„ბავშვები განსაკუთრებულად თუ არ გიყვარს, პედიატრად ვერ იმუშავებ.
ზოგჯერ საკუთარი შვილები აღარ მახსოვდა, ისე ვიყავი ჩართული მძიმე პაციენტების მკურნალობაში.
ღამეების გათენებაც მიწევდა და უზომოდ შრომაც. თუმცა, ბავშვს რომ გამოვაჯანმრთელებ, დაღლილობა მავიწყდება, – ამბობს ექიმი პედიატრი ნანი არევაძე.
ნანი ექიმი, 37 წელია, ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობს. სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა ხარაგაულის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ექიმ ორდინატორად დაიწყო.
მაშინ 25 წლის ვიყავი, – იხსენებს ნანი ექიმი, – ბავშვთა განყოფილებაში უამრავი პაციენტი იწვა. ძალიან წარმატებული, მაღალი დონის პროფესიონალი, ავტორიტეტული ექიმები – ლოლა გურგენიძე და მერი გოგიჩაძე დამხვდნენ. ფაქტობრივად, როგორც ექიმი, მათ გვერდით გავიზარდე.
წლების შემდეგ, როცა ხარაგაულის სამშობიაროდან ექიმი გიზო მანჯავიძე წავიდა, ნეონატოლოგად გადავმზადდი. ეს პედიატრობაზე რთულია, რადგან ორი ადამიანის – დედისა და შვილის სიცოცხლე გაბარია. შესაძლოა, ახალშობილის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდეს. ამიტომ სულ ყურადღებით უნდა იყო.
ჩემი უფროსი კოლეგები პენსიაზე რომ გავიდნენ, საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგე გავხდი. ორ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პედიატრის ყოფნა სარისკოა. ამას დაერთო უშუქობა, სიცივე…
ბავშვებში მრავალჯერ მძიმე დაავადება დამიმარცხებია. თუმცა, ყველა შემთხვევა აღარც მახსოვს. ქუჩაში დღესაც მხვდებიან მშობლები და მეუბნებიან, – ნანი ექიმო, მადლობა, რომ შვილი გადამირჩინეთო. ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემმა შვილებმა – ნათიამ და სალომემ ექიმობა რომ გადაწყვიტეს, მაინცდამაინც არ გამხარებია, რადგან ექიმი პირად ცხოვრებას საკმარის დროს ვერ უთმობს. ჩემი სპეციალობა ძალიან მიყვარს და სხვა საქმეში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჩემი შვილები რთული ცხოვრებისთვის არ მემეტებოდნენ.
ნათია ინგოროყვას კლინიკასა და ხარაგაულის საავადმყოფოში ექოსკოპისტად მუშაობს. სალომემ სტომატოლოგიური დაამთავრა და ამჟამად 112-ში ჰოსპიტალიზაციის მენეჯერია.
ახლა მედიცინა ძალიან განვითარებულია. წლების განმავლობაში ფონენდოსკოპით ვადგენდით ფილტვის ანთებას, გულის შუილს. მახსოვს, ერთი პაციენტის გულის მუშაობა არ მომეწონა და მშობელს გამოკვლევების ჩატარება ვურჩიე. გულის ურთულესი მანკი დაუდგინდა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.
დღეს ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები, კრუნჩხვა, დიარეა, დიზენტერია თითქმის აღარ გვხვდება. ამის მიზეზია ის, რომ ამ დაავადებების წინააღმდეგ იმუნიზაცია ტარდება.
სხვათაშორის, ბავშვებს, რომელთაც აცრები კალენდრის მიხედვით აქვთ ჩატარებული, კოვიდი შედარებით მსუბუქად გადააქვთ.
გასულ წლებში დედები შვილებს ძუძუთი ნაკლებად კვებავდნენ. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ეს ძალიან კარგია. ყველას ვურჩევ, ბავშვს ძუძუ ექვს თვემდე მაინც აწოვონ.
ძუძუთი კვების დროს პატარას დედიდან გადაეცემა უამრავი ანტისხეული, რაც დაავადებებისგან იცავს. ძუძუნაწოვი ბავშვები უფრო თბილები არიან და მშვიდი ნერვული სისტემა აქვთ.
6 თვის ასაკიდან პატარას დამატებით შეიძლება ფაფა, ბულიონი, მაწონი, კვერცხის გული, წიწიბურა და ჰერკულესი მივცეთ.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო ხელოვნურ ადაპტირებულ საკვებს უფასოდ აძლევს. ამისთვის ექიმი ფორმა #100 შეადგენს, რომელიც ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოში მიაქვს. პროგრამაში ჩართვის შემდეგ ხელოვნური საკვები ოჯახმა სპეციალური ვაუჩერით აფთიაქში უნდა შეიძინოს.
ხელოვნური საკვები ძალიან ძვირია და დედებს სულ ვურჩევ, შვილები ძუძუთი ხანგრძლივად, ერთ წლამდე, კვებონ. დედის რძეს ვერც ერთი იდენტური საკვები ვერ შევცლის.
– ნანი ექიმო, რამდენად მოჰყავთ შვილები მშობლებს პედიატრთან პროფილაქტიკისთვის და შეუშალა თუ არა ხელი მათ გეგმიურ ვიზიტებს კორონავირუსის პანდემიამ?
– დაბადებიდან ათი დღის შემდეგ ახალშობილი ექიმმა თავად უნდა მოინახულოს. ერთი თვიდან პროფილაქტიკური აცრები ტარდება. ამ დროიდან რაქიტის პროფილაქტიკასაც ვიწყებთ. ვნახულობთ, როგორ მოიმატა ბავშვმა სიგრძესა და წონაში.
ეპიდემიამ პაციენტებს დაგვაშორა. ბევრს საავადმყოფოში მოსვლის ეშინია. ამიტომ, ძირითადად, სატელეფონო კონსულტაციებს ვუწევთ.
აცრებისთვის ვცდილობთ, სხვადასხვა დროს დავიბაროთ, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ. ხარაგაულში, პანდემიის მიუხედავად, ბავშვთა აცრების ასპროცენტიანი მოცვა გვაქვს.
ერთი წლის ასაკში აუცილებელია შევამოწმოთ ბავშვის კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა, ფსიქომოტორული განვითარება, ტერფისა და მენჯის ძვლების მდგომარეობა.
სხვათაშორის, პამპერსებმა მენჯ-ბარძაყის პათოლოგიები თითქმის გამორიცხა. პამპერსი ბარძაყის ძვლის თავს მენჯის ძვალში კარგად აფიქსირებს და ამოვარდნილობის რისკი ნაკლებია. აკვანში ბავშვის ჩაწოლისას ზოგჯერ ჩვენვე ვიყავით პატარების დაკოჭლების მიზეზი.
სამ წლამდე პედიატრთან წელიწადში სამი ვიზიტი აუცილებელია – უნდა დავაკვირდეთ, ბავშვი როგორ ვითარდება. ახლა პატარა ასაკიდან ტელეფონს მიეჯაჭვნენ. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ამას ჯობია, შვილს ზღაპარი, ლექსები წაუკითხო, ნახატი აჩვენო.
– ნანი ექიმო, დღეს სერიოზული პრობლემაა წამლების სიძვირე.
– მოზრდილი ასაკის მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტების პროგრამა დიდი შეღავათია. მე საღანძილის ამბულატორიის ექიმიც ვარ. მოზრდილ პაციენტთა უმრავლესობას ჰიპერტონული დავაადებები აწუხებს და ისინი წნევის, ბრონქიალური ასთმის, დიაბეტის წამლებს უფასოდ იღებენ. ბავშვების წამლები, ვიტამინები, საკვები თითქმის ხელმიუწვდომელია.
ამიტომ სულ ვცდილობ, ისეთი მედიკამენტი შევურჩიო, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა რომ გაწვდება.
– თქვენ, როგორც ოჯახის ექიმი, რას გვეტყვით, რამდენად ხელმისაწვდომია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრები.
– აცრები ხელმისაწვდომია, მაგრამ პრობლემაა ის, რომ აცრის მსურველი ცოტაა. ხშირად მეკითხებიან, ნანი ექიმო, რა ვქნათ, ავიცრათ თუ არა, თქვენ აცრილი ხართო?
მე, რა თქმა უნდა, აცრილი ვარ. ახლახან ბუსტერ დოზაც გავიკეთე. ორი წელია, რაც ქვეყანაში კოვიდპანდემია მძვინვარებს და მისი დამარცხების გზა აცრაა.
აცრილს, კოვიდი თუ შეხვდა, მსუბუქად გადააქვს. ჩემი უბნიდან, ვისაც აცრა სურს, მეუბნებიან, თქვენ რომ იქნებით საავადმყოფოში, აცრისთვის მაშინ მოვალთო. ოჯახის ექიმი ეიმედებათ, რადგან მათი ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერი ვიცი.
სამწუხაროდ, ახალგაზრდები, ექიმის პროფესიას რომ დაეუფლებიან, რაიონებში ნაკლებად ბრუნდებიან. არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის.
მე სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია. როგორც შემეძლება, ჩემს ხარაგაულელებს ისე უნდა ვემსახურო. ცუდადაც რომ ვიყო, თუ ვინმეს ვჭირდები, ჩემი ავადმყოფობა მავიწყდება და პაციენტთან ყოველთვის შემართებით მივდივარ. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.
ჰიპოკრატეს ფიცი გვაქვს დადებული, ახლა ჟენევის დეკლარაციას ეძახიან; თუმცა, შინაგანად თუ ექიმი არ ხარ, ფიცის დადება არაფერს ცვლის. ყველა პაციენტი თავისებურად მიყვარს, მაგრამ ბავშვების სიყვარულს ვერაფერს შევადარებ.
ნინო კაპანაძე
ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი დღეს გმირია და ომის წინა ხაზზე იბრძვის – ირინე ბიბიჩაძე
2023 წელს ასი წლის გავხდები – შალვა გელაშვილი
„ჩვენი თანაცხოვრების სამოცმა წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა“
თამარ სულიაური – „მასწავლებლის წარმატება ქვეყნის განვითარების საწინდარია“
ახალგაზრდები შრომას უნდა შევაჩვიოთ, – საკუთარი შემოსავლით უფრო ძლიერი ხარ – მარინე გოგია
დაცლილი სოფელი დაცლილ ქვეყანას ნიშნავს – იზა ბუაჩიძე
ზალიკო ბოჟაძე – კაცი რომ ვაზს უვლის და მარანი აქვს, საქართველოდან არ გაიქცევა
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების