ასოციაცია „ანიკა“, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურების განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, – დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ინკლუზიური გარემოს შექმნისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.
ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაბიჯი – ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე), ხარაგაულის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს – „უკეთესი მომავლისათვის“. ეს პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს.
როგორ მიმდინარეობს და რა გამოწვევები გამოიკვეთა ხარაგაულში ამ პროექტის განხორციელებისას, ამის შესახებ ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი რუსუდან გურგენიძე გვესაუბრება.
– შინმოვლის პროგრამა ხარაგაულში, ვფიქრობ, წარმატებით ხორციელდება, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – ძალიან ბევრი კმაყოფილი ბენეფიციარი გვყავს, რაც ამ მომსახურების აუცილებლობაზე მეტყველებს. შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტები ამბობენ, რომ ვერც კი წარმოედგინათ, თუ ამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო ეს პროგრამა ამ მომსახურების მიმღებთათვის. ბენეფიციარები დიდი კმაყოფილებასა და მადლიერებას გამოხატავენ.
დონორის რეკომენდაციით, პროგრამაში ახალი ბენეფიციარების ჩართვა შევაჩერეთ, რადგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაცილებით ბევრი პოტენციური ბენეფიციარი აღმოჩნდა, ვიდრე დღეისათვის მათი მომსახურებისთვის საჭირო რესურსები გაგვაჩნია.
ამჟამად პროგრამაში 60 ბენეფიციარია ჩართული და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების მხოლოდ ნაწილს მოვიცავთ. ამ ეტაპზე შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისს ვერ ვაწვდით დაბა ხარაგაულში, ღორეშაში, სარგვეშში, მარელისში, ხიდარში, ვარძიაში, საქარიქედსა და თეთრაწყაროში.
პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის სპეციალისტის ანაზღაურება ახლა ფიქსირებულად გაიცემა. 2023 წლიდან მათ გაწეული საქმიანობა საათობრივად აუნაზღაურდებათ.
თავიდან ამ პროგრამას სოფლებში პოტენციური ბენეფიციარები საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. ფიქრობდნენ, რომ ეს მომსახურება არ იქნებოდა ისეთი, რაც მათ სჭირდებათ. ახლა, როცა ნახეს როგორი სერვისია, უკვე მოთხოვნადი გახდა და ბევრს უნდა, რომ ჩაერთოს. ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობას ჩვენი პერსონალი ვეღარ გაწვდება და შესაძლოა, დამატება დაგვჭირდეს, რასაც ახლა ვერ შევძლებთ.
შინმოვლის პროგრამის სპეციალისტები (ექთნები) ბენეფიციარებს უწევენ საექთნო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას: წნევის გაზომვა, ექიმის დანიშნულებით ინექციის გაკეთება და მედიკამენტების მიღებაში დახმარება.
პერსონალური ასისტენტები, ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უნარების გაძლიერებაზე მუშაობენ; მაგალითად, დეისში მცხოვრებ ბენეფიციარს კითხვის შესწავლა სურს და მას პერსონალური ასისტენტი კითხვას ასწავლის. ხუნევსა და ვერტყვიჭალაში ბენეფიციარებს ასისტენტის დახმარება სახლიდან გასვლასა და პენსიის აღების დროს სჭირდებათ. პერსონალური ასისტენტის საქმიანობა კონკრეტული ბენეფიციარის საჭიროებებზეა მორგებული. ისინი ამ პროგრამით მოსარგებლეებს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მოწესრიგებში.
პერსონალური ასისტენტის ფუნქციაა, რომ მან კი არ უნდა გაუკეთოს, არამედ მიეხმაროს, რომ ბენეფიციარმა თავად გააკეთოს, საჭიროდ იგრძნოს თავი, უნარები განუვითარდეს, საკუთარი შესაძლებლობები გაეზარდოს.
პირველ ეტაპზე შინმოვლის 24 სპეციალისტი და 8 პერსონალური ასისტენტი დავატრენინგეთ.
დღეისათვის, 60 ბენეფიციარიდან 15 პერსონალური ასისტენტის მომსახურებას იღებს, 45 ბენეფიციარს შინმოვლის პროგრამა ესაჭიროება. თუმცა, არის შემთხვევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შინმოვლის მომსახურებაც სჭირდება.
ამ პროგრამაში ჩართულია ექიმი და თუ ბენეფიციარების საჭიროება მოითხოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ექიმი ერთვება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის განხორციელებისას ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც თავიდანვეც ვხედავდით, სპეციალისტების ტრანსპორტირების პრობლემაა. ხარაგაულში სოფლები ერთმანეთისგან იმდენად დაშორებულია, რომ გამორიცხულია, ერთ სოფელში მცხოვრებმა შინმოვლის სპეციალისტმა ან პერსონალურმა ასისტენტმა სხვა სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების მომსახურება შეძლოს.
ვცდილობთ, პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებს მივეხმაროთ, რომ მუშაობისთვის სტიმული გაუძლიერდეთ. ახალი წლიდან საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა, ვფიქრობთ, პერსონალის მეტად დაინტერესებას გამოიწვევს, რომ პროგრამაში უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთოს.
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა მიმდინარე წელს სრულად დონორის დაფინანსებით ხორციელდება. თუმცა, ხარაგაულის თვითმმართველობა დაინტერესებულია, რომ პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს.
სოფლებში მერის წარმომადგენლების დახმარებით შევარჩიეთ ბენეფიციარები. სწორედ მათ მოგვაწოდეს სავარაუდო ბენეფიციართა სიები, რადგან მერის წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იციან, მათ სოფელში ვის რა სახის დახმარება სჭირდება. მომავალი, 2023 წლიდან თანადაფინანსებაში ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა ერთვება და ვფიქრობ, მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება, რომ პროექტი წარმატებით გაგრძელდეს“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – შინმოვლის ექსპერტი მერი ვაშაკიძე და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი რუსუდან გურგენიძე მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრაზე;
ამავე თემაზე:
შინმოვლის პროგრამის თანადაფინანსებისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო
ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროგრამა ხარაგაულისთვის
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი