ყველა სპექტაკლი ჩემთვის დღესასწაულია. მიყვარს ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიყავი ამ დღესასწაულის მონაწილე.

უამრავი სირთულე ახლავს სპექტაკლზე მუშაობის პროცესს, მაგრამ როცა მაყურებლით გაჭედილ დარბაზში უწყვეტი ოვაცია ისმის, ყველაფერი გავიწყდება.

თეატრის ცხოვრებაში უხვადაა საინტერესო ამბები. მრავალთაგან ორს მოვიგონებ:

2012 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მთავარი ჯილდო რომ დავიმსახურეთ, თურქეთში, ქალაქ ქემერში საერთაშორისო ფესტივალზე მიგვიწვიეს. „თანამდევი სული“ ღია ტერასაზე მოწყობილ სცენაზე წარვადგინეთ. მაყურებელთა შორის იყვნენ უცხოელები. სპექტაკლს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ქართველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი და ჟიური დიდხანს გვიკრავდა ტაშს. ყველაფერი რომ დამთავრდა, სასტუმროსკენ გავეშურეთ. მივდივართ მდუმარედ, ემოციებისაგან დაღლილები. გზად დერეფანი უნდა გაგვევლო. დერეფნის ორივე მხარეს სავარძლები იდგა და ახალგაზრდები ისხდნენ. შევედით თუ არა, ყველა ფეხზე წამოდგა და ტაშის დაკვრა დაიწყეს. გაოცებულები აქეთ-იქეთ ვიხედებოდით. მალევე მივხვდით, რომ ეს ტაში ჩვენ გვეკუთვნოდა, უფრო სწორად – ილია ჭავჭავაძეს.

2014 წლის მაისში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა (ბოგვერაძე) ბრიუსელში მიგვიწვია. ქართველ ემიგრანტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მივულოცეთ სპექტაკლით „თანამდევი სული“. უჩვეულოდ ვღელავდით. რეპეტიციამაც უღიმღამოდ ჩაიარა. არადა ვიცოდით, როგორი მაყურებელი გვეყოლებოდა – ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ენატრებათ ქართული სიტყვა. სპექტაკლზე მოვიდნენ უცხოელები ქართული სამოსით, ჩვენი საელჩოსა და ნატოს შტაბის წარმომადგენლები. მოკლედ, დარბაზი გაივსო და ჩვენმა მღელვარებამაც იმატა.

ამ დროს იღება საგრიმიოროს კარები და შემოდის ხარაგაულელი გია სახვაძე და მისი მეუღლე ნატო ტაბატაძე. ისინი გერმანიაში ცხოვრობენ – ბრიუსელიდან ძალიან შორს. რომ გავაცნობიერეთ, ხარაგაულის სიყვარულით რამხელა გზა გამოიარეს, ჯერ ტირილი დავიწყეთ და მერე – ხმაშეწყობილი ქვითინი. ცოტა რომ დავწყნარდით, პარიზიდან მალხაზ კუპრაძე და მისი მეუღლე დაგვადგნენ თავს. ისევ ემოცია – გულში ჩახუტება. კიდევ ერთი ქალბატონი მოვიდა ჰოლანდიიდან – ისიც ხარაგაულელი კიკნაძე. მოკლედ მთელი ევროპა შეიკრიბა და ჩვენც ისე მოვინდომეთ და ვითამაშეთ, რომ დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე.

ირინე ჩხეიძე

ფოტოზე: ხარაგაულის სახალხო თეატრის დასი ბელგიაში მეუფე დოსითეოსთან, 2014 წ.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით

 

ამავე თემაზე

მადლობა, ირინე!

მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია

ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს

შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…

სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია

თეატრი აბედნიერებს

თეატრი ჩემი ცხოვრების განუყოველის ნაწილია

სპექტაკლში მონაწილეობა დღესასწაულია