„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისა და პრევენციის გაუმჯობესებისთვის, გასულ წელთან შედარებით, არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა და ამ მიმართულებით მდგომარეობა უცვლელი რჩება“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2024 წლის ანგარიშში. ეს ანგარიში სახალხო დამცველმა პარლამენტს 2025 წლის 6 ივნისს წარუდგნა.

ამ ანგარიშის მიხედვით, „განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2024 წელს, ამნისტიის შედეგად პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ, მოძალადემ ყოფილი მეუღლე დამცავი ორდერის პირობებში მოკლა. ეს ფაქტი მიუთითებს საკითხის პრობლემურობასა და მისი კომპლექსურად გადაჭრის აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ პრობლემად გამოიკვეთა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივ გამოძიებასა და დაზარალებულების ეფექტიან დაცვას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ამ სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს სამი დამოუკიდებელი გზა:

– მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;

– შემაკავებელი ორდერი;

– დამცავი ორდერი.

თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზენებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 112.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

2024 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ძალადობის 5003 ფაქტზე დაიწყო, გამოძიება დაიწყო – 7723 ფაქტზე, გაიცა 8744 შემაკავებელი და 77 დამცავი ორდერი.

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სახელმწიფო ფონდი, რომელიც ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას ემსახურება.

ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006. ზარი უფასო და ანონიმურია.

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით.

თავშესაფარში მსხვერპლი იღებს შემდეგი სახის სერვისებს: ღირსეული არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი, საკვები და ტანსაცმელი, სამედიცინო დახმარება (ბაზისური მედიკამენტების ჩათვლით), ფსიქოლოგიური კონსულტაცია, იურიდიული დახმარება და სასამართლოს წარმომადგენლობა, ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობა.

სახალხო დამცველი გასული წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დამატებითი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები გაიხსნა. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას ყურადღების მიღმა დარჩა თავშესაფრების რეგიონული დაფარვის საკითხი. ასევე, ახლად გახსნილი დაწესებულებები შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული, რაც მათ სერვისებზე წვდომის დამატებით ბარიერს უქმნის.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პრობლემად გამოიკვეთა თავშესაფრებში თავისუფალი ადგილების არარსებობა. სისტემატურ პრობლემად რჩება თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა დროულად აყვანა და თავშესაფრით მოსარგებლე პირების სათანადო რეაბილიტაცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებებია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გასულ წელს პირველად შეაფასა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებები. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნებისთვის კამპანიები თითქმის არ იწარმოება.

ამასთანავე, სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შეცდომით აიგივებს საინფორმაციო შეხვედრებს ყოვლისმომცველ კამპანიებთან. მათ მიერ ჩატარებულ შეხვედრებს კამპანიური ხასიათი არ აქვს, ხშირად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებით შემოიფარგლება, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან ცვლილებებს ვერ უზრუნველყოფს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძალადობაგამოვლილ პირთათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა ფინანსდება. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ წელს ამ პროგრამით სარგებლობა არავის მოუთხოვია. მისივე ინფორმაციით, ხარაგაულიდან თავშესაფარში ამჟამად ძალადობა გამოვლილი დედა-შვილია გადაყვანილი.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობა არ ხდება, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ადამიანები მაინც მალავენ ოჯახში ძალადობის ფაქტებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობიერება ამ კუთხით, გასულ წლებთან შედარებით, გაიზარდა. ჩვენი სამსახური მზადაა, უფლებამოსილების ფარგლებში, ძალადობა გამოვლილ პირებს, მათი მომართვის შემთხვევაში, დაეხმაროს“.

ამავე თემაზე

ძალადობა გამოვლილი ქალების საჭიროებები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს

მოძალადეს საზოგადოების დუმილი კვებავს