ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორსა და მსახიობს, ხარაგაულის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, ოთარ აბაშიძეს 23 ივლისს 102 წელი შეუსრულდებოდა.

დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში, 1923 წლის 23 ივლისს. 1941 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა კულტურის სფეროში. სხვადასხვა დროს იყო ხარაგაულის თეატრის მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, კულტურის განყოფილების გამგე; 1961-1967 წლებში – ხარაგაულის სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი, 1967-83 წლებში – კულტურის სახლის დირექტორი.

წლების განმავლობაში ნიჭიერი, ნაკითხი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი ოთარ აბაშიძე ხარაგაულში ჩატარებული ყველა ღონისძიების სცენარისა და ტექსტის ავტორი, რეჟისორი და წამყვანი იყო.

ხარაგაულის თეატრის სცენაზე მისი რეჟისორობით დაიდგა შემდეგი პიესები: კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, ნ. ანანიაშვილის და დ. როსტომაშვილის „პროფესია“, ე. რანეტის „გზააბნეული შვილი“, ნ. არეშიძის „შენ ჩემი შვილი არა ხარ“, მ. გოგიაშვილის და ვ. პატარაიას „კომედიების საღამო“, სიმონ მთვარაძის „სახსოვარი“, ლ. მილორავას „კერპჯიუტა“, ც. სოლოდარის „ერთი დღე აგარაკზე“და სხვ.

დღეს ხარაგაულის სახალხო თეატრი ოთარ აბაშიძის სახელს ატარებს.

მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გახსენება ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობს ნიკო დეკანოსიძეს ვთხოვეთ.

„ჩემი და ოთარ აბაშიძის ოჯახები ახლობლობდნენ და ამიტომ ბატონი ოთარი ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, – გვიამბობს ნიკო დეკანოსიძე, – ბიცოლას, ნინიკო სახვაძეს მის ოჯახში ხშირად დავყავდი. ნინიკოს და – ქალბატონი ქეთევან სახვაძე, ათეული წლების განმავლობაში ხარაგაულის ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი, – ოთარ აბაშიძის მეუღლე იყო.

ოთარ აბაშიძე თავისი ნიჭიერებით, საქმისადმი დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით არაჩვეულებრივ სპექტაკლებს დგამდა.

13 წლის ვიყავი, თამაზ კიკნაძის დადგმულ სპექტაკლში, „სად იყო ჭკუა ანუ ჭირვეული მოხუცი“ ერთ-ერთი ეპიზოდური როლი რომ ვითამაშე. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ საუკეთესო მსახიობები – თამაზ კიკნაძე, ჯონდო გიორგაძე, ელგუჯა დეკანოსიძე, პაშა გიორგაძე, როლანდი ხიჯაკაძე, როლანდი ბაკურაძე, ვაჟა სვანიძე და ლია თანიაშვილი. ოთარ აბაშიძე მაშინ კულტურის სახლის დირექტორი იყო.

ეს სპექტაკლი, ხარაგაულის თეატრს, სპეციალისტებისგან სათანადო შეფასების შემდეგ, სახალხო თეატრების რეგიონალურ კონკურსზე უნდა წარედგინა. სპექტაკლზე დრამატურგი როსტომ ყენია და თეატრმცოდნე ნუნუ დოღაძე გვესწრებოდნენ. განხილვისას, თითქოს, კონკურსზე წარდგენისგან თავს იკავებდნენ.

ბატონმა ოთარმა სპექტაკლი თავიდან ბოლომდე გაარჩია და გაანალიზა – დეტალურად ახსნა კვანძის გახსნა, შეკვრა, მოქმედების განვითარება. ბოლოს იკითხა, – აბა, რა არის აქ შესაცვლელიო?! სპეციალისტებმა ვერაფერი თქვეს.

