ხარაგაულში, სოფელ დიდვაკეში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ციალა მაღრაძეს, მესამე თვეა, პერსონალური ასისტენტი ემსახურება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამის დანერგვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი – ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე), ხარაგაულის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტით „უკეთესი მომავლისათვის“.
აღნიშნული პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, – დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ინკლუზიური გარემოს შექმნისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.
ასოციაცია „ანიკა“, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურების განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
ციალა მაღრაძე, 28 წელია, ვერ გადაადგილდება და იატაკზე დახოხავს. ის ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც მასთან პერსონალური ასისტენტი ზეინაბ შარიქაძე დადის.
„ზეინაბის დახმარებით კოხტად და სუფთად ვარ, – ამბობს ციალა მაღრაძე, – ზეინაბი საუკეთესოა, ყველანაირად მეხმარება. საჭმელს მამზადებინებს, ზოგჯერ ისეთ რამესაც კი მიკეთებს, რაც მის მოვალეობაში არ შედის. ზეინაბის დანახვაც კი ჩემზე კარგად მოქმედებს; რომ დამიძახებს, – ხომ კარგად ხარო, მიხარია. მაგის სიტყვა ჩემთვის თითქოს კანონია“.
ციალა მაღრაძე გვიყვება, რომ ცელქი ბავშვი იყო და ხეებზე სიარული უყვარდა. ერთხელაც, ხიდან ჩამოვარდა და ფეხზე პირველი ტრავმა მაშინ მიიღო. წლების განმავლობაში ახტალაში, გუდაუთაში, წყალტუბოში მკურნალობდა. 1984 წელს ხარაგაულში ავტომანქანა დაეჯახა და იმ პერიოდიდან ჯოხით გადაადგილდებოდა.
28 წლის წინ, ოჯახი რომ შექმნა და შვილი შეეძინა, ფეხი მოიტეხა. დაგვიანებული მკურნალობის გამო ფეხზე გავლა ვეღარ შეძელო და მას შემდეგ იატაკზე დახოხავს.
ახლა მისი ოჯახი ბევრი საჭიროებისა და პრობლემის წინაშეა. დიდვაკის მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულზე, ციალა მაღრაძის ოთახში, იატაკი არ არის და ის ცემენტზე დაფენილ თხელ ხალიჩაზე ზის. პენსია წამლებშიც არ ჰყოფნის. აუცილებლად სჭირდება სარეცხის მანქანა.
მისი ქალიშვილი თამარ ტურიაშვილი კმაყოფილია, რომ ხარაგაულის „სათნოების სახლიდან“ პურსა და ცხელ საჭმელს იღებენ. თუმცა ამბობს, რომ ხარაგაულამდე ყოველდღე ჩასვლა და უკან დაბრუნება 5 ლარი უჯდება. ამის შესაძლებლობა მას არ აქვს.
ამიტომ ხშირად იძულებულია, ხარაგაულიდან დიდვაკეში ფეხით წამოვიდეს. კარგი იქნება, თუ საჭმელსა და პურს კვირაში ორ დღეს მაინც კურიერი ადგილზე მოგვაწვდისო, – ამბობს თამარი.
ოჯახს არ აქვს შეშა. თამარი ხის ტოტებს მდინარის ნაპირიდან ეზიდება. შეშით მეზობლებიც ეხმარებიან. თამარს არ აქვს საწოლი და იატაკზე წევს.
ოთახებში არ აქვთ დენი და წყალი. ბინამდე სისტემა მიყვანილია და ახლა წყალი იმ ოთახშია შესაყვანი, სადაც შეშის ღუმელი დგას. ბინის ერთ-ერთ ოთახში ფანჯარას მინა არ აქვს.
„ამ მრავალბინიანი კორპუსის აივნები რომ კეთდებოდა, მშენებელს და ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ და ერთი ოთახი ამოგვიშენეს, – ამბობს ციალა მაღრაძე, – მინდა იატაკი მქონდეს, ცემენტზე რომ აღარ ვიხოხო. 68 წლის ვარ. 28 წელია, ნორმალურ ცხოვრებას ვნატრობ.
