ხარაგაულის საავადმყოფოსა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმ ირინე ბიბიჩაძეს კორონავირუსი აგვისტოში დაუდასტურდა.

რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, თუმცა მედპერსონალის პროფესიონალიზმის შედეგად ირინე ექიმი გამოჯანმრთელდა და კვლავ პაციენტთა სამსახურში ჩადგა.

„კორონავირუსი, სავარაუდოდ პაციენტისგან გადამედო. ზოგიერთი მათგანი 112 გამოძახებისას მალავს, რომ ტემპერატურა აქვს, ან დაავადებულთან შეხება ჰქონდა. ამის გამო პაციანტთან, როგორც არაკოვიდინფიცირებულთან, ეკიპირების გარეშე წავედით. ავადმყოფი კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც covid-19 დაუდასტურდა.

პირველ ეტაპზე კორონავირუსის მქონე პაციენტებს  სახსრების, ძვლებისა და კუნთების ტკივილი აწუხებთ, ზოგ მათგანს უმადობა, მოდუნება და ტემპერატურული რეაქციებიც აღენიშნება.

კორონავირუსს, ისევე როგორც ნებისმიერ დაავადებას, სიმპტომურად უნდა ვუმკურნალოთ. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტი იქნება, შეიძლება მიიღონ პარაცეტამოლი და სიცხის დამწევი სხვა საშუალებები.

მიღებულია, რომ უფროსი თაობის ადამიანებმა პარაცეტამოლი დღეში ორჯერაც დალიონ, მიუხედავად  იმისა ტემპერატურა აქვთ თუ არა.  ხველებისთვის ნებისმიერი მიქსტურა ან წამლის მიღება შეიძლება.

თუ სახსრებისა და კუნთების ტკივილი ან მოდუნება გაქვთ, იბუპროფინი, ინდომეტაცინი ან დიკლოფენაკი გამოიყენეთ. კორონავირუსის დადასტურებიდან 24 საათში გიკავშირდებათ კოვიდ ექიმი, რომელიც დისტანციურად მართავს პაციენტს. საჭიროების შემთხვევაში, აგზავნის გადაღებებსა და კვლევებზე. თუ კოვიდექიმი არ დაგიკავშირდათ რეკავთ 112-ში, ეუბნებით, რომ  ხართ კოვიდდასდასტურებული და ითხოვთ კოვიდ ექიმის დაკავშირებას.

კორონავირუსის დადასტურებიდან პირველ დღეებში საავადმყოფოში არ წავედი და დაავადების მკურნალობას სახლში ვცდილობდი.

საავადმყოფოებში მსუბუქი სიმძიმის პაციენტები წვანან, მაშინ როცა ზოგიერთ დაავადებულს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ახლაც საავადმყოფოები გადატვირთულია და სასწრაფოს ექიმებს პაციენტებისთვის ადგილის გამონახვა ძალიან გვიჭირს.

რამდენიმე დღეში ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმ რეანიმატოლოგის, სოსო სეფაშვილის დაჟინებული მოთხოვნით რეანიმაციული ბრიგადით ხაშურის „გორმედის“ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი დღეს გმირია, ყველა მათგანი ომის წინა ხაზზე იბრძვის და მე, თვითონ ექიმი, ყველა მათგანის წინაშე ქედს ვიხრი.

ხაშურის საავადმყოფოს ექიმები საუკეთესოები აღმოჩნდნენ. დაავადება იმდენად მომერია, რომ მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კი გახდა, მაგრამ ექიმების დიდი პროფესიონალიზმისა და უფლის წყალობით გამოვჯანმრთელდი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ხარაგაულელს, ასეთი სიყვარულისა და სითბოს გამოვლენისათვის, ეს დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტებს გარკვეული ჩივილები აქვთ – ზოგიერთ პაციანტს ტაქიკარდია, ნერვული სისტემის დაძაბულობა აღენიშნება. დაავადება მეხსიერებაზეც მოქმედებს, ხშირია ალერგიული ჩივილებიც, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში გაივლის, თუმცა სიმპტომური მკურნალობაც აუცილებელია.

სამწუხაროდ, აცრილი არ ვიყავი. კორონავირუსი რომ დამისადტურდა, აცრას იმ კვირაში ვაპირებდი. შეიძლება აცრა 100 %-ით არ იცავს კოვიდ ინფექციისგან, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს დავადების სიმძიმეს.

ველოდები, როდის გავა ინფიცირებიდან 3 თვე , რომ ავიცრა. ვაქცინაციის გზით კაცობრიობამ უამრავი დაავადება დაამარცხა და ამ დაავადებასაც მხოლოდ ამით გავუმკლავდებით.

თამთა გოგოლაძე