მართლაც, იმ სპექტაკლმა დიდი წარმატება მოგვიტანა – როლანდ ხიჯაკაძემ მთავარი როლის, ხოლო მე ეპიზოდური როლის შესრულებისთვის პრიზები დავიმსახურეთ. როსტომ ყენია შემდეგ ჩემი ლექტორი იყო და ლექციაზე ბატონი ოთარის ნიჭიერებაზე არაერთხელ უსაუბრია.

ოთარ აბაშიძის დამსახურებაა, ხარაგაულის არა მარტო თეატრის, არამედ მომღერალთა გუნდების, მთლიანად მაშინდელი ხარაგაულის კულტურის წარმატება.

ზაფხულობით საკონცერტო ბრიგადები იქმნებოდა. დავდიოდით ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონების სოფლებში. საკონცერტო პროგრამების სცენარსა და ტექსტს ბატონი ოთარი წერდა. შემდეგ ჩვენ, მსახიობები, თამაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით ყველგან წარმატებით გამოვდიოდით.

ოთარ აბაშიძის ხელმძღვანელობით ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა დიდი წარმატება მოიპოვა პოლონეთში საერთაშორისო ფესტივალზე.

…გესაუბრებოდა როგორც თანატოლსა და თანასწორს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ხარაგაულის კულტურის სახლში მუშაობა ინსტრუქტორად დავიწყე. დღემდე მახსოვს მისი სასარგებლო რჩევები. არა მარტო თეატრზე, არამედ, ზოგადად ხელოვნებაზე, ცხოვრებაზე მესაუბრებოდა.

ძალიან ბევრს კითხულობდა და ყველას ამას გვირჩევდა. წერდა ლექსებს, თუმცა არასდროს აქვეყნებდა. ძალიან თავმდაბალი იყო, საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა. ბედნიერი ვარ, ოთარ აბაშიძისნაირი კეთილშობილი, განათლებული, ნიჭიერი პიროვნების გვერდით რომ ვმუშაობდი.

მას ძალიან უყვარდა ხარაგაული და ხარაგაულელები. შესაძლებლობა ჰქონდა სხვაგან წასულიყო, მაგრამ მან თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ხარაგაულის კულტურის განვითარებას მოახმარა.

1983 წელს 60 წლის გახდა და კულტურის სახლის დირექტორის თანამდებობა დატოვა. „მზის გულიდან ჩრდილში დავდექ, ავთა კაცთა გადამკიდე“, – ეს სტრიქონი მახსოვს მისი იმ დროს დაწერილი ლექსიდან. შემდეგ ხალხური სიმღერების ანსამბლი შექმნა. ნიჭიერ ხარაგაულელებს მოუყარა თავი. თავადაც შესანიშნავად მღეროდა.

1994 წელს ოთარ აბაშიძემ ხარაგაულის კინოთეატრში გარდაცვლილი ხარაგაულელი  ხელოვანების ხსოვნის დაუვიწყარი საღამო გამართა.

1996 წლის 20 ივლისს, 73 წლის ასაკში ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან ბატონი ოთარ აბაშიძე. თავისი თანამედროვეებისგან დაფასებულიც იყო. ამაზე მეტყველებს მისი ჯილდოები, სიგელები, მედლები. ოთარ აბაშიძეს ბრწყინვალე ოჯახი ჰყავდა – მეუღლე ქეთევან სახვაძე, ვაჟი დავითი, რძალი მარინე ქურხული და შვილიშვილი ქეთევან აბაშიძე.

ღირსეული მშობლების ხსოვნას დიდ პატივს მიაგებენ დავითის ოჯახსა და სანათესაოში. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ, ხარაგაულელებს, მეტად გვმართებს ოთარ აბაშიძის სახელის უკვდავყოფა. ხარაგაულში ოთარ აბაშიძის ბიუსტი აუცილებლად უნდა გვქონდეს, ერთი კარგი ღონისძიება უნდა მივუძღვნათ ამ დიდებული ადამიანის ხსოვნას“.

ნინო კაპანაძე