მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა დაბა ხარაგაულში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ცენტრალურ ქუჩაზე გავლისას არასასიამოვნო სუნი იგრძნობა რკინიგზის სადგურთან, თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერში, 9 აპრილის ქუჩაზე მრავალბინიან სახლთან, სოლომონ მეფის ქუჩაზე – ცენტრალური პარკის ჩასავლელთან, საბავშვო ბიბლიოთეკასთან.

„ფანჯარას ვერ ვაღებ, ისეთი საშინელი სუნი შემოდის, – ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მედული ხარაძე, – კანალიზაციის მილი ჩვენი მრავალბინიანი კორპუსიდან პირდაპირ ახალმოწყობილ სანიაღვრე არხში ჩაედინება, შემდეგ კანალიზაციის მილს უერთდება, თუმცა ის მილი ხშირად იჭედება და ფეკალიები სანიაღვრე არხს ავსებს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვეთ მილის გაწმენდა და ყურადღება არავინ მოგვაქცია“.

„სანიაღვრე არხი ჭარბი ნალექის გასატარებლადაა და არა კანალიზაციისთვის, – ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ლაშა გურგენიძე, – ზაფხულზე ამ ქუჩაზე ვერ გაივლით. სოლომონ მეფის ქუჩაზე რომ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა დაიწყო, მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობისგან მომავალი კანალიზაცია იმაზე უნდა დაერთებულიყო. თუმცა ასე არ გაკეთდა.

მილიონობით ლარი რას მოხმარდა, მაინტერესებს?! რატომ მაშინვე არ გაგრძელდა პროექტი? ამ ადგილზე უნდა აცხოვრო ის ხალხი, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო, ასუნთქო ფეკალიების სუნი და მერე რა ხასიათზე დადგებიან, ვნახოთ.

ძველ საკანალიზაციო სისტემაში, რომელიც ალაგ-ალაგ ბეტონის ფილებითაა დაფარული, ვირთხები ბუდობენ. მათ ქუჩაში მცხოვრები ძაღლები იჭერენ და ირგვლივ საშინელი ანტისანიტარიაა.

არც ერთი სეპტიკი (კანალიზაციის გამწმენდი მცირე ნაგებობა) ხარაგაულში არ მუშაობს. კანალიზაცია პირდაპირ ჩხერიმელაში ჩაედინება. ძლიერი წვიმა რომ მოვიდეს და სანიაღვრეები ამოივსოს, კანალიზაცია ქუჩაში გადმოვა.

ჩემი ინფორმაციით, ცენტრალური საკანალიზაციო სისტემაც არ იმუშავებს, რადგან მილი პროექტში მითითებულზე ნაკლები ზომისაა. ამაში ხომ ჩვენი, ხალხის ფული დაიხარჯა?! ორი წელი ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა გადათხრილი იყო და გვეუბნებოდნენ, „საუკუნის, უპრეცედენტო პროექტი“ კეთდებაო. მოსახლეობა ისევ იგივე დღეში ვართ. ეს თვალში ნაცრის კი არა, ნაკვერჩხლის შეყრაა.

სოციალურ ქსელში რომ წერენ, შეაფასეთ ადგილობრივი ხელისუფლება როგორ მუშაობსო, ხარაგაულის საკანალიზაციო სისტემა ვნახოთ და მერე შევაფასოთ. სიმართლე თუ თქვი, „ნაციონალი ხარო“, იმწუთას იმას დაგაბრალებენ“.

ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე, პარკის ჩასავლელთან, საკანალიზაციო მილი სისტემატურად იჭედებოდა და ფეკალიებით ტროტუარი ივსებოდა. ეს პრობლემა გასული წლის ბოლოს მოგვარდა. ამ ქუჩის მაცხოვრებელები, კერძო მეწარმეები და მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ვითარება რადიკალურად შეცვლილია, თუმცა უსიამოვნო სუნი მაინც აწუხებთ, – განსაკუთრებით ცხელ დღეებში. ყველა მათგანი საკანალიზაციო სისტემის სრულ და დროულ რეაბილიტაციას ითხოვს.

„რკინიგზის სადგურის მიმდებარედ რომ ბინებია, იქ მოწყობილი სეპტიკი ხშირად იჭედება და ფეკალიები პირდაპირ მდინარე ჩხერიმელაში მიედინება, – ამბობს რკინიგზის დასახლებაში მცხოვრები ბაქარ ბარბაქაძე, – რკინიგზაზე გადმოსასვლელი საავტომობილო ხიდის ქვეშ მდინარის კალაპოტი კანალიზაციის სითხითაა სავსე.

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები მდინარე ჩხერიმელაში საბანაოდ ჩავლენ. ეს მდინარე ინფექციისა და დაავადების გავრცელების ადგილი იქნება. ასეთი მდგომარეობაა მდინარის მთელ პერიმეტრზე – რკინიგზის სადგურიდან დაწყებული „ხანდების უბნით“ დამთავრებული“.

სოლომონ მეფის ქუჩაზე, საბავშვო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში კანალიზაციის მილი ხშირად იჭედება. ამ ბინაში მცხოვრები ტარიელ მდინარაძე ამბობს, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მარტოს უწევს.

„35 წელია აქ ვცხოვრობ და საკანალიზაციო მილი სისტემატურად იჭედება, – ამბობს ტარიელ მდინარაძე, – ახლაც ეზოში ამოვიდა ფეკალიები. კანალიზაცია ჩვენი ბინიდან პირდაპირ ჩხერიმელაში ჩაედინება. ეს სისტემა არც ერთ სეპტიკზე არაა დაერთებული. ახლა თოხით უნდა ამოვწმინდო.

„ხარაგაულის კეთილმოწყობიდა და დასუფთავების გაერთიანების“ სახელზე განცხადება რამდენჯერ მაქვს დაწერილი აღარ ვიცი. როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში“?!

ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, კანალიზაციის სისტემის პროექტირებისა და მშენებლობისთვის „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ტენდერი დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებისთვის 2020 წელს 2 100 532 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „სამუშაოების მიზანია, დაბა ხარაგაულში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის დაწყებამდე, მოწყობილი იქნას სოლომონ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის გამყვანი კოლექტორები, შესაბამისად, სხვა ქუჩების პერსპექტივაში ჩართვის უზრუნველყოფით“. ტენდერით შერჩეულმა „ჰიდროტექნოლოგიურმა ჯგუფმა“ ამ სამუშაოების შესრულება 1 890 360 ლარად ივალდებულა.

კომპანიამ მშენებლობის ვადის გახანგრძლივება 22-ჯერ მოითხოვა. ამის მიზეზი დირექტორის, ზურაბ ბარჯაძის ინფორმაციით, მუშაობის პროცესში მიწისქვეშ აღმოჩენილი პრობლემები იყო, რაც წინასწარ არ იცოდნენ. სოლომონ მეფის ქუჩაზე ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა.

შესრულებულ სამუშაოებზე ინსპექტირების ანგარიში შპს „პონტიკამ“ მოამზადა. 2023 წლის 6 თებერვალს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ „დასრულებული სამუშაოები პასუხობს ნორმებს“. ამასთანავე შემსრულებელს დაეკისრა პასუხისმგებლობა, რომ დაფიქსირებული დეფექტები ერთი წლის განმავლობაში აღმოეფხვრა.

მიღება-ჩაბარების აქტიდან ერთი წლის შემდეგ გაფორმებულ ოქმში აღნიშნულია, რომ „ობიექტზე ხარვეზები არ შეინიშნება“. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები, ამ კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრის უფროსი და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი.

„ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ცენტრალურ სისტემაზე მოსახლეობის საკანალიზაციო მილების დაერთებასა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

თუმცა, ეს როდის მოხდება, ჩემთვის უცნობია, – ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხარაგაულის სერვის-ცენტრის უფროსი ტარიელ ავალიშვილი, – სრული რეაბილიტაციის შემდეგ საკანალიზაციო სისტემის მოვლა-პატრონობა ჩვენ დაგვევალება“.

ფლობს თუ არა ინფორმაციას ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის ვადების შესახებ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის დარგში დავით დევდარიანი გვპასუხობს:

„ამ სამუშაოებისთვის პროექტირებაზე ტენდერი შესაძლოა, ამ წლის ბოლომდეც გამოცხადდეს. ასე გვპირდებიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“.

ამ კომპანიიდან კი სხვა რამ გვიპასუხეს – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლელა კიკალეიშვილი ამბობს, რომ 2025 წელს ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის მიზნით არაფერია დაგეგმილი, ხოლო 2026 წლის გეგმა ჯერ არ შეუმუშავებიათ.

„ხარაგაულში კანალიზაციის ცენტრალური სისტემა იმ დროს მოეწყო, როცა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. გზა რომ ხელახლა არ გადათხრილიყო, ამიტომ შეიცვალა კანალიზაციის ცენტრალური მილი“, – ამბობს ლელა კიკალეიშვილი.