ფეხზე ვეღარ გავივლი, მაგრამ ჯანმრთელად ყოფნა მაინც მინდა. წმინდა გიორგიმ გადმოხედოს და ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც პერსონალური ასისტენტი ზეინაბ შარიქაძე ჩემთან გამოაგზავნა, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა“.
„ძალიან კმაყოფილი ვარ პერსონალური ასისტენტის პროგრამით იმიტომ, რომ ბევრს შეეწყო ხელი და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა, – ამბობს ციალა მაღრაძის შვილი თამარ ტურიაშვილი, – მე და დედას ცხოვრებაზე ხელი გვქონდა ჩაქნეული. მას შემდეგ, რაც პერსონალური ასისტენტი ზეინაბ შარიქაძე ჩვენს ოჯახში შემოვიდა, ბევრი რამ სულ სხვანაირად დაგვანახა; ისე დამიდგა გვერდით, როგორც საკუთარი დედა და მინდა მას მადლობა გადავუხადო“.
პერსონალური ასისტენტი ზეინაბ შარიქაძე ციალა მაღრაძესთან კვირაში ორი დღე დადის. „ლეღვნის ამბულატორიის ექთანმა ნესტან მაღრაძემ შემომთავაზა, შინმოვლის პროგრამაში თუ ჩაერთვებიო, – ამბობს ზეინაბი, – დავეთანხმე, ტრენინგები გავიარე, გამოცდა ჩავაბარე და სერტიფიკატიც მივიღე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც კი ვემსახურები, კმაყოფილები არიან. ჰიგიენის დაცვაში, დასუთავებაში, კერძის მომზადებაში ვეხმარები, ყველაფერს გულით ვაკეთებ.
ციალა მაღრაძის ოჯახს ბევრი საჭიროება აქვს. თუმცა პირველ რიგში, ოთახში წყლის შემოყვანაა აუცილებელი. სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვერა ოდიკაძემ ცემენტზე დასაგები მასალა გამოუგზავნა, ციალამ ბეტონზე რომ აღარ იხოხოს. მევალება თუ არ მევალება, დენის შემოყვანაში დავეხმარები.
პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამა აუცილებელია. ნამდვილად კარგი პროექტია – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მიდიხარ, ესაუბრები, უკეთებ და აკეთებინებ იმას, რაც მას სჭირდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პროგრამაშია ჩართული და ასეთი საჭიროებების მქონე პირებს ეხმარება“.
ციალა მაღრაძის მეზობელი მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ ამ ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
„ზეინაბს რომ დავინახავთ, ყველა მეზობელს გვიხარია, – ამბობს ქალბატონი მანანა, – სახლი ისეთ მდგომარეობაში იყო, შესვლა არ შეიძლებოდა. ამოისუნთქა ციალამაც და თამარმაც, რადგან ზეინაბი მათ ყველაფერში ეხმარება.
მხოლოდ, ერთი სათხოვარი გვაქვს, რომ „სათნოების სახლიდან“, გამზადებული საჭმლის მაგივრად, პროდუქტები გამოუგზავნონ ან საჭმელი კურიერმა მოაწოდოს. შარშან რომ შეშა მოუტანეს, მისი დაჭრა შეუძლებელია და ისევ ხელუხლებელი აქვთ. იქნებ წელს ნორმალური შეშით უზრუნველყონ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
საქართველოში შშმ პირთა სრულყოფილი სტატისტიკაც კი არ არსებობს (ვიდეო)
„პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია“
„ღმერთისგან გაჩენილები“ მათთვის, ვინც ღვთის ანაბარაა
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის სპეციალისტებისთვის ტრანსპორტირების თანხა აუცილებელია
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება
ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროგრამა ხარაგაულისთვის
შინმოვლის პროგრამის თანადაფინანსებისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი