დეისში მცხოვრები სოსო კიკნაძე სიხარულით ელოდება იმ წუთს, როცა მასთან პერსონალური ასისტენტი მაკა ტალახაძე მივა.
სოსო 38 წლისაა. ის ცერებრალური დამბლით დაიბადა და ფეხზე არასდროს გაუვლია. ბავშვობიდან ოცნებობს, კითხვა ისწავლოს და ბიბლია დამოუკიდებლად წაიკითხოს. პერსონალური ასისტენტი მაკა ტალახაძე სოსოს ამ ოცნების ახდენაში ეხმარება.
„მადლობა ღმერთს, მაკა რომ გამომიგზავნა, – ამბობს სოსო, – მისი დახმარებით კითხვას ვსწავლობ. მას შემდეგ, რაც პერსონალური ასისტენტი მემსახურება, თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია“.
მაკა ტალახაძე დეისში მოლითიდან ფეხით დადის. ის აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორ პირს ემსახურება. სოსო ამ პროგრამაში მაკამ ჩართო.
„სოსოს მდგომარეობას კარგად ვიცნობდი, – ამბობს მაკა ტალახაძე, – მას 96 წლის მოხუცი ბებია და უმცროსი ძმა ჰყავს. სანამ ბებია ძალიან მოხუცდებოდა, სოსოს ის უვლიდა. ახლა კი სოსო ძმაზეა დამოკიდებული. მამა თბილისში მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს.
პერსონალური ასისტენტის ტრენინგებს რომ გავდიოდით, ჩემს წარმოსახვაში სოსოსთან სამუშაო გეგმას ვწერდი. ეს პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სოსოს და ამ პროგრამაში ჩართულ კიდევ ორ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ვეხმარები. მათი პირადი ჰიგიენის დაცვა ჩემი ვალდებულებაა. ერთად ვამზადებთ საჭმელს. ტრენინგებზე ფოტო და ვიდეო მასალებით ყველაფერი შევისწავლეთ და ვცდილობ, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო.
სოსოს ურჩევნია, მეტი დრო კითხვის შესწავლას დავუთმოთ. ასო-ბგერების შესწავლით როცა დაიღლება, შემდეგ ბიბლიის წაკითხვას მთხოვს. გასაოცარი მეხსიერება აქვს. ზუსტად ახოვს ის ადგილი, სადაც რამდენიმე დღის წინ კითხვა შევწყვიტეთ.
ახალი წელი გვიახლოვდება და სახლში შესაბამისი გარემო უნდა შევქმნათ. მე და სოსომ პატარა ნაძვის ხეები დავამზადეთ.
სოსო საწოლსაა მიჯაჭვული. ვცდილობ, დავანახო გარე სამყარო, რომელიც მისი ოთახიდან არ ჩანს. მას ადამიანებთან ურთიერთობა არ უჭირს, საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია. კარგი ამინდები რომ დადგება, ვგეგმავ, რომ ის ეზოში გავიყვანო და საწოლი გარეთ მოვუწყო.
ბენეფიციარებთან ურთიერთობისას დროში შეზღუდული რომ არ ვიყო, მეტ რამეს შევძლებდი. სოსოსა და სხვა ბენეფიციარების ხასიათი იმდენად კარგად შევისწავლე, რომ რა სურთ, მათი ერთი გამოხედვითაც კი ვხვდები“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამის დანერგვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი – ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე), ხარაგაულის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტით „უკეთესი მომავლისათვის“.
აღნიშნული პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, – დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ინკლუზიური გარემოს შექმნისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.
ასოციაცია „ანიკა“, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურების განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“ (ვიდეო)
„ღმერთისგან გაჩენილები“ მათთვის, ვინც ღვთის ანაბარაა
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის სპეციალისტებისთვის ტრანსპორტირების თანხა აუცილებელია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი