ხარაგაულის სახალხო თეატრთან ჩემი ურთიერთობა მოსწავლეობიდან დაიწყო.

რეჟისორი თამაზ კიკნაძე ხარაგაულის #2 სკოლას აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების მომზადებაში ეხმარებოდა. მაშინ მეათე კლასში ვიყავი. ერთი ეპიზოდი უნდა გვეთამაშა „ბაში-აჩუკიდან“. თიმსალ-მაკოს როლი მერგო. მახსოვს, როგორ მასწავლიდა როლში შესვლას, მეტყველებას ისე, რომ ჩემი ხმა დარბაზის ბოლოში მსხდომ მაყურებელს მიწვდენოდა. სცენა არ უნდა გაცივდესო, – მისი სიტყვები არ მავიწყდება.

წლების შემდეგ ბატონმა თამაზმა შემოთავაზა – „სოლომონ მორბელაძის“ აღდგენას ვაპირებ და მისი მეუღლის როლს თუ ითამაშებო. ძალიან გამიხარდა. მან ამ სპექტაკლის აღდგენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლო.

შემდეგ რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ „დაინახა“ ჩემში მარგო სპექტაკლში „ექვის შინაბერა და ერთი მამაკაცი“, ილიას „ფიქრი“ – „თანამდევ სულში“, ნინუცა და თოთალა – „ნატვრის ხეში“, კაროჟნა „დარისპანის გასაჭირში“.

სპექტაკლში მონაწილეობა დღესასწაულია, მაგრამ ჩემთვის ვერაფერი შეედრება ყველაზე კრიტიკული ხარაგაულელი მაყურებლის შეფასებას. ის თითქოს სპექტაკლის მონაწილეა, – არ გამოეპარება არც ერთი მოძრაობა და თუ ოდნავი სიყალბე შეგატყო, ტაშს არ დაგიკრავს.

ხარაგაულის თეატრის წარმატებაში მის უნიჭიერეს რეჟისორ ირინე ჩხეიძესთან და დახვეწილი გემოვნების მქონე დასის წევრებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ხარაგაულელ მაყურებელს მიუძღვის; მაყურებელს, რომელიც მუდმივად გზრდის, ახალი გამოწვევების დასაძლევად სტიმულს გაძლევს. ამიტომ დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: სპექტაკლის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ პრემიერის შემდეგ, 2005 წ.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით

 

ამავე თემაზე

მადლობა, ირინე!

მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია

ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს

შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…

სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია

თეატრი აბედნიერებს

ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე

თეატრი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია