ბაბუაჩემი სერგო კიკნაძე სცენისმოყვარე გახლდათ, მამა – თამაზ კიკნაძე – რეჟისორი და მსახიობი, დედა – გიული ლომიძე, რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა. ასე რომ, თეატრი ჩემს ცხოვრებაში სულ იყო. ამის მიუხედავად, მსახიობობის სურვილი არასდროს გამჩენია. მოხდა ისე, რომ 1995 წელს მუშაობა ხარაგაულის კულტურის სახლში დავიწყე, მხოლოდ არა – თეატრში.

1996 წელს გურჯაანში სახალხო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრს „სოლომონ მორბელაძე“ უნდა ეთამაშა. მამამ ეპიზოდური როლი შემომთავაზა, – ქორწილის სცენაში სხვებთან ერთად ვმღეროდი.

მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი როლის  შემსრულებელმა ლევან მეტრეველმა სპექტაკლის წინა დღეს ხმა დაკარგა – ვეღარ ლაპარაკობდა. მამამ მითხრა, ლევანის როლი მეთამაშა. ძალიან ავღელდი. მთელი დღე მამეცადინა. ასე შედგა ჩემი სამსახიობო დებიუტი პირდაპირ რესპუბლიკურ ფესტივალზე.

2004 წელს, ირინე ჩხეიძე რომ მოვიდა ხარაგაულის თეატრის რეჟისორად, მას შემდეგ ირინესგან დადგმულ ყველა სპექტაკლში ვმონაწილეობ. თითოეული სპექტაკლის ჩვენებას თავისებური ემოცია ახლავს. გამოვყოფ, ქალთა კოლონიაში „დარისპანის გასაჭირი“ რომ ვითამაშეთ. ძალიან რთული იყო ჯერ ციხეში შესვლა, მერე მსჯავრდებულების წინაშე გამოსვლა. როგორ გველოდებოდნენ, როგორი ინტერესით გვიყურებდნენ.

ვერ ვივიწყებ სვანეთში, სოფელ ჭუბერში მცხოვრები პატარების თვალებს, რომლებმაც თოჯინების თეატრი პირველად ჩვენი წარმოდგენით ნახეს. ძალიან სასიხარულოა, რომ ორი ათწლეულის შემდეგ ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრთან ურთიერთობა აღვადგინეთ.

2018 წელს, როცა ლატვიელები ხარაგაულში ჩამოვიდნენ, მათ, ფაქტობრივად, მთელმა ხარაგაულმა უმასპინძლა – მერიამ, საკრებულომ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამუსიკო სკოლამ, მუზეუმმა, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა. მადლობა ამისთვის ყველა ხარაგაულელს.

ერთიც მინდა ვთქვა რეჟისორ ირინე ჩხეიძეზე – პანდემიის პირობებშიც არ ჩერდება და არც ჩვენ გვასვენებს. გვირეკავს მსახიობებს და ახლა რომ ვმუშაობთ, იმ სპექტაკლის ფრაზებით გველაპარაკება. ხარაგაულის თეატრის წარმატებები 21-ე საუკუნის დასაწყისში ირინე ჩხეიძის დამსახურებაა.

ვასილ კიკნაძე

ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან „ორნი“, ვასილ კიკნაძე და ირინე ჩხეიძე, 2018 წელი

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით

ამავე თემაზე

მადლობა, ირინე!
მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია
ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს
შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…
სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია
თეატრი აბედნიერებს
ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე
სპექტაკლში მონაწილეობა დღესასწაულია