალი მქონდა. სწავლისთვის თავი რომ დამენებებინა, იმას კი არ იტყოდნენ, ეს პროფესია არ მოსწონსო, არამედ იმას, რომ ვერ ისწავლაო. ამიტომ ყველანაირად მოწადინებული ვიყავი.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა კანცელარიაში დავიწყე. მალე შემცვლელ მოსამართლედ დამნიშნეს.

ხარაგაულში მოსამართლის კანდიდატურაზე რომ დამასახელეს, წინააღმდეგობა გავწიე, – ისეთი გული მაქვს, ყველა ადამიანს ანგარიში თუ არ გავუწიე, არ შემიძლია-თქო. ვფიქრობდი, ამ პროფესიაში ეს თვისება უკან დამხევდა.

ბევრმა კომპეტენტურმა ადამიანმა მირჩია, ამ გამოწვევაზე უარი არ მეთქვა, რადგან ამით ჩემს კარიერაში მიმავალ გზებს ჩავკეტავდი. მამაჩემმა ეს ამბავი რომ გაიგო, მითხრა – შვილო, მეშინია ვინმემ ცუდ საქმეში არ გაგრიოსო. მამას ვუპასუხე – არ ინერვიულო, ქრთამს არასოდეს ავიღებ -თქო. ასეც იყო“.

ქალბატონი ცაცა ამბობს, რომ განაჩენი ყოველთვის ობიქტურად გამოჰქონდა. განსასჯელი ახალგაზრდა თუ იყო, მათ ადგილზე საკუთარ შვილებს წარმოიდგენდა, ხოლო თუ ასაკოვანი, – ფიქრობდა, რომ მარჩენალი  ოჯახისთვის დიდი ხნით არ ჩამოეშორებინა. ყოველთვის ცდილობდა, სხვის „ტყავში შემძვრალიყო“ და გადაწყვეტილება ისე მიეღო.

„მოსამართლეს ხალხი უნდა უყვარდეს. სხვებისთვის, კანონის მორჩილებით, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. გარკვეული ვადით უნდა ასრულებდეს თავის საქმიანობას, – ჩემთვის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მიუღებელია.

ჩემი მუშაობის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა არ მიმიღია. მახსენდება მხოლოდ ერთი ამბავი. ძმები ერთმანეთს ედავებოდნენ. საშინლად იყვნენ გადაკიდებულები. იძულებული ვიყავი, სასამართლო პროცესი ხშირად შემეწყვიტა და გადამედო.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ შევარიგე. გარკვეული ხნის შემდეგ მიზანს მივაღწიე. ძმები კი შერიგდნენ, მაგრამ მე, ვადის დარღვევის გამო, შენიშვნა მომცეს.

ჩემი გადაწყვეტილება არავის დავალებით არ შემიცვლია. დანაშაული თუ იყო სახეზე, შესაბამის სასჯელს ვაძლევდი“.

ჩვენთან საუბრისას ქალბატონი ცაცა იმ სასამართლო პროცესს იხსენებს, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

„რიკოთის უღელტეხილზე მოტოციკლი ავტობუსს შეეჯახა და შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. განსასჯელის სკამზე ავტობუსისა და მოტოციკლის მძღოლები აღმოჩნდნენ. სასამართლო პროცესზე დაღუპულთა ოჯახის წევრები მიცვალებულთა გადიდებული ფოტოსურათებით მოვიდნენ. ეს ძალიან რთული სანახავი იყო.

ავტობუსის მძღოლს 15 წელი მივუსაჯე, ხოლო მოტოციკლისტს – 5 წელი. ამ პროცესმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ პროფესიული დაავადება მივიღე, – ნერვიულობისგან მარჯვენა ხელზე წერითი სპაზმები დამემართა“.

მხცოვან მოსამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებული ახალგაზრდები ხშირად სწორ გზაზე დაუყენებია, რადგან თვლის, რომ სასჯელის ზომა ხშირად გამოსავალი არ არის; ადამიანს უნდა დაეხმარო და სწორ გზაზე დააყენო.

მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ავტორიტეტისა და ადამიანების სიყვარულის მოპოვება იყო. თავად მთელი შეგნებული ცხოვრება იმის ცდაში იყო, რომ ადამიანებს დახმარებოდა. მატერიალურ კეთილდღობაზე ორიენტირებული არასოდეს ყოფილა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბინის უქონლობის გამო, შვილს 6 წლამდე სოფელში დედა უზრდიდა.

„ამ ხნის ქალი ვარ და ტყუილი არასდროს მითქვამს. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ხალხში ავტორიტეტისა და სიყვარულის მოპოვება იყო. ვიმედოვნებ, რომ ამას მივაღწიე.

ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის პატივისცემა არასდროს დაკარგონ. შეძლებულ ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდები ფინანსურმა კეთილდღეობამ არ უნდა გააყოყოჩოს. კანონი ყოველთვის უნდა დავიცვათ“.

ცაცა გუდაძემ ოჯახი შოთა ხარატიშვილთან ერთად შექმნა. ქალბატონი ცაცა თვლის, რომ მეუღლის სახით მეორე ნახევარი იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ, ერთმანეთს ავსებდნენ. ერთად ბევრი დაბრკოლება გადალახეს, მაგრამ მტკიცე და სიყვარულით სავსე ოჯახი შეინარჩუნეს.

ცაცა გუდაძეს ორი შვილი, ორი შვილიშვილი და ორიც შვილთაშვილი ჰყავს. დღეგრძელობას ვუსურვებთ ღვაწლმოსილ ადამიანს, – ქალბატონ ცაცას.

ლიკა ხიჯაკაძე