„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ ძაღლები თუ შეგხვდებათ. ღამით კი სოფელში ტურების ხმაც ისმის. ძალიან ვშიშობ, მდინარე ყარნება არ დაგუბდეს და ქვედა ლაშისა და უჩამეთის მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნას“, – ამბობს მეწყერით დაზარალებული ვასილ გაჩეჩილაძე.

დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამჟამად დამეწყრილ სოფლებში და როგორ ცხოვრობენ დაზარალებული ოჯახები.

მოსახლეობის ნაწილი შპს „გეოლოჯიქის“ მიერ შესრულებული ამ მეწყერის კვლევის შედეგებით უკმაყოფილოა. ეს გეოლოგიური კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუკვეთა.

მოქალაქეები, რომელთაც საცხოვრებელი სახლები დაენგრათ, გაურკვევლობაში არიან, არ იციან, როდის და რა ოდენობის თანხით დაეხმარება მათ სახელმწიფო, როგორ და სად შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ:

ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა – 30 ათასი ლარისაცხოვრებელი სახლისა თუ ბინის შესაძენად არასაკმარისია;

გეოლოგიური კვლევა მეწყერის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენას არ ითვალისწინებდა.

მოსახლეობა მეწყერს ახალი რკინიგზის მშენებლობას უკავშირებს. შპს „გეოლოჯიქის“ სპეციალისტების განმარტებით, ამ ფაქტის დამტკიცებას დამატებითი კვლევა სჭირდება.

ღვერკელი თამილა კოპაძე ამბობს, რომ მეწყერის პროვოცირება, შესაძლოა, ახალი რკინიგზის მშენებლობას გამოეწვია. მისი აზრით, ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად, მეწყერის ხელშემწყობი რკინიგზის მშენებლობის დროს გვირაბების აფეთქებითი სამუშაოებიცაა.

ღვერკელი მარადი გელაშვილი იხსენებს, რომ 2019 წელს, რკინიგზის მშენებლობის დაწყების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე სახლები დაიბზარა, ეზოებში კი ნაპრალები გაჩნდა. მაშინ ეს მოსახლეობას რკინიგზის მშენებლობასთან არ დაუკავშირებია და სახლები საკუთარი ძალებით აღადგინეს. დაზიანებული საავტომობილო გზა მაშინ რკინიგზის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ შეაკეთა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაკვეთილი კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგების მოსახლეობისთვის გაცნობისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა ღნიშნა, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები 2016 წლიდან დააფიქსირეს. რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობა კი ლაშეში 2019 წლიდან დაიწყო.

ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა მეწყერის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენასთან ერთად ითხოვს იმ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც ახალი რკინიგზის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

მოქალაქეებს აინტერესებთ:

რამდენად მიზანშეწონილი იყო, 2016 წლიდან მეწყერსაშიშ ზონად მიჩნეულ ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობა;

ვინ გასცა მშენებლობის ნებართვა და რის საფუძველზე.

„შენიშვნები, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას შპს „გეოლოჯიქის“ კვლევასთან დაკავშირებით გვაქვს, დამეწყრილ სოფლებში მოსულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს 10 ოქტომბერს გადავეცით, მათგან, ჯერჯერობით, უკუკავშირი არ ყოფილა“, – ამბობს მარადი გელაშვილი.

მეოთხე თვეა, ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებული მზია დევდარიანი ხარაგაულში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს. მას ბინის ქირის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ურიცხავენ.

„ეკომიგრანტებისთვის განსაზღვრულ საკომპენსაციო თანხას, 30 ათას ლარს, ვერ დავჯერდებით, – ამბობს ქალბატონი მზია, – თანხა უნდა გაგვიზარდონ, რომ ცხოვრების ღირსეულად გაგრძელება შევძლოთ“.

იმავეს ამბობს ამჟამად წეროვანში, დაქირავებულ სახლში მცხოვრები ინგა დევდარიანი.

„გაღიზიანებულები ვართ და გაურკვევლობაში ვიმყოფებით, – ამბობს თამილა კოპაძე, – არ ვიცით, რა გავაკეთოთ, საკომპენსაციო თანხა ბინის ან სახლის შესაძენად არ არის საკმარისი.

ხარაგაულში გეოლოგიური დასკვნის განხილვისას მთავრობის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ეს თანხა გაიზრდებოდა და ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებები იზრუნებდნენ. თუმცა, ჩვენთვის პასუხები ამ დრომდე არავის უცნობებია. ფსიქოლოგიურად ვართ განადგურებულები სახლ-კარი რომ დაგვენგრა, სად და როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, არ ვიცით“.

იმის მიუხედავად, რომ შპს „გეოლოჯიქის“ დასკვნის მიხედვით, მეწყერსაშიშ ზონაში ადამიანების შესვლა და გადადგილება არ შეიძლება, მოქალაქეები სოფელ ხორითიდან გაყვანილი ახალი გზით სოფლებში მაინც შედიან.

„26 ოქტომბერს ვიყავი ხემაღალში, – ამბობს მზია დევდარიანი, – საშინელი მდგომარეობაა. ვიცი, რომ იქ შესვლა არ შეიძლება, მაგრამ მაინც არ მომითმინა გულმა“.

„ორ კვირაში ერთხელ მივდივარ სოფელში, გადავხედავ ხოლმე ჩემს საცხოვრებელ ადგილს, – ამბობს ინგა დევდარიანი, – წინა თვეებში თუ ნაპრალები ყოველწუთიერად მატულობდა, ახლა ასე აღარ არის“.

ხემაღალში, საშიშ ზონაში, ნახევრად დანგრეულ სახლში აგრძელებს ცხოვრებას გელა კვინიკაძე. ის დამეწყრილი სოფლის ერთადერთი მაცხოვრებელია. „საშიშია აქ ყოფნა, მაგრამ არსად მივდივარ, – ამბობს გელა კვინიკაძე, – აქ ჩემი ცოლ-შვილის, წინაპრების საფლავებია და ვერ ვტოვებ. ახლა მეწყერული პროცესები ისეთი სისწრაფით აღარ ვითარდება, როგორც წინა თვეებში. თუმცა, სახლზე ბზარები მაინც ჩნდება.

დენი არ მაქვს, როგორც კი მეწყერი დაიძრა, გათიშეს. საჭმლისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად ხარაგაულში ან ზესტაფონში მუნიციპალური ტრანსპორტით დავდივარ. ალბათ, მაინც დადგება დღე, როცა ხემაღალიდან წასვლა მომიწევს, მაგრამ სულ მგონია, რომ მე და ჩემი მეზობლები საცხოვრებლად ისევ აქ დავბრუნდებით“.

„ღვერკსა და ხემაღალში 68 ჰექტარზე განვითარებულ მეწყერს, ბოლო ერთი კვირაა, ახალი ნაპრალები აღარ მიმატებია, – ამბობს ლაშის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კიკალიშვილი. მისი თქმით, ღვერკისა და ხემაღალის მეწყერსაშიშ ზონაში ადგილობრივები შევიდნენ და მოსავალი აიღეს.

სოფლის შესასვლელთან სამაშველო სამსახურის ორი თანამშრომელი და ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნული სპეციალისტი მორიგეობენ. ისინი მეწყერულ პროცესს და მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინებას აკვირდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საიმისოდ, რომ ეკომიგრანტებისთვის განსაზღვრული თანხა – 30 ათასი ლარი, გაიზარდოს. ამ საკითხზე სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. ამჟამად ხემაღალსა და ღვერკში უსაფრთხო ზონაში 20 ოჯახი რჩება; მათგან 11 ოჯახი – ხემაღალში, 9 ოჯახი – ღვერკში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის დანიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ყოველ პარასკევსა და კვირას ხარაგაულიდან ღვერკი-ხემაღალის მიმართულებით და უკან – ბაზალეთისა და სარგვეშის გავლით მოძრაობს“.

მეწყერით დაზარალებული ოჯახების შესახებ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ამუშავებს. ამ ჯგუფს მერის მოადგილე დავით დევდარიანი ხელმძღვანელობს.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ზუსტდება თითოეული ოჯახის მონაცემები, – აქვთ თუ არა მათ სახლები რეგისტრირებული საკუთრებაში, გააჩნიათ თუ არა სხვა ალტერნატიული ფართი და სხვ.

„ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მერმა სამთავრობო სტრუქტურებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს, დაზარალებული ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გამოსაყოფად, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ღვერკსა და ხემაღალში 112 ოჯახია დაზარალებული. ინფორმაცია დავამუშავეთ სოფელ უჩამეთში მცხოვრები ოთხი ოჯახის შესახებაც, რომელთაც, მდინარე ყარნებას ჩაკეტვის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. შესაძლოა, ინფორმაციები ახალი გარემოებების გამოკვეთის გამო შეიცვალოს“.

შპს „გეოლოჯიქის“ შეფასებით, მეწყერების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყერი არის „ძალიან ღრმა“, „ძალიან მძლავრი“ და „ექსტრემალურად დიდი“.

ფერდობზე განვითარებული მეწყერი კვლავ ინარჩუნებს აქტიური მეწყრისთვის დამახასიათებელ საერთო დინამიკას და მისი ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.

ნინო კაპანაძე

მარადი გელაშვილის ფოტოები