 

ხარაგაულში დღეს არსებული ძველი საკანალიზაციო სისტემის მოვლა-პატრონობა „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ვალდებულებაა. ამ მიზნით ეს ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარით ფინანსდება. ამ თანხაში წყალანირების ჯგუფის რვა თანამშრომლის ხელფასი და საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა შედის.

ამ გაერთიანების დირექტორი, ოთარ ბანცაძე ამბობს, რომ არსებული საკანალიზაციო სისტემა კარგად მუშაობს. მისი ინფორმაციით, ხარაგაულში ხუთი სეპტიკია მოწყობილი და ყველა მათგანი გამართულია.

„სეპტიკები მოწყობილია – მდინარე ჩხერიმელას ნაპირთან ახლოს – რკინიგზის სადგურზე, საზოგადოებრივ ტუალეტთან, ცენტრალური პარკის შესასვლელში, „ავტოტრანსის“ მიმდებარედ და კოპიტნარის დასახლებაში.

სეპტიკებში ჩასული მასა იწმინდება და შემდეგ მდინარე ჩხერიმელაში ჩაედინება, – ამბობს ოთარ ბანცაძე,- გასული წლის ბოლოს სეპტიკები საზოგადოებრივ საპირფარეშოსთან და ცენტრალური პარკის შესასვლელთან გავწმინდეთ, თებერვალში – რკინიგზის სადგურის სეპტიკი მოვაწესრიგეთ, ხოლო ივნისში პატარა ხარაგაულში სამგან გაიწმინდა კანალიზაციის ჭები.

ცოტა დაუდევრები ვართ ადამიანები. ვერ წარმოიდგენთ საკანალიზაციო მილებიდან რას ვიღებთ – მაგიდის ტილოებს, ტანსაცმელს, ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ნარჩენს. ხარაგაულში ნაგვის ურნები ბევრგანაა და რატომ უნდა ჩაყარო ნარჩენები ან ძველი ტანსაცმელი კანალიზაციაში, არ მესმის.

თვეში ერთხელ საკანალიზაციო ჭებს ვქლორავთ, ხოლო სეპტიკებსა და მილებს იმ შემთხვევაში ვწმენდთ, როცა იჭედება. სხვათაშორის, კანალიზაციის ძველი სისტემის მილები ახალ მილებზე ხარისხიანია“.

ჩვენს შეკითხვაზე, მაშინ რა საჭირო იყო ცენტრალური საკანალიზაციო მილის გამოცვლა, ოთარ ბანცაძე გვპასუხობს, რომ დაბა ხარაგაულში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა და ახალი, უფრო ფართო მილის დამონტაჟება აუცილებელი გახდა – ცენტრალური ქსელი 350-400 მმ სიგრძის ჰიდრავლიკური მილებით მოეწყო.

წყალანირების ჯგუფის ხელმძღვანელი ემზარ ორთოიძე ამბობს, რომ მოსახლეობა საკანალიზაციო ჭების გაჭედვის შესახებ თითქმის ყოველდღე უკავშირდება.

„საკანალიზაციო ჭები კარგ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, ვწმენდთ, – ამბობს ემზარ ორთოიძე, – ერთი თვის წინ ე.წ. „დიდვაკის ბინების“ ეზოში საყრდენი კედელი რომ მოეწყო და ეზო მობეტონდა, კანალიზაციის ჭები დაზიანდა. ეგეც შევცვალეთ.

გზები რომ კეთდება, მაგ დროს კანალიზაციის მილებს ხშირად ზიანდება. ხალხმაც უნდა გაითავისოს, თავისით ხომ არ მოხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენი კანალიზაციაში?! სამუშაო ყოველდღე გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, თუ მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობას არასამუშაო დღეებშიც ვემსახურებით. სანიაღრე არხები, რომელიც კანალიზაციის გამტარია, ხშირად მძიმეწონიანი მანქანების გადავლით ზიანდება“.

კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა სერიოზულ სანიტარულ-ჰიგიენურ და ეკოლოგიურ საფრთხეებს იწვევს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამულ ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ „კანალიზაციის სისტემების განვითარების პროგრამის მიზანი დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარებაა“. თუმცა, როდის მიიღწევა ეს მიზანი ხარაგაულში, ჯერჯერობით, უცნობია.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

მოუწესრიგებელი კანალიზაციის სისტემა, შესაძლოა, უამრავი დაავადების მიზეზი გახდეს

როდის გვექნება ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა

ხარაგაულში „წინსწრებით“ მოწყობილი კანალიზაციის სისტემა სანახევროდაა გაკეთებული